GE

თიკო ბარათაშვილმა, კოსმოსური პლაზმის ფიზიკაში ვინჩენზო ფერაროს პრიზი მიიღო

17 ოქტომბერი 2026

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებულმა, თიკო ბარათაშვილმა, კოსმოსური პლაზმის ფიზიკაში ვინჩენზო ფერაროს პრესტიჟული საერთაშორისო პრიზი მიიღო. მას 2026 წლის ჯილდო სადოქტორო ნაშრომისთვის მიენიჭა.

ვინჩენზო ფერაროს საერთაშორისო პრიზი 2008 წელს დაარსდა და ყოველწლიურად კოსმოსური პლაზმის ფიზიკის სფეროში საუკეთესო სადოქტორო ნაშრომისთვის გაიცემა. გამარჯვებულს დარგის წარმომადგელებისგან შემდგარი კომისია არჩევს. ჯილდო ატარებს ვინჩენზო ფერაროს სახელს, მეცნიერის, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მაგნიტოჰიდროდინამიკის განვითარებასა და დედამიწის მაგნიტოსფეროს პირველი მოდელების შექმნაში.

თიკო ბარათაშვილმა მაგისტრატურა ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის ასტრონომიისა და ასტროფიზიკის ინსტიტუტში დაასრულა, ხოლო სადოქტორო დისერტაცია ამავე უნივერსიტეტის მათემატიკური პლაზმის ასტროფიზიკის ცენტრში დაიცვა. მისი სადოქტორო კვლევა მზიდან დედამიწამდე კოსმოსური ამინდის მოდელირებას ეხებოდა. თინათინმა შეისწავლა მზის გვირგვინში მიმდინარე რთული ფიზიკური პროცესები და მათ რიცხვით მოდელირებაზე იმუშავა მოდელ COCONUT-ის გამოყენებით. კოსმოსური ამინდის ზუსტი და სწრაფი პროგნოზირებისთვის მან ასევე განავითარა ჰელიოსფეროს აღმწერი ახალი რიცხვითი მოდელი - Icarus. მისი კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში და ფართოდ გამოიყენება კოსმოსური ამინდის პროგნოზირებისთვის.

ის ფლანდრიის სამეცნიერო ფონდის პოსტდოქტორანტი მკვლევარია. ამჟამად იგი შეისწავლის მზის გლობალური მაგნიტური ველის ცვალებადობასა და მის გავლენას მზის ქარის სტრუქტურაზე.

თიკო ბარათაშვილი 2025 წელს Forbes-ის Under 30-ის გამარჯვებული გახდა განათლებისა და მეცნიერების კატეგორიაში.

Tiko