GE

ნია აფციაური Université PSL-ის კოგნიტური მეცნიერების სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის

21 სექტემბერი 2023

თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებული ნია აფციაური სწავლას საფრანგეთში, Université Paris Sciences & Lettres-ში  (PSL) აგრძელებს. ნია კოგნიტური მეცნიერების ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის. 


მან მოიპოვა Campus France-ისა და განათლების საერთაშორისო ცენტრის ერთობლივი სტიპენდია - France Excellence 2023/24, რაც მისი სწავლისა და პარიზში ცხოვრების ხარჯებს სრულად დაფარავს.

ნია ასევე მიიღეს იტალიაში University of Trento-ს კოგნიტური ნეირომეცნიერების ფაკულტეტზე სწავლის 80%-იანი დაფინანსებით და Erasmus Mundus-ის ენისა და კომუნიკაციების ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამაზეც (LCT), თუმცა საბოლოოდ ნიამ PSL-ში CogMaster-ზე არჩია სწავლა.


“მართვის სკოლაში დაბნეულ სტუდენტად მივედი. ახლა, 6 წლის შემდეგაც დაბნეული სტუდენტი ვარ, ამჯერად კოგნიტური მეცნიერების სამაგისტრო პროგრამაზე. თუმცა ფუნდამენტური განსხვავება ისაა, რომ ამჯერად ამგვარ ბუნდოვანებებს მეტი აღტაცებით ვუყურებ. ჩემი ეს ახლებური მიმართება კი სწორედ მართვის სკოლაში მიღებული გამოცდილების შედეგია. 

ჩემი განათლების გზა რომ სწორხაზოვანი არ იქნებოდა მართვის კურიკულუმის ნახვისთანავე ვიცოდი. ასეც მოხდა - უამრავი ახალ ინტერესი და აღტაცების საგანი აღმოვაჩინე და უფრო მეტადაც დავიბენი. თან დასაწყისში ჯერ კიდევ მჯეროდა, რომ ამ გზას მომავლის შესახებ ერთ, აბსოლუტურ სიცხადემდე უნდა მივეყვანე - აბა, სად გაგონილა, ფილოსოფიაც მოგწონდეს, ლიტერატურაც, ანთროპოლოგიაც, ფრანგული ენაც და ლაბორატორიული კვლევებისკენაც გეჭიროს თვალი?!

კოგნიტურ მეცნიერებასაც თვითგამორკვევაზე შფოთვით, დამოუკიდებელი წიაღსვლებით და უნივერსიტეტში კულტურული და კოგნიტური ფსიქოლოგიის საგნის გავლით მივაგენი. ასე გავიგე, რომ არსებობს სფერო, სადაც სხვადასხვა დისციპლინის პრიზმიდან იკვლევენ ადამიანის გონებას, მენტალურ ფუნქციებს და ცნობიერ გამოცდილებებს. ამ კვლევა-ძიებაში განსაკუთრებით ლინგვისტიკამ მიმიზიდა - იმან, თუ როგორ მონაწილეობს ენა თავისი სოციო-კულტურული ველით სამყაროს აღქმის ფორმირებაში. მესამე კურსზე Junior პროექტი “დრო, როგორც ნეიროლინგვისტური კონსტრუქცია” ნუცა ბათიაშვილის ხელმძღვანელობით დროის მეტაფორების შესახებ დავწერე. მოგვიანებით კი მულტიდისციპლინურ საბაკალავრო ნაშრომში 2008 წლის ომის მოგონებებში ტრავმის მეტაფორები, ასევე ნუცას დახმარებით, თავად ვიკვლიე.

როცა მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელება კოგნიტური მეცნიერების მიმართულებით გადავწყვიტე, არ მინდოდა თავი მხოლოდ ლინგვისტიკისადმი ინტერესით შემეზღუდა. CogMaster კი ლინგვისტიკასთან ერთად მეცნიერების ყველა ძირითადი მიმართულების თეორიული კურსებითა და ინტენსიური კვლევითი კომპონენტით ჩემთვის განსაკუთრებით კომფორტული და მრავალფეროვანი პროგრამა აღმოჩნდა. 


ჩემი გადაწყვეტილება იმანაც გაამყარა, რომ Université PSL მსოფლიო უნივერსიტეტების სხვადასხვა რეიტინგის მიხედვით 50 საუკეთესოში შედის და საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში კოგნიტური და ტვინის კვლევის უამრავ ლაბორატორიასთან თანამშრომლობს. 


ისე გამოვიდა, რომ მაგისტრატურის ფაკულტეტსაც ზოგადი და მასშტაბური სახელი ჰქვია, არც მომავლისკენ მზერაში შესულა სიცხადე, მაგრამ ახლა გამოცდილებით ვიცი - რაც მეტ ახალ მიმართულებას მოვსინჯავ, მეტად დავიბნევი და მეტი რამ აღმაფრთოვანებს, შანსებიც მეტი მაქვს, რომ ჩემი აკადემიური და პროფესიული ცხოვრება მრავალფეროვანი და სასიამოვნო იქნება.”

Untitled 1 (2)