GE

ანი კახიძე Lund University-ში აგრძელებს სწავლას

02 ოქტომბერი 2023

თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებული ანი კახიძე სწავლას შვედეთში, Lund University-ში გააგრძელებს მედიისა და კომუნიკაციების სამაგისტრო პროგრამაზე. ანის სწავლას სრულად აფინანსებს შვედეთის მთავრობა.

"მეორე კურსზე ქართული აზრის ისტორიის სწავლა დავიწყეთ, სადაც ჩემთვის მთავარი მიგნება თაობათა მჭიდრო კავშირი იყო - როგორ გროვდებოდა ინტელექტუალური მემკვიდრეობა და როგორ ეცადა ჩვენი პოლიტიკური ელიტა მეოცე საუკუნის დასაწყისში მოდერნული სახელმწიფოს შექმნას. სწავლისას გაჩნდა კითხვა - რა არის ჩემი, როგორც მოქალაქის - ამ დიდი ჯაჭვის ნაწილის, პასუხისმგებლობა და როგორ უნდა აღვადგინო კავშირი იმ თაობასთან, რომელიც საბჭოთა მემკვიდრეობამ გაანადგურა. ეს კითხვა თავის თავში კიდევ უფრო ფართო კითხვას იტევს - რა არის მოქალაქე და რა მიმართება გვაქვს თანამოქალაქეებთან. ამ უკანასკნელზე პასუხის ძიება კი ჩემი საბაკალავრო ნაშრომის (“ლიბერალიზმის კრიზისი და სამოქალაქო მეგობრობა”) ფარგლებში დავიწყე.

დამამთავრებელ კურსზე ფედერალისტების წერილების სწავლისას ელენე ფილფანმა და მე გადავწყვიტეთ პოდკასტის საშუალებით პირველი რესპუბლიკის, საქართველოს სახელმწიფოს დაფუძნების შესახებ მოგვეყოლა მსმენელისთვის. “დე რე პუბლიკასთვის” 10-ზე მეტი ეპიზოდი უკვე ჩავწერეთ. ახალი სეზონის დაწყებას შვედეთიდან მალევე ვგეგმავთ.


გზად გავაცნობიერეთ, რომ მხოლოდ პოდკასტი საკმარისი არაა - გვსურს ის ცოდნა, რასაც საუნივერსიტეტო სივრცეში ვიღებდით, აკადემიის მიღმა გამოვიტანოთ. ამ მიზნით დავაარსეთ ორგანიზაცია - სტუდია გეორგიკა. ორგანიზაციის თანადამაარსებელს, მის წევრებს, მოხალისეებსა და მთავარ მრჩეველს, რომელიც, ასევე, ჩემი საბაკალავრო თემის ხელმძღვანელი იყო, ამ სკოლაში შევხდი, რისთვისაც ყოველთვის მადლიერი ვიქნები.


ბოლო კურსზე პოდკასტებს ვქმნიდით, პარალელურად ონლაინ მედიისთვის ვწერდი გრძლად საკითხავებს ლიბერალიზმის კრიზისზე და სულ მაფიქრებდა აუდიტორიასა და პროდუქტის შემქმნელს შორის უხილავი კავშირი. ისევ სილაბუსებისა და ლექტორთა კვლევითი გამოცდილების ძიებით აღმოვაჩინე მედია და კომუნიკაციების პროგრამა ლუნდის უნივერსიტეტში, რაც სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს აერთიანებს - ვსწავლობ მედიის დახმარებით როგორ იქმნება და იცვლება წარმოსახვითი სოციალური სივრცეები."

Ანი Კახიძე Lund University Ში Აგრძელებს Სწავლას