ENG GEO

Search form

ადამიანი საზოგადოებრივი არსებაა?

“Უმაღლესი სიკეთე”, “ცხოვრების მიზანი”, “ღირსეული ადამიანი” და ა.შ. - ასეთ ცნებებზე საუბარი, ასე მგონია, მაშინ უფრო ადვილი იქნებოდა, როცა კაცობრიობა ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო. Მაშინ ხომ ათასწლეულებგამოვლილი არ იყო კითხვები ცხოვრების, ადამიანის რაობაზე. არისტოტელეც , ისევე როგორც ყველა სხვა ანტიკური ფილოსოფოსი, ცდილობს ამოხსნას ადამიანის ამ ქვეყნად არსებობის შინაარსი. Ამის საკვლევად წეღან ნახსენებ “უმაღლეს სიკეთეს” იყენებს და “ნიკომაქეს ეთიკაში” მას განმარტავს, როგორც თვითკმაყოფილებას. Კმაყოფილებად კი, მისი თქმით, ითვლება ადამიანი, არა განმარტოებით მცხოვრები, არამედ სხვა ადამიანებთან დაკავშირეული. Ამ საკითხს სულ ერთი პატარა აბზაცი აქვს დათმობილი, მაგრამ ჩემთვის ზუსტად ეს იყო ყველაზე საინტერესო. 

“Ადამიანი საზოგადოებრივი არსებაა” - ამბობს არისტოტელე. Ეს ნიშნავს, რომ ადამიანს ადამიანად ქმნის საზოგადოებაში ცხოვრება, ურთიერთობები სხვებთან. Ყველაფერი, რასაც ამ ურთიერთობისას ჩნდება, ყველა შეცდომა, რასაც ვუშვებთ, ყველა კარგი რამ, რასაც სხვისთვის ვაკეთებთ, ყველა ფიქრი, გრძნობა, ემოცია, რაც სხვებთან კომუნიკაციისას იბადება ჩვენში, ესენია ჩვენი განსაზღვრის საშუალება. Მაგრამ განა საზოგადოება, რომელიც ჩვენი არსებობის განმაპირობებელია, თავად ადამიანებით არაა დაკომპლექტებული? Ასეთია დილემა სოციოლოგიაში, რომლის მიხედვითაც ორი აზრი უპირისპირდება ერთმანეთს: პირველი ის, რომ ადამიანი საზოგადოების პროდუქტია, მეორეს მიხედვით კი ადამიანი ქმნის საზოგადოებას. 

Დავუბრუნდეთ საკითხს. Ნეტავ მართლა არ შეუძლია ადამიანს მარტო ცხოვრება? Რა მოხდება, თუ გაჩენისთანავე ჩვილს ოთახში ჩავკეტავთ და არასდროს დავენახვებით, ისე უზრუნველვყოფთ მის ბუნებრივ მოთხოვნილებებს. Საბედნიეროდ, ისეთი სასტიკი არაა სამყარო, რომ ვინმეს მართლა ჩაეტარებინა მსგავსი ექსპერიმენტი, ამიტომ ჩვენ მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია. Მაგალითად, როგორ დაეუფლებოდა ასეთ პირობებში მცხოვრები ბავშვი ლაპარაკს, თუ არ გაიგებდა სხვების ხმას? Ამიტომაა, რომ დაბადებიდან ყრუ ადამიანებს მეტყველებაც არ შეუძლიათ. Გასაგებია, რომ ლაპარაკი არ ეცოდინებოდა, მაგრამ განა აუცილებელია ადამიანი საუბრობდეს, ადამიანად რომ ჩაითვალოს? Ცხადია, არა. Მთავარია ფიქრები, რომლებიც მასში უეჭველად იარსებებს. 

Ფიქრები აუცილებელია, მაგრამ არის კი საკმარისი მხოლოდ ფიქრი, ადამიანი რომ გვერქვას? Როგორც ვხედავთ, ამ საკითხზე საუბარი ძალიან რთულია, იმიტომ, რომ არავინ იცის, ზუსტად რას ნიშნავს, იყო ადამიანი. Არსებობს მხოლოდ ვარაუდები, არისტოტელეც ამ ვარაუდით ამბობს, რომ საზოგადოება განსაზღვრავს ადამიანს. Აქედან გამომდინარე უკვე ნათელია, რას ნიშნავს ადამიანობა არისტოტელესთვის. 

Ვინაიდან, არისტოტელეს მიხედვით, ადამიანი ვერ იარსებებს საზოგადოების გარეშე და ეს საზოგადოება, თავის მხრივ, აუცილებელია სახელმწიფოს არსებობისთვის, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სახელმწიფოს გარეშე ადამიანი ვერ იარსებებს. Ასეთი ადამიანი უკვე ადამიანი კი არა, ველური არსებაა ან უბრალოდ მატერიალური სამყაროს მიღმა არსებული რაღაც ყოფიერება. 

Მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი განსაზღვრება (ცხადია, სუბიექტური) არ მაქვს იმის შესახებ, თუ რა აქცევს ადამიანს ადამიანად, მაინც მგონია, რომ ეს რაღაც სახელმწიფო ნამდვილად არ არის. Სახელმწიფო, ჩემი აზრით, უბრალოდ დამხმარე და არა აუცილებელი ფაქტორია ადამიანის საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის. Ცხადია, თუ ცივილიზებული, აქტიური ცხოვრება გვინდა, მაშინ სახელმწიფოს დახმარება ბევრ რამეში დაგვჭირდება, მაგრამ ადამიანს მის მიღმაც შეუძლია არსებობა. Შეიძლება სრულიად განმარტოებით, არა ცივილიზებულ სამყაროში მცხოვრებმა ისეთი გამოცდილებები მიიღოს, სამოქალაქო ცხოვრებით მცხოვრებს რომ არც კი დაესიზმრებოდა. Ადამიანობა, ჩემი აზრით, ყველანაირ ორგანიზაციაზე, სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე და ა.შ მაღლა დგას და ვერც ერთი მათგანი ვერ იქნება მიჩნეული ადამიანის არსებობის აუცილებელ გარემოებად. 

 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.