ENG GEO

Search form

საზოგადოება თუ ინდივიდის უფლებები

ადამიანის უფლებაა, დაიცვას თავისი სიცოცხლე, თავისუფლება და საკუთრება. კანონი კი კოლექტიური შეთანხმების შედეგად არის შექმნილი და მისი მიზანია ადამიანთა ამ სამი ძირითადი უფების დაცვა. კანონი არსებობს იმისთვის, რომ აღკვეთოს უსამართლობა და შესაბამისად შექმნას სამართლიანი გარემო საზოგადოებაში. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ არსებობდა ადამიანთა უფლებები და მხოლოდ ამის შემდეგ დაწესდა კანონი, უფრო სწორად, კანონის შემოღება იმიტომ გახდა საჭირო, რომ ადამიანს გააჩნია სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების უფლება. იმისთვის რომ კანონმა არ უარყოს თავისი პირველადი მიზანი და არ შელახოს ადამინის სიცოცხლე, თავისუფლება და საკუთრება, საჭიროა, რომ მას ჰქონდეს პასიური როლი საზოგადოების ცხოვრებაში, ანუ იმის მაგივრად რომ მოუწოდოს ადამიანს რამის კეთება, პირიქით, უნდა შეზღუდოს ის ისეთი ქმედებების ჩადენისგან, რაც ლახავს სხვა ინდივიდის უფლებებს. ამიტომ კანონთა ჭიდილში, ვფიქრობ, ისაა უკეთესი, რომელიც ნაკლებად ერევა ადამიანის ცხოვრებაში და მხოლოდ დაცვითი, შენარჩუნებითი ფუნქცია აკისრია. სხვა სახის კანონი, რომელიც განსაზღვრავს ინდივიდების ქცევის წესებს საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა დარგში, უზღუდავს ადამიანს თავისუფალი არჩევნის გაკეთებას, შესაბამისად ხელყოფს მის თავისუფლებას და ამით ეწინააღმდეგება თავის პირველად მიზანს. აქედან შეიძლება ითქვას, რომ კანონი მხოლოდ იმ შემთხვევაშია ეფექტური, თუ ამ უკანასკნელს ნეგატიური ბუნება აქვს და არა პოზიტიური. არსებობს მოსაზრება, რომ კანონი უნდა უზრუნველყოფდეს საზოგადოებრივ კეთილდღეობას. მაგრამ რა არის საზოგადოება, თუ არა ინდივიდთა ერთობლიობა. თუ საზოგადოებას ერთ ადამიანზე მაღლა დავაყენებთ, მაშინ გამოდის, რომ ადამიანთა მნიშვნელობა მათი რაოდენობით განისაზღვრება. სახელმწიფო, რომელშიც ინდივიდის უფლებებს საზოგადოების კეთილდღეობა გადაწონის, ვერ იქნება დემოკრატიული. კანონის მთავარი ფუნქცია, ჩემი აზრით, ისაა, რომ მისცეს თითოეულ პიროვნებას საშუალება, ისარგებლს სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების უფლებით და დაიცვას იგი სხვისი ინტერვენციისგან. ესაა საუკეთესო გზა იმისთვის, რომ ადამიანმა თავისუფლად შეძლოს პრობლემის დანახვა, მისი გაანალიზება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. ეს ქმედება - არჩევნის გაკეთება და ამ გადაწყვეტილების შედეგად მიღებულ სარგებლზე/ზიანზე პასუხისმგებლობის აღება - აქცევს ადამიანს ადამიანად. თუ ინდივიდის ყოველ ნაბიჯს კანონით დავარეგულირებთ, მოვიმიზეზებთ რა კოლექტიურ ბედნიერებას, მივიღებთ არა ინდივიდების ერთობლიობას, არამედ რობოტებს, რომელთა ერთადერთი ვალდებულება სხვის მიერ დაკანონებული წესების შესრულებაა. კანონი მინიმალურად უნდა ერეოდეს ადამიანის ცხოვრებაში, ჩემი აზრით, ესაა ერთადერთი გზა უსამართლობის აღმოსაფხვრელად. დღეს, ოცდამეერთე საუკუნეში, სულ უფრო მეტი ინიციატივა ჩნდება, ხალხის ნაწილი ფიქრობს, რომ სახელმწიფო მეტად უნდა ერეოდეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ადამიანის საქმიანობის თითქმის ყველა სფერო კანონით კონტროლდება. არსებულ წესებს შორის, ბევრია ისეთი, რომელიც ხელვონურ ბარიერებს ქმნის და კიდევ უფრო ართულებს ინდივიდის ცხოვრებას. ადამიანის ძირითადი უფლებებიდან (სიცოცხლე, თავისუფლება, საკუთრება), ყველაზე მეტად საკუთრების უფლება იზღუდება სახელმწიფოს მიერ. ამის ერთ-ერთი გამოვლინება გადასახადების შემოღებაა. ყოველი მოქალაქე ვალდებულია, შემოსავლის ნაწილი სახელმწიფოს უხადოს, სხვა სიტყვებით, არათუ ვალდებულია, არამედ სახელმწიფო დაუკითხავად იღებს მის ფულს. ვალდებულების ქონა, საკუთარ თავში მაინც გულისხმობს არჩევნის არსებობას, ამ შემთხვევაში კი ინდივიდზე არაფერია დამოკიდებული. ეს ყველაფერი კი კეთდება იმისთვის, რომ „საზოგადოებამ უკეთესად იცხოვროს“, მაგრამ ეს შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ირღვევა თითოეული ადამიანის უფლებები. ადვილად შესამჩნევია, რომ გადასახადები არღვევს ადამიანის საკუთრების უფლებას: სახელმწიფო ინდივიდისგან იღებს სიმდიდრეს, რომელიც მან თავისი შრომით გამოიმუშავა და რომლის განკარგვის უფლება მხოლოდ თავად აქვს. თუმცა საქმე მარტო საკუთრებას არ ეხება, ილახება ასევე თავისუფლების უფლებაც, სახელმწიფო იღებს რა ადამიანის საკუთრების ნაწილს, ირიბად ეუბნება მას, რომ თავად უკეთესად იცის, თუ როგორ და რაში უნდა დაიხარჯოს ეს ფული. პიროვნებას არ აქვს საშუალება, გადაწყვიტოს, როგორ გამოიყენოს თვისი ქონება, ვერ აკეთებს არჩევანს. სახელმწიფოს არ აინტერესებს, უნდა თუ არა რომელიმე მოქალაქეს იმისთვის მუშაობა, რომ შემდეგ მათი გამომშავებული ფული გაურკვეველ „კოლექტიურ სიკეეთეებს“ მოხმარდეს. საგულისხმოა, რომ დიდი შანსია, რომ ადამიანი ამ სიკეთეთა ნაწილით საერთოდ ვერ ისარგებლებს. საბოლოოდ, კი მსგავსი კანონი გარკვეულწილად ზღუდავს ადამიანის სიცოცხლეს, რომელიც არ არის დამოუკიდებელი ფენომენი. სიცოცხლე ბევრი ფაქტორით განისაზღვრება, მათ შორისაა საკუთრებაც, ვინაიდან იმისთვის რომ ადამიანმა ღირსეულად იცხოვროს, საჭიროა გააჩნდეს შესაბამისი პირობები (სახცოვრბელი, საკვები და სხვა). მისი შემოსავლის შემცირებით, ვფიქრობ, სახელმწიფო სხვა ყველაფერთან ერთად ადამიანის სიცოცხლის უნარსაც აუარესებს. ამრიგად, ვფიქრობ, რომ კანონმა გარკვეულწილად დაკარგა პირველადი მნიშვნელობა და დაუპირისპირდა თავისივე მიზანს, დაეცვა ადამიანის სიცოცხლე, თავისფლება და საკუთრება.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.