სამყაროს წარმოდგენა სექსზე ყოველთვის იცვლება. თუ ერთი პერიოდი ის ტაბუდადებული თემა იყო, რომელზეც არც კი ლაპარაკობდნენ, დღეს უფრო მეტ კულტურაში წახალისებულია მისი განხილვა, თუნდაც განათლების მიზნით. ყველამ ვიცით, რომ საბჭოთა კავშირში სექსი, როგორც საზოგადოების განხილვის საკითხი, მიუღებელი იყო. არსებობს უამრავი მითი მის შესახებ, რომელთა გაქრობაზე პროგრესული ქვეყნები მუშაობენ და ცდილობენ, სექსის შესახებ ცრუ ინფორმაცია ამოშალონ საზოგადოების ცნობიერებიდან. სექსზე სპეციფიურ შეხედულებებს სხვადასხვა საფუძველი აქვს, თუმცა ამ საფუძველს უმეტესად რელიგია და ტრადიციები წარმოადგენს. ყველაზე ცნობილი ნარატივი სექსის შესახებ არის ის, რომ სექსი არის გამრავლებისთვის, ის მიღებულია მონოგამიურ ურთიერთობაში მყოფი, ჰეტეროსექსუალი, დაქორწინებული წყვილებისთვის, ნებისმიერ სხვა შემთხვევაში კი ის არაა გამართლებული. მასზე ასეთი ცალსახა წარმოდგენა, რა თქმა უნდა ერთადერთი არაა და არსებობს სხვადასხვა ხედვები და განსხვავებული ფილოსოფიური მიდგომები მის შესახებ. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.
გავიხსენოთ კანტის ფილოსოფია და კატეგორიული იმპერატივები. ერთ-ერთი მათგანია: “მოიქეცი ისე, რომ კაცობრიობა, როგორც შენი ისე ყოველი სხვა პიროვნების სახით, შენთვის მუდამ იყოს მიზანი და არასოდეს მხოლოდ საშუალება”. ამ მოწოდების მიხედვით, კანტი მიიჩნევს, რომ ადამიანი იქცევა ამორალურად თუ იგი სხვას მხოლოდ საკუთარი მიზნების მისაღწევად, როგორც საშუალებას, იყენებს. შესაბამისად, კანტს თუ ვკითხავთ, სექსი, მით უმეტეს როდესაც მისი მიზანი გამრავლება არაა, ამორალურია, ვინაიდან ადამიანი თავის პარტნიორს საკუთარი სიამოვნების დასაკმაყოფილებლად იყენებს. სინამდვილეში, კანტის ფილოსოფია სექსთან დაკავშირებით საკმაოდ ბუნდოვანია, ვინაიდან ის მიიჩნევს, რომ სექსუალური კავშირი დაქორწინებულ წყვილს შორის მორალურია, თანაც ამაში მხოლოდ ჰეტეროსექსუალური წყვილი იგულისხმმება. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ის მიღებული არაა. შესაბამისად, კანტის წარმოდგენა სექსზე გამომდინარეობს კატეგორიული იმპერატივის ფორმულიდან, რომლის საფუძველიც სხვისი გამოყენება, როგორც საშუალება არის.
როგორ უყურებს ამ ყველაფერს თომა აქვინელი, ბუნებითი სამართლის ერთ-ერთი უმთავრესი ფილოსოფოსი? მისი შეხედულებით, ყველაფერი განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენად სრულდება მისი ფუნქცია. თუ ყავის ჭიქიდან ყავის დალევა შესაძლებელია და სასიამოვნო, ჭიქა თავის ფუნქციას ასრულებს და ის კარგი ჭიქაა. შესაბამისად, რაიმე საგნისა ან ქმედების სიკეთე განისაზღვრება მათი დანიშნულების შესრულების მიხედვით. მაშ, რა არის სექსის ფუნქცია? თომა აქვინელი გვიპასუხებდა, რომ მისი ფუნქცია გამრავლებაა. აქედან გამომდინარე სქესობრივი აქტი, რომლის მონაწილეებსაც შვილის ჩასახვა არ აქვთ მიზნად, არაა გამართლებული. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ხერხი, რომელიც, პირიქით, ხელს უშლის ჩასახვას (მაგ., კონტრაცეპტივები) არასწორია, ვინაიდან ის პირდაპირ ხელს უშლის ბუნებით სამართალს.
რაც შეეხება უტილიტარიზმის ფილოსოფიას, იგი მორალურ საქციელს მისი შედეგის მიხედვით განსჯის. თუ ქმედება სარგებლის მომტანი აღმოჩნდა, იგი მორალურია. აქედან გამომდინარე, სექსი მორალურია თუნდაც თუ ის ადამიანებში მხოლოდ და მხოლოდ ბედნიერების დონეს აამაღლებს. სინამდვილეში ამ განმარტებას დაზუსტება სჭირდება, თორემ გამოდის, რომ ასე სექსუალური ძალადობაც ნებადართულია. უტილიტარიზმი არ გულისხმობს, რომ სექსუალური ძალადობა მორალურია, ვინაიდან ის უფრო მეტად ავნებს ერთ ადამიანს, ვიდრე სხვის სიამოვნებას აკმაყოფილებს. ყურადღებამისაქცევია, რომ უტილიტარიზმის შეხედულება მკვეთრად განსხვავდება კანტის ფილოსოფიასა და ბუნებითი სამართლის ფილოსოფიისგან. თუ თომა აქვინელს მიაჩნდა, რომ სექსუალურ კავშირს მხოლოდ გამრავლების ფუნქცია აკისრია და ნებისმიერი საშუალება, რომელიც ამ ფუნქციის შესრულებას მიზანმიმართულად უშლის ხელს, არასწორია, უტილიტარიზმი, ამ შეხედულებას მხარს არ უჭერს.
რა როლი აკისრია კანონს ამ შემთხვევაში? როგორ უწყობს ან უშლის ხელს კანონი ისეთ შეხედულებას, რომლის მიხედვით, სექსი გამრავლებისთვისაა. ბუნებრივია, კანონის ვალდებულება, პირველ რიგში, ადამიანების პირადი თავისუფლების უზრუნველყოფა და მათი ზიანისგან დაცვაა. მიუხედავად ამისა, არის გამონაკლისებიც, რომლებსაც წარმოადგენენ ისეთი სახელმწიფოები, რომლებშიც აბორტი და კონტრაცეპტიული საშუალებების გამოყენება აკრძალულია. შეიძლება ეს მხარს უჭერს ბუნებითი სამართლის იდეოლოგიას, თუმცა ადამიანის თავისუფლებასთან პირდაპირ წინააღმდეგობაშია. თუნდაც უტილიტარისტული ფილოსოფიით რომ ვიმსჯელოთ და ისეთი ადამიანის შემთხვევა რომ განვიხილოთ, ვისაც აბორტის გაკეთება სურს, შეიძლება ეს მორალური გადაწყვეტილებაა თუ მისი არ გაკეთების შემთხვევაში ზიანი უფრო დიდი იქნება. საბოლოოდ, კანონი უნდა ითვალისწინებდეს ადამიანის არჩევნის თავისუფლების დაცვას და არა კონკრეტული და შესაძლოა, საზოგადოებისთვის საზიანო შეხედულებების საფუძველზე მის შეზღუდვას.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.