Თავისუფლება ისე არ მოდის!
Ალბათ, იცით ეს ბრწყინვალე ფრაზა, მართალიც იქნებით თუ გონებაში უნებურად წაიღიღინეთ: “თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია!” ერთი შეხედვით ეს უბრალო, ჩვეულებრივი სტროფი, რომელიც პათოსითაა გაჯერებული და მის უკანმდებარე აზრს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, უტოპიურია (ამიტომაც ჩანს სიტყვების მომნუსხველი მაგია და არა მათი იდეურობა) საერთოდ რას ნიშნავს თავისუფლება ისე არ მოდისო და მერე მხოლოდ ლომთა ხვედრი რატომაა ეს “დალოცვილი”.
Ერთხელ, სრულიად შემთხვევით, ერთი ბებო გამჭოლი მზერით, მაგრამ ნელი ნაბიჯით მომიახლოვდა (ველოდები “ამხანაგებს”). Არც აცია და არც აცხელა, პირდაპირ მკითხა: “ბებო, რა მოგწონს კაპიტალიზმშიო?” - დაბნეულმა (რადგან მგონია, რომ მაქსიმუმ მძიმე ჩანთის ტარებაში დახმარება მთხოვოს ან მინიმუმ საათი მკითხოს) კითხვა გავამეორებინე მოწიწებით. Არ დააყოვნა. Ბევრი არც მე მიფიქრია და ვუთხარი პირდაპირ რაც მომადგა - “თავისუფლება”. Რატომ ვთქვი, ამას დღემდე ვერ ვხვდები, მაგრამ რა თქვი ეს უკვე კარგად მომეხსენება”სავით”.
Ამასწინათ ვკამათობდით ზუსტად ამაზე მე და ჩემი “ამხანაგები”, რა ხილია სოციალიზმი - დასკვნა გაზეთში გამოქვეყნებული სტატიის სათაურს ჰგავდა: “მაცდური სოციალიზმი”. Მერედა მართლა ეგრე არ არის? Დღეს არ არის საკმარისი მხოლოდ ის, რომ კანონი იყოს სამართლიანი. Ჩვენ უფრო მისი “ქველმოქმედება” გვაინტერესებს, რამდენად კეთილი და მზრუნველია, გამრჯე და კაცთმოყვარე. Მაგრამ უფრო შორს მივდივართ და ვამბობთ, რომ არც ის კმარის თუ კანონი გარანტია თითოეული ადამიანისთვის, თავისუფლად და უვნებლად გამოიყენოს მორალური და ფიზიკური თვითგანვითარების ნება. Ამიტომაც ვითხოვთ, ნებსით თუ უნებლიეთ, რომ კანონით გავრცელდეს კეთილდღეობა, განათლება, ზნეობა და ა.შ ყველა ადამიანში.
Ალბათ თქვენც მოგეწონებოდათ. Მოიხიბლეთ არა? Მაცდური არ არის სოციალიზმი? Დააბალანსა თქვენი ბედნიერებაც და სხვა დანარჩენისაც თანაც კანონის ფარგლებში. გამოდის ისე, რომ წესი უნივერსალურია, ყველასთვის ერთნაირი და ამასთან ჩვენი წილი დიდია იმაშიც, რომ ყველამ უნდა მიიღოს სიამოვნება, სიკეთე, ბედნიერება. Რა გამოვიდა,რომ “უნაკლოდ ვართ, უნაკლო სამყაროში, თავადვე უნაკლოები”.
Სულ ცოტა რაციონალურობა გვჭირდება და კითხვაც მკაფიოდ გაისმის, მერედა რატომ არ ხდება ეს ასე? Რა არის ამაში რთული, “ამხანაგობაში”. Სიკეთეს ყველა ერთად ვაკეთებთ ( შესაძლოა არა განზრახვით, მაგრამ კანონმორჩილებით ასე უწევს), ჩვენი პირადი წესებიც, რომელიც ჩვენს სიამოვნებებსა და მორალს ეხება, სხვასაც აკმაყოფილებს ( რადგან კანონი ფილანტროფია და ეს ჩვენ მოგვწონს). Ლამაზად ჟღერს მაგრამ განზე გვრჩება ის პატარა ხრახნი, რომელიც საცაა გამოსხლტება სისტემიდან და ჩამოშლის ამ ჩვენს “ედემის ბაღს”. Ეს ხრახნია თავისუფლება. Საკმარისია ადამიანმა გაიაზროს, რომ ამ ყველაფრის მისაღწევად აუცილებელია სასწორის მეორე პინაზე თავისუფლება დაიდოს, რომ აჯანყდება, როგორც თავისი “ამხანაგობის” ასევე საკუთარი თავის მიმართ. “Აუფ რა ქვეყანა დაანგრიეს და რის გამო?”. Იკითხავთ და სრულიად ბუნებრივიცაა, უღირდა ადამიანს განა სამუდამო სიმშვიდე თავისი ახირების გამო? Თანაც ეს სამუდამო სიმშვიდე ყოვლისმომცველია, ყველასთვისაა. Ამას პასუხი ჩვენმა უხსოვარმა წინაპარმა გასცა ბრწყინვალედ: უბრალოდ ადგა და ვაშლი შეჭამა.
Ხოოომ… არ მოდის თავისუფლება ისე. Თავისუფლება ლომთა ხვედრია. Საფარაშიც ძნელად თუ დაათმობინებ ფაფარაშლილ ცხოველს მეფობას. Ადამიანისთვისაც ეგრეა, სულ რომ სამოთხეში შებრუნება შესთავაზო, მაინც იქიდან გამოქცევას მოინდომებს. Ამიტომაც არის ასე, ადამიანი ვერ იქნება ერთდროულად თავისუფალიც და “ტყვეც”, თუნდაც ეს უკანასკნელი თავისსავე მიღებულ სამართლიან კანონებში ხორციელდებოდეს. Თუნდაც ის ისეთივე მიმზიდველად გამოიყურებოდეს, როგორიც საერთო სიკეთის, თანაბრად ცხოვრების, სოციალიზმის იდეებშია. Თუნდაც ის ზუსტად, მკაცრად განსაზღვრავდეს რა არის მორალურ-ზნეობრივი და თანაც ამას არგებდეს უკლებლივ ყველას.
Და მაინც შესაძლოა მოსვენებას არ გვაძლევდეს ის კითხვა, რატომ არ შეიძლება თვითონ კანონი გამოვიყენოთ თავისუფლებისთვის, კანონი რომ დავაკანონოთო. Მართალიც ვიქნებით მაგრამ აქ ასე ხდება. Კანონი და მისი ძალა უპირველესად არა რაიმეს მიღწევისთვის განცალკევებულ არსებობას გულისხმობს, არამედ რაიმეს დაცვისთვის განკუთვნილ ოპტიმალურ გზას, რომელიც მათ ერთიანობაზე დგას. Აი ზუსტად ისეა, როგორც მაკკოფეს რეკლამაში: “ორი ერთში” (იქ სამი იყო, მაგრამ არაუშავს).
Გამოდის, რომ კანონის ძალით ვერასდროს იქნები თავისუფალი. Მაშინ სხვაგვარად რომ ვთქვათ: კანონი იყოს ის ერთადერთი სწორი გზა, მორალურად გამართლებული და ჭეშმარიტი, რომელიც თავისუფლებას შეზღუდავს. Ამასთან ეს ყველასთვის ასე იქნება, არა რომელიმე ცალკეული პირისთვის. Ვფიქრობ ამ ვითარებით იქამდე ვიქნებით კმაყოფილი სანამ პრობლემას არ შევეჩეხებით: თუ კანონი ჩემს წინააღმდეგ მოქმედებს, მიუხედავად იმისა, რომ მორალურად ეს გამართლებულია და ამავდროულად ის სხვას რგებს, მაშინ იკარგება თანასწორობის და თავისუფლების იდეა. Ასე, რომ კანონი ვერ არის სწორად დადგენილი, რადგან მისი ძალა შეუძლებელია ერთდროულად თანასწორად ვრცელდებოდეს ორ ადამიანზე (თან იყოს მორალურად სწორი) მაგრამ აქედან ერთს სიამოვნებას ანიჭებდეს, თავისუფლებას, მეორეს კი პირიქით ართმევდეს მას, აკნინებდეს.
Ამიტომაც: თავისუფლება ისე არ მოდის! Არც სამართლიანობა მოდის ასე!
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.