ENG GEO

Search form

რა არის სახელმწიფო და რა როლს თამაშობს ის საზოგადოების ცხოვრებაში?

რა არის სახელმწიფო და რა როლს თამაშობს ის საზოგადოების ცხოვრებაში? ეს საკითხი საუკუნეების მანძილზე მუდმივად იყო და არის განსჯის საგანი. სახელმწიფო - ეს არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციის ფორმა, რომელიც საჯარო ხელისუფლების მეშვეობით ახორციელებს თავის სუვერენულ უფლებამოსილებას, უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის გამყარებას და არის საზოგადოების თითოეული წევრის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარანტი. სახელმწიფოს წარმოშობის შესახებ არსებობს რამდენიმე თეორია, თუმცა მოცემულ ნაშრომში ვისაუბრებ ე.წ. სოციალური კონტრაქტის თეორიაზე, რომელიც ცნობილია, როგორც ,,საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორია“. მიზეზი იმისა, თუ რატომ გავამახვილებ ყურადღებას ამ თეორიაზე არის ის, რომ ეს თეორია უფრო მეტად იმის გამართლებაა თუ რატომ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, ვიდრე იმის ილუსტრაცია თუ როგორ წარმოიშვა სახელმწიფო. მისი ფუძემდებლები არიან ინგლისელი ფილოსოფოსები ჯონ ლოკი და თომას ჰობსი, ეს უკანასკნელი პოლიტიკას და სახელმწიფო ძალაუფლების ფენომენს მაქსიმალურად რეალისტურად, პრაგმატულად და ადამიანების ცხოვრებისეული საჭიროებებიდან გამომდინარე უყურებს. ის სვამს კითხვას: რისთვის გვჭირდება სახელმწიფო და რატომ უნდა დავემორჩილოთ ხელისუფლებას? გამომდინარე იქიდან, რომ პირველყოფილ სისტემაში არ არსებობდა სახელმწიფო, ადამიანები იმყოფებოდნენ ე.წ ,,ბუნებრივ მდგომარეობაში“, ეს ნიშნავს, რომ მათ ჰქონდათ განუსაზღვრელი თავისუფლება, მოქმედებდნენ მხოლოდ თავიანთი სურვილებისა და მიზნების შესაბამისად, რაც შემდგომში იწვევდა ,,ყველას ომს, ყველას წინააღმდეგ“. სწორედ ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად შეიქმნა ,,საზოგადოებრივი ხელშეკრულება“, რომლის მიხედვითაც საზოგადოების თითოეული წევრი უარს ამბობდა საკუთარი ინტერესების გარკვეულ ნაწილზე, მათ ძალაუფლება გადასცეს სახელმწიფოს, რათა ამ უკანასკნელს დაეცვა მოქალაქეთა უფლებები და ინტერესები. სწორედ ურთიერთდაცვის, ინტერესთა შეთანხმების და საზოგადოებრივი წესრიგის დამყარებისთვის შეიქმნა სახელმწიფო.

მართალია თომას ჰობსი მე-17 საუკუნეში მოღვაწეობდა, თუმცა მან ყველაზე უკეთ განსაზღვრა, თუ როგორ განვიხილავთ დღეს სახელმწიფოს, მისი აზრით, სახელმწიფოს მთავარი მიზანი არის სოციალური მშვიდობის შენარჩუნება. ამ მოსაზრების თითქმის იდენტურია აშშ-ს კონსტიტუციის პრეამბულა, რომელშიც გაცხადებულია, რომ მის მთავარ მიზანს წარმოადგენს ,,შინაური სიმშვიდის უზრუნველყოფა“, ელეგანტური ფრაზა, რომელიც აღწერს სახელმწიფოს როლს, როგორც საზოგადოების ,,პოლიციელს“.

შეჯამების სახით მინდა ვთქვა, რომ სახელმწიფო მართლაც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოების თითოეული წევრის ცხოვრებაში, ის გვიდგენს გარკვეულ წესებს, გვაქცევს ჩარჩოებში და გარკვეულწილად გვიზღუდავს თავისუფლებას. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო ამის პარალელურად ეფექტურად ასრულებს მის მოვალეობებსაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ დაცული იყოს თითოეული ადამიანის უფლებები და ინტერესები, მკაცრად აკონტროლებდეს სახელმწიფოს წარმომადგენლების ე.წ. მაღალჩინოსნების მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას და ზოგადად მისი არსებობა მიმართული იყოს სამართლიანობის, თანასწორობის და სოციალური წესრიგის დამყარებისკენ.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.