კაცობრიობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ომი და მშვიდობა ერთ-ერთ ყველაზე პრობლემატურ საკითხად რჩებოდა. რადგანაც ადამიანებმა გამოსცადეს ომის გამანადგურებელი ეფექტები მსოფლიო თუ რეგიონული კონფლიქტების სახით, დღეს თითქმის ყველა თანხმდება იმაზე, რომ ომი არ არის კონფლიქტის გადაწყვეტის ეთიკურად გამართლებული საშუალება. თუმცა ფილოსოფიურ მოძღვრებებში გვხვდება სამართლიანი ომის ცნება. მისი მთავარი იდეა მდგომარეობს შემდეგში: ომი შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მიმართავენ შეთანხმების ყველანაირი არაძალადობრივი ხერხის ამოწურვის შემდეგ, თავდაცვისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების მკაცრი დარღვევის (მაგალითად, გენოციდი) შემთხვევაში.
სამართლიანი ომის თეორიას იზიარებს დეონტოლოგია და ამ ფილოსოფიური მოძღვრების ერთ-ერთი წარმომადგენელი იმანუელ კანტი. ამ მიმდინარეობის მთავარი პრინციპი არის ის, რომ ადამიანი არის რაციონალური, თავისუფალი ნების მქონე არსება, რომლის ქმედებები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს მორალურ წესებსა და კანონებთან; იგი უნდა ჩადიოდეს მხოლოდ სწორ ქმედებებსა და არანაირად არაეთიკურ საქმეს, თუნდაც იგი მისი კეთილი მიზნითა და შედეგით იყოს გამართლებული. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გარკვეულ წინააღმდეგობებს ვხედავ სამართლიანი ომისა და კანტის მიერ შემუშავებული კატეგორიული იმპერატივის პრინციპებს შორის.
სამართლიანი ომის ერთ-ერთი პრინციპია ის, რომ ომი მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუ მას სახელმწიფო წამოიწყებს მაშინ, როდესაც დაირღვევა ადამიანის უფლებები და თავისუფლება. კანტისეული ეთიკაც სწორედ ამგვარ საქციელს მიიჩნევს სამართლიანობად. სხვა შემთხვევაში ომი ჩვეულებრივ ძალადობრივ ქმედებად არის მიჩნეული. ვფიქრობ, ეს წინააღმდეგობაში მოდის კანტის კატეგორიული იმპერატივის პირველ ფორმულასთან, რომლის მიხედვითაც ყოველი მორალური ქმედება უნდა იყოს უნივერსალური, ანუ ის ქცევა, რომელსაც ერთი ინდივიდი ჩაიდენს, უნდა იყოს მორალურ ჩარჩოებში მოქცეული და ყველასთვის უნდა წარმოადგენდეს სწორ ქმედებას. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ომის წარმოება უნივერსალური მორალური უფლებაა. თუ ერთი სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ მეორე ქვეყანამ უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის რაიმე ნორმა, უფლება აქვს, ეს საბაბად გამოიყენოს და „სამართლიანად“ წამოიწყოს ომი მასთან. ამით მივიღებთ ქაოსს, რადგან რთულია იმის განსაზღვრა, თუ რა უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება ომის, როგორც ძალადობის, გამართლება. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ დეონტოლოგია ქცევას მორალურად მხოლოდ იმ შემთხვევაში თვლის, თუ იგი სწორ ქმედებადაა აღიარებული და სრულად უარყოფს მის გამართლებას მოსალოდნელი შედეგის მიღწევის მიზნით. ამგვარად, რადგანაც ომი მიუღებელი ფენომენია ამ მოძღვრების მიმდევრებისთვისა და ზოგადად კაცობრიობისთვის, სამართლიანი ომის წარმოებაც კი წესით არ უნდა ჩაითვალოს მორალურ საქციელად, რადგან ეს პროცესიც მოიცავს დიდ ადამიანურ მსხვერპლს, ნგრევას, არეულობასა და სხვა პრობლემების წამოჭრას, ხოლო მისი ერთადერთი ნათელი წერტილი კი მხოლოდ მიზანია, დამყარდეს მშვიდობა, რისი გარანტიაც არ გვაქვს.
სამართლიანი ომის სხვა პრინციპი ეხება მოქალაქეებს. ეს წესი მოიაზრებს, რომ მოქალაქეები და ჯარისკაცები, რომლებიც სამხედრო მოქმედებებში არ იღებენ მონაწილეობას, არ უნდა წარმოადგენდნენ ომის სამიზნეებს და ომში მონაწილე მხარეები ყველანაირად უნდა ცდილობდნენ, რომ მათ მოკვლას აარიდონ თავი. მაგრამ იმ მოქალაქეების სიკვდილი სამართლიანად ჩაითვლება, რომლებიც სამხედრო სამიზნეებში მოხვდნენ და მათ დახოცვას თავიდან ვერანაირად ვერ აირიდებდნენ. აქაც ვაწყდებით იგივე წინააღმდეგობას კატეგორიულ იმპერატივთან მიმართებაში. აქაც კანტისეული უნივერსალური მორალის იდეა ირღვევა. თუ ადამიანების ერთი კონკრეტული ჯგუფის სიცოცხლის მოსპობა გამართლებულია, ეს კატეგორიული იმპერატივის მიხედვით ნიშნავს იმას, რომ სხვა ადამიანის მოკვლა მორალურად გამართლებული იქნება და პირიქით - თუ ერთი ადამიანის სიცოცხლეს ვიცავთ, მაშინ ყველასი უნდა დავიცვათ. სამართლიანი ომის თეორია კი ყველა ადამიანს თანასწორობაში არ აყენებს. ყოველი ინდივიდის სიცოცხლე შეუფასებელია, ძვირფასია, ამიტომ, ჩემი აზრით, მოქალაქეების სიცოცხლის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და არ არსებობდეს გამონაკლისები, მით უმეტეს, ომის პირობებში.
ამგვარად, ომის მოქცევა რაიმე ეთიკურ ან მორალურ ჩარჩოებში ძალიან რთულია, რადგან ამ პროცესში ბევრი პრობლემა წარმოიშვება, რაც კარგად გამოჩნდა კანტისეული კატეგორიული იმპერატივის მაგალითზე. ომი ძალადობაა, რომელსაც აუარებელი რთულად ანაზღაურებადი ან საერთოდ აუნაზღაურებადი დამანგრეველი შედეგები მოაქვს. მისთვის რაიმე ეთიკური წესების მორგება არ აქცევს მას მორალურად გამართლებულ ქმედებად, რადგან იგი საფუძველშივე ეწინააღმდეგება უნივერსალურად აღიარებულ ადამიანურ ღირსებას, უფლებასა და თავისუფლებას.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.