ENG GEO

Search form

ევთანაზია - ექიმის თუ პაციენტის გადაწყვეტილება, ანუ დეონტოლოგიური ნების ადგილი სამყაროში

 

            ევთანაზია გახლავთ სიცოცხლის შეწყვეტის პრაქტიკა, რომელიც გამოიყენება განუკურნებელი სენით დაავადებულ ადამიანებზე, პაციენტებზე, რომლებიც იტანჯებიან ძლიერი ტკივილებით და ერთადერთ მხსნელად მხოლოდ და მხოლოდ სიკვდილს ხედავენ.      

        არსებობს მოსაზრება, რომ თუკი დიდი და გაუსაძლისი ტკივილის დროს პაციენტი სიკვდილს ითხოვს, ხოლო ექიმი მას შეგნებულად არ უწყვეტს სიცოცხლეს - ვინაიდან და რადგანაც თვლის, რომ მძაფრმა და აუტანელმა ტკივილმა შეიძლება, ადამიანს არასწორი, არაადეკვატური და, საერთოდაც, სწორედ ამ ადამიანისათვის არასასურველი გადაწყვეტილებებისკენ უბიძგოს (რაც იმ კონკრეტულ მომენტში მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტინქტის დამსახურებაა მოცემული გადაწყვეტილება და წადილი) - ეს საქციელი არასწორია, რასაც არ ვეთანხმები. ექიმი ვალდებულია მთელი თავისი არსებითი პროფესიული ეთიკიდან გამომდინარე, რომ კრიტიკულ სიტუაციაში პაციენტის მოთხოვნას არ მოუსმინოს და თავისი საქმე გულმოდგინედ და პროფესიონალურად განაგრძნოს; მაგრამ ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ექიმი არ არის გულთმისანი და თავისთავად ვერ მიხვდება, მართლაც ტკივილის გამო აფექტურ მდგომარეობაში გაჰყვირის პაციენტი რომ მოკლან, თუ ეს მისი შეგნებული და გააზრებული ნებაყოფლობითი სიკვდილის სურვილია.

     საკითხი თავისთავად კომპლექსურია და დიდად საკამათო, რაც ართულებს ერთ კონკრეტულ აზრზე შეთანხმებას, თუმცა ვფიქრობ, რომ მორალურად და ეთიკურად არასწორია, დაადანაშაულო ადამიანი, კერძოდ ექიმი, იმაში, რომ მან არ ისურვა სხვის სიკვდილზე პასუხისმგებლობის აღება.

    ვფიქრობ, ერთ-ერთი გამამართლებელი არგუმენტი რელიგიას უკავშირდება. მაშინ, როდესაც ადამიანი ქრისტიანია, ხოლო რელიგია კი ქადაგებს იმას, რომ ყველა ადამიანი ღმერთის შვილია და ჩვენ ვერ ჩავერევით ღმერთის ნებასა თუ განგებულებაში და მის მაგივრად ვერ გადავწყვეტთ, ვის შევუწყვიტოთ სიცოცხლე და ვის არა - შესაბამისად, დავასკვნით, რომ ექიმის ზემოთ ხსენებული გადაწყვეტილება სრულიად მართებულია და არ იმსახურებს კრიტიკას.

    ამასთანავე, ადამიანი არ არის ვადლებული ვინმეს ტკივილისა და ტანჯვის გამო, გააკეთოს ის, რაც შეიძლება მის მორალურ პრინციპებს ეწინააღმდეგებოდეს. დამატებით იმასაც ვიტყვი, რომ ჰიპოკრატეს ფიცში ექიმი მთელი თავისი შეგნებით აცხადებს იმას, რომ გულწრფელად და ერთგულად იზრუნებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ექიმს საერთოდაც არ ევალება ის, რომ პაციენტის მსოფლმხედველობრივი ღირებულებები გაითვალისწინოს, თითოეულს ინდივიდუალური მიდგომით დაუწყოს შეფასება, მით უმეტეს, რომ არც არის ამისი დრო მოცემულ კრიტიკულ სიტუაციებში - არამედ უმთავრესი და ფუნდამენტური პრინციპი დეონტოლოგიის ბუნებისა ის გახლავთ, რომ პროფესიონალმა, ამ შემთხვევაში - ექიმმა, პირნათლად შეასრულოს თავისი მოვალეობა და ყურად არ იღოს ის მომავალი შედეგი, რომლის მიხედვითაც შესაძლოა, პაციენტს ეწყინოს ან გული ეტკინოს იმის გამო, რომ ცოცხალი დატოვეს და მთელი დარჩენილი სიცოცხლე გაუმწარეს და ა. შ.

აღსანიშნავია, რომ მრავალი პიროვნებისთვის, ევთანაზია მიჩნეულია როგორც მკვლელობა, ხოლო ამგვარი ქმედება ბევრისთვის ამორალურია, რაც საბოლოოდ გახდებოდა იმის მიზეზი, რომ ექიმი პაციენტს ევთანაზიას არ გაუკეთებდა.

ცნობილი ფაქტია, რომ საქართველოში მოქმედებს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ, რომლის თანახმადაც ექიმს აქვს უფლება, პაციენტის სურვილის მიხედვით შეწყვიტოს მკურნალობა და გამორთოს იგი აპარატიდან, თუმცა ამასთანავე მნიშველოვანია აღინიშნოს ის ასპექტიც, რომ საქართველოში უპირატესია ადამიანის სიცოცხლის უფლება, რომელიც არ აძლევს სხვას ნებართვას შეზღუდოს ინდივიდის სიცოცხლის უფლება.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა სახელმწიფოში განსხვავებული კანონები შეიძლება არსებობდეს და მოქმედებდეს ამ საკითხთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ ექიმს აქვს არჩევანის თვაისუფლება - არსებითად მისი დეონტოლოგიური ნებელობა - რის შედეგადაც მან ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს რომელ კანონებს დაემყაროს მისი გადაწყვეტილება - კონსტიტუციურს თუ პაციენტის უფლებების კანონს.

     საბოლოოდ კი ვიტყოდი, რომ როგორ სენტიმენტალურადაც არ უნდა ჟღერდეს და ჩანდეს ექიმის ერთი შეხედვით ე. წ. „რობოტული“ და მხოლოდ პრაგმატულ მოტივებს დაქვემდებარებული მოქმედებები, სინამდვილეში, თუკი უფრო ღრმად დავუკვირდებით საკითხს, ექიმის პროფესიული ეთიკა - ამ უკანასკნელის ფართო და საყოველთაო გააზრებით - და დეონტოლოგიური მოწოდება მიმართულია ხელშესახები და ნაყოფიერი შედეგისაკენ (რომელიც გულისხმობს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას), და რომელი მოწოდებაც და ნებაც დაცლილია ყოველგვარი გრძნობითი ელემენტებისა თუ აბსტრაქტულ-პირობითი მორალური და ზნეობრივი ღირებულებებისაგან, რა ღირებულებებიც შესაძლოა, თითოეული ინდივიდისათვის განსხვავებული და სპეციფიკური აღმოჩნდეს. ექიმი საკუთარი არჩევანით მიუკერძოებელია და განყენებული ჩამოთვლილი ყოველგვარი არახელშესახები ფასეულობისაგან და იგი აღასრულებს საკუთარ საქმესა და მოვალეობას ყველაფრისდა მიუხედავად - თანაგრძნობა იქნება ეს, იდეოლოგიური თანხმობა, პიროვნული ზნეობრივი გადაწყვეტილება თუ სხვა.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.