დეონტოლოგიური იდეის მიხედვით, ქმედებათა და გადაწყვეტილებათა შეფასება და მათი მართებულობის განსაზღვრა, განსხვავებით უტილიტარისტული ხედვისა, არ ხდება რეზულტატის მიხედვით, თუ როგორი შედეგი დაგვიდო ამგვარმა გადაწყვეტილებამ თუ ქმედებამ. დეონტოლიგიური გააზრება გულისხმობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მორალის პრინციპებზე დაფუძნებულ მსჯელობას და შესაბამისად მოქმედებას. სწორედ ამ პრინციპებს განიხილავს მეთვრამეტე საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსი, იმანუელ კანტი და აყალიბებს რამდენიმე პრინციპს, ვალდებულებას, იმპერატივს, რომლებითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ ამა თუ იმ ქმედების განხორციელებისას. ამ იმპერატივებს ყოფს კატეგორიულად და ჰიპოთეტურად. კატეგორიული იმპერატივი გულისხმობს, რომ ის უნივერსალურია და ყველა ადამიანი, მიუხედავად მათი სურვილებისა, მიზნებისა, შეხედულებებისა, უნდა დამორჩილდეს ამა თუ იმ მორალურ წესს.
კანტი სწორედ ამგვარ პრინციპს იყენებს სუიციდთან მიმართებაში. მისი პოზიცია ცალსახაა და კატეგორიული წინააღმდეგია სუიციდისა. თვლის, რომ თვითმკვლელობა ყოველთვის გაუმართლებელი და არასწორი ქმედებაა ნებისმიერი ადამიანისათვის, ნებისმიერი გარემოებასა და სიტუაციაში. და რითი ხსნის და ასაბუთებს ის თავის მოსაზრებას? მისთვის ამოსავალი წერტილი და ადამიანის ფუნდამენტალური ღირებულება რაციონალურობაა. ადამიანი რაციონალური, მოაზროვნე ცხოველია, რაც გულისხმობს, რომ მას აქვს უნარი და შესაძლებლობა, იფიქროს და იმსჯელოს ლოგიკურად და მიზეზებსა და მიზნებს შორის კავშირი დაამყაროს. სუიციდის აქტი კი ემოციურ ფონზე მიღებული გადაწყვეტილების მიღების შედეგია, რასაც კავშირი არ აქვს რაციონალურ აზროვნებასთან. კანტი თვლის, რომ ის, რაც ადამიანს სუიციდისაკენ უბიძგებს, არის საკუთარი თავის სიყვარული, რომელიც აიძულებს, მიმართოს თვითმკვლელობას, რათა თავი დააღწიოს სასოწარკვეთას, უიმედობას, იმედგაცრუებას, დაასრულოს საკუთარი სიცოცხლე ნაადრევად, ვინაიდან თავი აარიდოს იმ შესაძლო ნეგატიურ მოვლენებს, რაც, მათი აზრით, თავს გადახდებათ, თუკი არსებობას გააგრძელებენ. მიმაჩნია, რომ კანტის ეს ვარაუდი საკმაოდ უხარისხო და ტლანქია. შევეწინააღმდეგებოდი იმ თვალსაზრისში, რომ სუიციდი შეიძლება არა საკუთარი თავის სიყვარულით იყოს გამოწვეული, არამედ პირიქით. თუ გქონიათ შეხება სუიციდისკენ მიდრეკილ ადამიანებთან, ადვილად შეამჩნევთ, რომ მათ საკუთარი თავის სიყვარულის არაფერი სცხიათ. გამუდმებით დეპრესიაში არიან, საკუთარ თავს მიიჩნევენ ყველა უბედურების მიზეზად და თვლიან, რომ თუ სიცოცხლეს დაასრულებენ, მათ საცოდაობასთან ერთად სხვების ტანჯვასაც მოუღებენ ბოლოს, რომლის მიზეზადაც ისევ და ისევ საკუთარ თავებს მოიაზრებენ. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია.
სუიციდი არაერთი რელიგიური თვალსაზრისითაც გაუმართლებელი და დაგმობილია, ვინაიდან ადამიანი ღმერთის საკუთრებად მიიჩნევა, შესაბამისად, მას არ აქვს უფლება, ღმერთისგან ბოძებულ სიცოცხლეს საკუთარი ნებითვე მოუღოს ბოლო. ვინაიდან კაცის კვლა უმაღლეს ცოდვად მიიჩნევა, თვითმკვლელობას მისგან არაფერი განასხვავებს გარდა იმისა, რომ მკვლელის მსხვერპლი თავად მკვლელია. კანტი მაინც ცდილობს, რომ რელიგიური შეხედულებები და მორალური პრინციპები ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რადგან რელიგიური შეხედულებები სხვადასხვაგვარია, მორალური პრინციპები კი ყველასათვის უნივერსალური და საყოველთაო. მიუხედავად იმისა, რომ სუიციდი არაერთ კულტურაში ტაბუდადებული და დაგმობილი თემაა, ზოგიერთ მოძღვრებაში, ისეთი, როგორიც მაგალითად კონფუციონიზმია, თვითმკვლელობა წახალისებულიც კია იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი საკუთარ ღირებულებებს უღალატებს, ეს კი სიკვდილზე უარესია. მოკლედ რომ ვთქვათ, თვითმკვლელობა მორალურად გამართლებულია, თუ ის ღირებულებების გამოა განხორციელებული.
დასკვნის სახით ვიტყვი, რომ მიუხედავად კანტის მიდგომისა, მორალური პრინციპები საყოველთაოდ აღიქვას და ადამიანთა მორალური ქცევები ერთ ჩარჩოში მოაქციოს, ჩემი აზრით, შეუძლებელია კონკრეტული ქმედება სხვადასხვა კულტურის, ტრადიციის, თვითშეგნების მქონე ადამიანების მიერ ერთნაირად იქნეს აღქმული.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.