ENG GEO

Search form

პიროვნების თავისუფლებისა და საერთო კეთილდღეობის დაპირისპირება

ყველა ადამიანს თავისუფლება ბუნებრივად გააჩნია. ამავდროულად, ყველა მათგანს გააჩნია მოთხოვნილებები, რომელთა დასაკმაყოფილებლად ისინი თავისუფლად და დამოუკიდებლად იბრძვიან. თუმცა პრობლემა ჩნდება იქ, სადაც ინდივიდთა ინტერესები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მათი თავისუფლების ფარგლებში განხორციელებული ქმედებები კი ერთმანეთს გზაზე ეღობება.

გარდა ცალკეულ პირთა ინტერესებისა, საზოგადოებაში არსებობს ისეთი ცნებაც, როგორიცაა საერთო კეთილდღეობა და ხშირად, ადამიანის მოქმედებები საერთო კეთილდღეობის იდეას ეწინააღმდეგება. პიროვნების მოთხოვნილება შეიძლება მას უბიძგებდეს ისეთი ქმედებისკენ, რომელიც სხვისი თავისუფლების სფეროში იჭრება და ლახავს მას. საერთო კეთილდღეობა შეიძლება განვმარტოთ როგორც საზოგადოებაში ისეთი ზოგადი პირობების არსებობა, რომელიც ყველა მისი წევრისათვის თანაბრად სასარგებლოა. საერთო კეთილდღეობის არსებობისათვის აუცილებელია, რომ ამ პირობათა განსახორციელებლად არსებობდეს შესაბამისი სამართლებრივი და სოციალური ინსტიტუტები. ლოგიკური იქნებოდა, რომ ყველა ინდივიდი აღიარებდეს ამგვარი სისტემის არსებობას, რადგან ამ პირობების არსებობით ისინიც მიიღებენ სარგებელს, თუმცა ეს ასე არ არის და საერთო კეთილდღეობის იდეა ხშირად იწვევს დავას.

პირველი და ძირითადი პრობლემა არის ის, რომ საერთო სიკეთის იდეა პლურალისტულ საზოგადოებაში ყველას ერთნაირად არ ესმის. ინდივიდთა მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ყველა ადამიანი სხვაგვარად აღიქვამს იმას, თუ რა არის მისთვის სასარგებლო და რა - არა. აქედან გამომდინარე, რთულია ისეთი სამართლებრივი სისტემის მიღება, რომელზეც მთელი საზოგადოება შეთანხმდება. თუნდაც საზოგადოება შეთანხმდეს, რომ რაღაც ღირებულება არსებობს, სადავო იქნება ამ ღირებულების ფასი საზოგადოების თითოეული წევრისათვის. კონსტიტუციით, რომელიც საზოგადოების საერთო ნებას გამოხატავს, განმტკიცებულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. ეს უფლება ასევე მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, დასაქმდეს მისთვის სასურველ სამსახურში, თუმცა საზოგადოებისთვის პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, როგორც ღირებულება, მეორე საფეხურზე გადადის, როცა ის საზოგადოების მორალს ეჯახება, მაგალითად პროსტიტუციის შემთხვევაში. საზოგადოება ასევე თანხმდება, რომ ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, თუმცა რა ხდება თუ ეს უფლება სხვა უფლებით დაცულ სფეროში იჭრება? მაგალითად, რა ხდება, როდესაც სხვისი გამოხატვის თავისუფლება მე რეპუტაციას მილახავს, ან ჩემს რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს? რომელ ღირებულებას უნდა მივანიჭოთ უპირატესობა?

პრობლემაა ისიც, რომ ამგვარი საერთო სიკეთეების არსებობა აიძულებს ყველას, რომ იმოქმედონ რაღაც ისეთი იდეის მისაღწევად, რომელიც შეიძლება მათ საერთოდ არ სურდეთ. ეს აშკარად ზღუდავს მათ თავისუფლებას.

ჩვენ არჩევანის წინაშე ვდგავართ იმ საზოგადოებას შორის, სადაც ადამიანები მზად არიან გაიღონ მოკრძალებული მსხვერპლი საერთო სიკეთისათვის ან სადაც ინდივიდები ეგოისტურად იცავენ საკუთარ ინტერესებს. მაშ, როგორ უნდა მოხდეს ისე, რომ საზოგადოებაში ინდივიდუალური თავისუფლება და საერთო კეთილდღეობა მაქსიმალურად მშვიდად თანაცხოვრობდნენ?

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ თავიდან ავიცილოთ ფართოდ გავრცელებული შეცდომები. კერძოდ, ინდივიდუალური თავისუფლება არ უნდა განვიხილოთ განყენებულად, ყველანაირი სოციალური ინსტიტუტისგან დამოუკიდებლად და რაც მთავარია, არ უნდა ვიფიქროთ, რომ საერთო კეთილდღეობისთვის ჩვენი თავისუფლების ნაწილის დათმობა ინდივიდუალურ თავისუფლებას ებრძვის. ანალოგიურად, არ უნდა მივიჩნიოთ, რომ საერთო კეთილდღეობის იდეა უზენაესია და მას ყველა ინდივიდის თავისუფლება სრულად უნდა შეეწიროს (ისტორიამ ცხადად გვაჩვენა, რომ ეს მექანიზმი არ მუშაობს).

სამართლებრივი სისტემის ფორმირების პროცესში, პიროვნების თავისუფლება უნდა განვიხილოთ ინდივიდის იარაღად, რომელიც ეხმარება მას სრულყოს საკუთარი თავი, სრულყოფილ ადამიანში კი იგულისხმება არსება, რომელიც არის გამჭრიახი, შეუძლია სწორი გადაწყვეტილებების მიღება. მისი მამოძრავებელი უნდა იყოს „საკუთარი ინტერესი, სწორად გაგებული“ და ინტერესის სწორად გაგება გულისხმობს, რომ მისი გააზრება არ უნდა მოხდეს საზოგადოების ინტერესებისაგან მოწყვეტილად.

როგორც ვაჟა-ფშაველა „რა არის სამართალში“ წერდა: “ძმობა, ერთობა მარტოოდენ შტოებია იმ ხისა, რომელსაც თავისუფლება ჰქვიან. საცა არ არის თავისუფლება, იქ ვერ იპოვნით ძმობა-ერთობას, იქ შეჰხვდებით მხოლოდ მტრობას, ქიშპობას, ჭამა-გლეჯას და მგლობას.“ ერთობა, საერთო კეთილდღეობა ვერ იარსებებს თავისუფლების გარეშე, ხოლო მეორე მხრივ, თავისუფლებაც ვერ იარსებებს სამართლის მიერ დაწესებული შეზღუდვების გარეშე. მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ პიროვნების თავისუფლება არ არის მოწყვეტილი ერის კეთილდღეობისგან, რადგან სწორედ ასეთი სახელმწიფო უზრუნველყოფს შემდგომში ჩვენი თავისუფლების განხორციელებას.

საბოლოოდ, როგორ უნდა მოვექცეთ ჩვენს თავისუფლებას? პასუხი ისაა, რომ ამ თავისუფლებით უნდა განვავითაროთ საკუთარი პიროვნება, ვეცადოთ მის სრულყოფას. ჩამოყალიბებული და სრულყოფილი ინდივიდები კი საბოლოო ჯამში ქმნიან ისეთ საზოგადოებას, რომელიც შემდეგში ჩვენივე თავისუფლებას დაიცავს.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.