ENG GEO

Search form

თავისუფლებისა და თანასწორობის "ბრძოლა"

თავისუფლება დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითადი პრინციპია. თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოთა უმეტესი ნაწილი მიზნად სწორედ თავისუფლების იდეის ჩასახვასა და შემდგომ განვითარებას ისახავს. შედეგად კი, როგორც არისტოტელეც მიუთითებდა, მხოლოდ ამ სახელმწიფოში აქვს ყველას თავისუფლება. თავისუფლების ერთერთი ძირითადი მახასიათებელია, რიგ-რიგობით ყველა არჩეული იქნეს ხელმძღავენელად და ქვეშევრდომად, კანონზომიერად. მოცემული მოწყობის სახელმწიფოში სათავეში მოქალაქეები არიან, სახელმწიფოს მიზანი კი ისაა, რასაც უმრავლესობა ფიქრობს, ანუ მიზანსაც ხალხი განსაზღვრავს და ის მიიჩნევა სამართლიანად.

მეორე მხრივ, იმ გავრცელებული შეხედულების თანახმად, რომელიც ისევ და ისევ დემოკრატიულ სახელმწიფოებს ახასიათებთ, ყველა მოქალაქეს, განურჩევლად სოციალური სტატუსისა თუ ნებისმიერი სხვა მახასიათებლისა, თანასწორი უფლებები უნდა ჰქონდეს. სწორედ აქედან გამომდინარე, დემოკრატიული მმართველობის პირობებში ღარიბი მეტად ძლიერია, ვიდრე მდიდარი. უმრალესობაა ძლიერი, სწორედ მისი პრინციპები, იდეები თუ შეხედულებაა გადამწყვეტი.

დემოკრატიულ სახელმწიფოში ნებისმიერი ადამიანი ისე ცხოვრობს, როგორც თავად სურს, წარსულისგან განსხვავებით შეზღუდული, ჩარჩოში მოქცეული აღარაა. ეს თავისუფლების შედეგია. თავისუფალ და დამონებულ ადამიანებს თუ შევადარებთ, ძნელი შესამჩნევი არ იქნება, მონობას ერთადერთი შედეგი მოსდევს და ისიც თავისუფლების იდეის საწინააღმდეგო - ადამიანი მკვეთრად, მკაცრად დახაზულ ჩარჩოში ბრუნდება და კარგავს ნებას, იცხოვროს ისე, როგორც სურს. დასკვნა, რომელიც ამ შედეგთა შედარებიდან გამომდინარეობს ისაა, რომ ადამიანი საკუთარი თავის ბატონი უნდა იყოს, არავის უნდა ემორჩილებოდეს, ან ამ უკანასკნელს კანონზომიერად, რიგ-რიგობით უნდა უშვებდეს. ესაა თავისუფლების პრინციპი, რომელიც ეფუძნება ადამიანთა თანასწორობის იდეას.

თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპები უდევს საფუძვლად დემოკრატიას და ისინი განსაზღვრავს მმართველობის ამ ფორმის ნიშნებს, რომ მმართველს ირჩევს ყველა, რომ ყველა თანამდებობა და პოზიცია არჩევითია, თუმცა ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად. ქონებრივი ცენზის იდეასაც არღვევს დემოკრატია, იმისთვის, რომ გახდე წარმატებული, სურვილისამებრ დაიკავო თანამდებობა, ამისთვის აღარაა საჭირო დიდი ქონება. შემდეგია ის, რომ სასამართლოს გზით საკუთარი სიმართლის დამტკიცება დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველას შეუძლია და სხვა.

მაშ ასე, თანასწორობა და თავისუფლება დემოკრატიისთვის არსებითად მნიშვნელოვანი იდეებია, რომლებიც, როგორც ვნახეთ, შინაარსობრივად მეტად განსხვავდება, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში, შეიძლება ერთმანეთისგან გამომდინარეობდეს ან ერთი მეორეს განსაზღვრავდეს. თუმცა საკამათოა ის, თუ რომელი რომელს. იმის გასარკვევად, ეს ორი პრინციპი ერთმანეთს აბალანსებს თუ პირიქით, მათი თანაარსებობა შეუძლებელია, ცნებათა სწორი განსაზღვრება გადამწყვეტი ნაბიჯია.

როგორც თანასწორობის, ისე თავისუფლების განსაზღვრების ერთზე მეტი გზა არსებობს. მაგალითად, თანასწორობის მინიმუმ ორი ცენტრალური კონცეფცია არსებობს. ერთს შეგვიძლია ფორმალური თანასწორობა დავარქვათ, რომელიც ყოველთვის არსებობს და მისთვის პიროვნების ვინაობა უმნიშვნელოა. მაგალითად, თუ არსებობს კანონი, რომელიც კრძალავს მკვლელობას, მას ყველა ემორჩილება, მიუხედავად იმისა, თუ რას წარმოადგენს ადამიანი. თანასწორობის ეს კონცეფცია შეიძლება თანაარსებობდეს თავისუფლების იდეასთან და ერთმანეთს აბალანსებდნენ კიდეც. თუმცა არსებობს თანასწორობის მეორე განსაზღვრებაც, რომელსაც შეგვიძლია მატერიალური თანასწორობა ვუწოდოთ. თანასწორობის ეს სახე ეხება ცხოვრების ისეთ ასპექტებს, რომლებიც გაზომვადი, დათვლადი, განსაზღვრადია, როგორიცაა, მაგალითად, ქონება და სიმდიდრე. ისეთი საზოგადოების ფორმირება, რომელშიც ადამიანები მატერიალურად თანასწორნი იქნებიან, უპირველეს ყოვლისა, შეიძლება შეუძლებელიც კი იყოს. მეორე მხრივ კი ეს პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის თავისუფლებასთან. ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება, თავისუფალი ნებით მიიღოს გადაწყვეტილებები, აირჩიოს ან უარყოს ღირებულებები, ცხოვრების წესი, მიიღოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რა არის მისთვის სიმდიდრე და რას სურს, ემსახუროს. საზოგადოებაში, რომელიც ასეთი მრავალფეროვანი და თავისუფალი ადამიანებითაა დაკომპლექტებული, მატერიალური თანასწორობის მიღწევა, როგორც აღვნიშნე, შეუძლებელიც კი იქნება ან მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მიიღწეს, თუკი ადამიანებს თავისუფლებას სრული მოცულობით, მთლიანად შევუზღუდავთ.

საბოლოოდ, თანასწორობისა და თავისუფლების თანაარსებობა შესაძლებელია, მეტიც, მათ შორის ბალანსის პოვნა და ამ ფორმით სახელმწიფოს მთავარი ინტერესების, მიზნებისა თუ შეხედულებების განსაზღვრა დემოკრატიის წარმოშობის ან/და განვითარების საფუძველიც კი შეიძლება გახდეს.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.