ENG GEO

Search form

ფსიქოლოგიური ეგოიზმი და უანგარო სიკეთე

ეთიკური ეგოიზმის ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სამეცნიერო თეორიაზე, რომელიც ფსიქოლოგიური ეგოიზმის სახელით არის ცნობილი. ფსიქოლოგიური ეგოიზმი საკმაოდ მარტივად ხსნის ყველა ჩვენი ქმედების მოტივს, ის ამბობს რომ ადამიანის ყოველი ქმედება ემსახურება საკუთარ ინტერესს. არის თუ არა ეს საკმარისი ეთიკური ეგოიზმის დასამტკიცებლად სხვა საკითხია, მე მაინტერესებს რამდენად შეესაბამება სიმართლეს ფსიქოლოგიური ეგოიზმის თეორია.

მიუხედავად იმისა რომ თეორიას მარტივი შინაარსი აქვს, აღმოჩნდა რომ, აზრები ყოველთვის ორად იყოფა და არ მგონია რომ ეს მომავალში შეიცვლება. ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავი მაგალითი გვხვდება, როდესაც ადამიანები საკუთარი ინტერესების დასაცავად მოქმედებენ და ვფიქრობ სწორედ ამიტომ ჰყავს ამ თეორიას ამდენი მხარდამჭერი. ის რომ პიროვნება საკუთარ თავზე ზრუნავს გასაკვირი არ არის, მაგრამ იმის დაჯერება რომ ყველაფერი რასაც ვაკეთებთ, მათ შორის წესით არა ეგოისტური საქციელები, ქველმოქმედება და სიკეთეც საკუთარ ინტერესებს ემსახურება, ერთი შეხედვით არარეალური ჩანს. მაგრამ მოდით უფრო ღრმად გავიაზროთ სხვისთვის მიძღვნილი ქმედებები, ქველმოქმედება საკმაოდ გავრცელებული გზაა იმიჯის შესაქმნელად, პოპულარობის და მადლიერების მოსაპოვებლად, ბევრ ბიზნესმენს, პოლიტიკოსს და საზოგადოების სხვადასხვა წევრს სურს სიკეთის კეთებით დაამახსოვროს ხალხს თავი და ეს ქველმოქმედება სწორედ მათ ინტერესებს ემსახურება. შეიძლება იგივე ითქვას მოხალისეობრივ საქმიანობაზეც, უმეტესად მთავარი მიზანი საკუთარი რეზიუმეს მრავალფეროვნებაა, ან იმის დამტკიცება რომ საზოგადოებისთვის სარგებლის მოტანა შეგიძლია. თეორიის მხარდამჭერებს სწამთ რომ ის სიკეთეც კი, რომელის შესახებაც შეიძლება მხოლოდ შენ იცოდე, არ გამოდის უანგარო, რადგან სიკეთის კეთებას ყოველთვის ახლავს თვითკმაყოფილების შეგრძნება რომელიც თავს კარგად გაგრძნობინებს და შეიძლება იმაზე მეტადაც გაგიხარდეს, ვიდრე იმას, ვისაც გაუკეთე ეს სიკეთე. სწორედ ასე ხსნიან ყველა ქმედებას, რომელიც ერთი შეხედვით საკუთარ ინტერესებს არ ემსახურება. არ აქვს მნიშვნელობა რას გააკეთებ, მაშინაც კი თუ თავს გაწირავ, ან შენს სიცოცხლეს საფრთხეში ჩაიგდებ უცხო ადამიანის გადასარჩენად, ვერ ჩაიდენ უნგარო სიკეთეს, რადგან ის არ არსებობს, ყველა შენი საქციელის მოტივი შენივე კეთილდღეობაა.

თეორიის მოწინააღმდეგეები ასახელებენ იმ მრავალ მავნე ჩვევას, რომლებიც ადამიანებს ახასიათებთ და რომლებსაც არანაირი კეთილდღეობა არ მოაქვთ მათთვის, მაგალითად სიგარეტი, ნარკოტიკები... მაგრამ რაც მთავარია ისინი უარყოფენ ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვან რწმენას, რასაც ფსიქოლოგიური ეგოიზმის თეორია ეფუძნება, ისინი ამბობენ რომ არსებობს უანგარო სიკეთე, რადგან ის კმაყოფილების შეგრძნება, რომელიც შენს ქმედებას მოყვება არ იყო შენი ქმედების მთავარი მოტივი, ის არის შედეგი, რომელიც მას შემდეგ ხდება რაც შენ სიკეთეს სხვისთვის ჩაიდენ, ამიტომ ის ადამიანი რომელიც სხვის გადასარჩენად საკუთარ თავს საფრთხეში ჩაიგდებს, სხვისი სიცოცხლის დასაცავად მოქმედებს და არა საკუთარი კმაყოფილებისთვის. ფილოსოფოსი ჯოელ ფეინბერგი ექსპერიმენტის სახით ადამიანის მთავარ მოტივად ბედნიერების ძიებას აქცევს, ეს ადამიანი ვერ იპოვის იმ ბედნიერების და კმაყოფილების შეგრძნებას, რაც სხვა მოტივის შემთხვევაში შეიძლებოდა მარტივად ეპოვნა, ეს ექსპერიმენტი უარყოფს ამ თეორიის ჭეშმარიტებას.

ფსიქოლოგიური ეგოიზმის მართებულობა სადაო საკითხია, ისევე როგორც უანგარო სიკეთის არსებობა თუ არ არსებობა. როგორც უკვე ვთქვი არ მგონია ამ მიმართულებით რამე შეიცვალოს, შესაბამისად ეს არგუმენტი ეთიკური ეგოიზმის დასაცავად არ გამოდგება

 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.