ENG GEO

Search form

სამართლიანობა, როგორც შუალედი და მისი პრობლემა

"ნიკომაქეს ეთიკაში" არისტოტელე ამბობს, რომ სამართლიანობა წარმოადგენს რაღაც შუალედს, რაც მინიმუმ ორს შორის უნდა არსებობდეს. როდესაც რაღაცას ვათანასწორებთ, არისტოტელეს აზრით, სწორედ ამ დროს ჩავდივართ სამართლიან აქტს, რაც თავად სამართლიანობის, როგორც მთელის, შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. არისტოტელე აზრს იმ კუთხით ანვითარებს, რომ სამართლიანობის წარმოჩენისას, მას, ანუ სამართლიანობას გარკვეულ პროპორციად სახავს, პროპორციად, რომელიც დამოუკიდებლად არსებობს და მასზე, მის შინაარსზე თუ ცნებაზე შეუძლებელია რაიმემ ისე იმოქმედოს, რომ იგი შეიცვალოს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ნიკომაქეს ეთიკაში" არისტოტელე სამართლიანობის, როგორც რაღაც შეუცვლელისა და ხელშეუხებელის კონცეფციას ავითარებს და მას უწოდებს ე.წ. შუალედს, რომელიც ყველაფერს ათანაბრებს და ათანასწორებს.

არისტოტელე ახსენებს, რომ რამდენადაც სამართლიანობა პროპორციაა, შესაბამისად უსამართლობა ამ პროპორციის დარღევაა და ამგვარად პროპორციას ეწინააღმდეგება. თუ ვიღაც იღებს მეტს, ვთქვათ, უსამართლო კაცი სარგებელს, ხოლო უსამართლო კაცის საქციელით დაზარალებული ადამიანი - ნაკლებს, მაშინ, გამოდის, რომ სწორედ ეს პროპორციაა დარღვეული და სახეზე უსამართლობა გვაქვს. სამართლიანობის მთელი შემდეგი ანალიზისას არისტოტელე ძირითადად სწორედ ამ ლოგიკას მიჰყვება და თანასწორობას სახავს მთავარ მამოძრავებელ ძალად. თუმცა აქ ჩნდება კითხვა იმის შესახებ, არის თუ არა რეალურად სამართლიანი მეტისა და ნაკლების გათანასწორება და არის თუ არა შემთხვევები, როცა ეს თავად შეიძლება გახდეს უსამართლობა?

ამ კითხვის დასმისას საჭიროა ზოგადად განისაზღვროს, რა შემთხვევაში შეიძლება იყოს მეტის მიღება უსამართლობა და რა შემთხვევაში არა. ზემოთ მოყვანილი მაგალითში არისტოტელეს ლოგიკა გასაგებია და სწორ მსჯელობას ემყარება, რადგანაც უსამართოდ ჩადენილი საქციელიდან მიღებული სარგებელი მართლაც მეტობას წარმოადგენს და თანაც სხვის ხარჯზე. მაგრამ, თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ ყოველგვარი მეტ-ნაკლებობა, რომელიც სულ მინიმუმ ორ ადამიანს შორის არსებობს, შესაძლოა წარმოჩინდეს, როგორც შუალედის დარღვევა, რომელიც პროპორციულობას ეწინააღმდეგება და ამის გამო უსამართლოდ ჩავთვალოთ იგი, ვფიქრობ, ამით თავად თანასწორობის ცნებას ადგება საფრთხე. თანასწორობა არ უნდა იქნეს პირდაპირ გაგებული, როგორც რაღაც, რაც არც მეტია და არც ნაკლები. შესაბამისად, თუ ვიღაცას რაღაც მეტი აქვს, არ ნიშნავს, რომ უსამართლობას აქვს ადგილი.

როდესაც მსჯელობა მიდის იმის შესახებ, თუ ვის აქვს მეტი და ვის ნაკლები, ყურადღების გამახვილებაა საჭირო იმ ფაქტზე, თუ რა ვითარებაში მოხდა მსგავსი შედეგის დადგომა. არსებობს ობიექტური კატეგორიები, რითაც შეიძლება ეს აიხსნას. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს დამსახურება. ადამიანმა ან ადამიანთა ჯგუფმა საკუთარი მოქმედებებით შესაძლებელია კეთილსინდისიერად მოიპოვონ სარგებელი, ხოლო სხვებმა ეს ვერ შეძლონ, მათთან მიმართებაში ისინი ნაკლებნი იქნებიან და ამ ლოგიკით პროპორციულობა დარღვეული იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე უსამართლობას ჰქონდა ადგილი. აქ უნდა გავითვალისწინოთ ის პირობები, რომლებშიც უწევთ ადამიანებს ოპერირება, ეს პირობები კი მართლაც ყველასათვის თანასწორი უნდა იყოს, რათა შესაძლებლობების რეალიზაცია ყველამ მაქსიმალურად მოახერხოს, ხოლო შემდგომ დამდგარი შედეგი უკვე, რა თქმა უნდა, განსხვავებული იქნება, ამ მეტ-ნაკლებობასაც ექნება ადგილი, თუმცა ასეთ დროს რთული იქნება იმის თქმა, რომ რაიმე სახის უსამართლობას აქვს ადგილი.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.