ENG GEO

Search form

კანტის კატეგორიული იმპერატივები და მათი მიმართება სუიციდთან

დეონტოლოგია არის იდეა, რომელიც მიიჩნევს, რომ “სწორი” და “არასწორი” ქმედება ერთმანეთისგან გაიმიჯნება გარკვეულ მორალურ ვალდებულებებზე დაფუძნებით და არა მისი შედეგით. ეს თეორია შეგვიძლია დავუკავშიროთ იმანუელ კანტს, რომლისთვისაც მხოლოდ თავად ქმედების არსი შეიძლებოდა ყოფილიყო სწორი ან არასწორი და არა მისი შედეგი. რაზე დაფუძნებით შეიძლება გავაკეთოთ ეს გამიჯვნა? კანტი მიიჩნევს, რომ ქმედება მორალურად გამართლებულია, თუკი ის ეხმიანება კატეგორიულ იმპერატივს, ემსახურება ვალდებულების შესრულებას. 

“იმპერატივი” გულისხმობს ბრძანებას, შესაბამისად, თუ ბრძანება კატეგორიულია, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებამ უნდა შეასრულოს ეს ვალდებულება, მიუხედავად იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ამის მიმართ. კანტის აზრით, სწორედ კატეგორიული იმპერატივების სახეს იღებს მორალური ვალდებულებები, რომლებიც უნდა შევასრულოთ, ჩვენი სურვილების მიუხედავად. 

როგორ ყალიბდება ის ვალდებულებები, რომელზე დაფუძნებით შესრულებული ქმედება მორალურ ღირებულებას იღებს? ამისთვის კანტი ფორმულირების გარკვეულ გზებს აყალიბებს. პირველ რიგში, ის მიუთითებს, რომ მორალურად გამართლებული მოქმედებისთვის, უნდა მოვიქცეთ ისეთი პრინციპების შესაბამისად, რომელიც გვსურს და რაც მთავარია, შესაძლებელია, რომ უნივერსალურ ვალდებულებად იქცეს. 

ამასთან ერთად, კანტი ხაზს უსვამს იმას, რომ ქმედება მორალურად გამართლებულად რომ ჩაითვალოს, არ უნდა გამოვიყენოთ ადამიანები, როგორც მიზნის მიღწევის საშუალება. თუ ამას გავაკეთებთ, ითვლება, რომ მათ რაციონალურ არსებებად ვერ აღვიქვამთ, რაც მორალურად გაუმართლებელია. 

ერთ-ერთი შემთხვევა, რომელსაც იმანუელ კანტი კატეგორიული იმპერატივების საფუძველზე ხსნის, არის სუიციდი. ფილოსოფოსს კატეგორიული მიდგომა აქვს ამ საკითხის მიმართ და მიიჩნევს, რომ სუციდი ყოველთვის გაუმართლებელია. როგორც უკვე აღინიშნა, ის აყალიბებს გარკვეულ გზებს, რათა ქმედების მორალური ღირებულება განსაზღვროს. სწორედ ამ ფორმულებს უსაბამებს თვითმკვლელობის მაგალითს კანტი. 

ქცევის რა პრინციპს ეფუძნება თვითმკვლელობა? კანტი მიიჩნევს, რომ სუიციდის ყველა შემთხვევა დაფუძნებულია სამყაროში არსებული მანკიერებებისგან თავის არიდების სურვილზე. შესაბამისად, როცა ინდივიდი ამ მოტივით მოქმედებს, მისი ქცევა ეფუძნება შემდეგ პრინციპს: საკუთარი თავის სიყვარულის გამო, მე შევამოკლებ ჩემი ცხოვრების ხანგრძლივობას, თუკი მისი გაგრძელება სიამოვნებაზე მეტ ტკივილს მომგვრის. თუ გავყვებით პირველ ფორმულას, ვდგებით კითხვის წინაშე: შეიძლება თუ არა ამ პრინციპის უნივერსალიზაცია? კანტი მიიჩნევს, რომ ეს შეუძლებელია, ვინაიდან მისთვის გაუგებარია, როგორ უნდა ვისურვოთ, რომ ყველა რაციონალურმა არსებამ, საკუთარი თავის სიყვარულის შედეგად, თავი გაინადგუროს. მისი აზრით, ეს ორი შემთხვევა წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან, შესაბამისად, ჩნდება ისეთი სახის ვალდებულება, რომელსაც კანტი იდეალურს უწოდებს, რომ თვითმკვლელობა არ ჩავიდინოთ. 

კანტის აზრს უნდა შევეწინააღმდეგო სუიციდის მოტივის ნაწილში. ვფიქრობ, არ შეიძლება ავტომატურად მივიჩნიოთ, რომ თვითმკვლელობის საფუძველი საკუთარი თავის სიყვარულია. თუ დავუშვებთ, რომ თვითმკვლელობა არაა განპირობებული ამ მოტივით, დავინახავთ, რომ რეალურად არ წარმოიქმნება ის წინააღმდეგობა, რომელიც კანტს იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ სუიციდი მორალურად გაუმართლებელია. 

კანტი ადამიანებს, რომლებიც ეცდებიან თვითმკვლელობას, ძალიან უხეშად მოიხსენიებს და მათ ისეთი სიტყვებით მიმართავს, როგორიცაა “ნივთი”, “ურჩხული” და ა.შ. ამას მივყავართ კატეგორიული იმპერატივების მეორე ფორმულამდე, არ გამოვიყენოთ ადამიანები, როგორც მიზნის მიღწევის საშუალება, რადგან ყველა რაციონალური არსებები ვართ. კანტისთვის თვითმკვლელობის ჩადენა ნიშნავს, რომ ადამიანი საკუთარ თავს იყენებს სწორედ იმ მიზნის მისაღწევად, რომ განერიდოს ტკივილსა და ტანჯვას. ადამიანი საკუთარ თავს იყენებს, როგორც ნივთს და არა, როგორც რაციონალურ პიროვნებას. კანტის აზრით, ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ სუიციდი მორალურად გაუმართლებელია. ამის საფუძველი კი ის არის, რომ ამ ქმედებით ადამიანი თავის რაციონალურობას იგნორირებას უკეთებს და ფაქტობრივად, სხვებისგანაც იგივე დამოკიდებულებას ითხოვს. 

ვფიქრობ, ეს არგუმენტიც სუსტია, რადგან შესაძლებელია დავუშვათ, რომ ადამიანი თვითმკვლელობის ჩადენით პატივს სცემს საკუთარ რაციონალურობას. თავად კანტივე უსვამს ხაზს იმას, რომ ხანდახან მორალურად გამართლებულია ადამიანის მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენება, თუკი ამისთვის მისი თანხმობა გაქვს. სუიციდის შემთხვევაში, ნათელია, რომ თავად ინდივიდის გადაწყვეტილებაა, თავისი თავი მიზნის მიღწევის საშუალებად გამოიყენოს. შესაბამისად, ეს არ გამორიცხავს საკუთარი თავის, როგორც რაციონალური არსების პატივისცემას. 

კანტის პერსპექტივა დეონტოლოგიურ თეორიას რომ დავუკავშიროთ, უნდა მივიჩნიოთ, რომ სუიციდი გაუმართლებელია, რადგან ეწინააღმდეგება იმ მორალურ ვალდებულებას, რომ ადამიანის ცხოვრებას პატივი ვცეთ. ამის მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ დეონტოლოგია არ უყურებს შედეგს და მხოლოდ იმის საფუძველზე ამართლებს ქმედებას, რომ ის მორალური ვალდებულებითაა განპირობებული. შესაბამისად, შეიძლება დადგეს შედეგები, რომელსაც ყველა ადამიანი ვერ აღიარებს, ვინაიდან გამოირიცხება ის სუბიექტური დამოკიდებულება, რომელიც ადამიანს საკუთარი ცხოვრების ღირებულებასთან დაკავშირებით გააჩნია.

 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.