GE

"პოლიტიკური აფექტის სიმბოლური და ვიზუალური რეპრეზენტაციები პროტესტში"

24 მაისი 2024

კახა ბენდუქიძის კამპუსში ჩატარდა თავისუფალი უნივერსიტეტის მეხსიერებისა და შფოთვის კვლევის ლაბორატორიის სემინარი თემაზე: "პოლიტიკური აფექტის სიმბოლური და ვიზუალური რეპრეზენტაციები პროტესტში."

პოლიტიკური აფექტის სიმბოლური და ვიზუალური რეპრეზენტაციები პროტესტში პოლიტიკური აფექტისა და ემოციების როლი საპროტესტო აქციებში მეოცე საუკუნის ბოლომდე უგულებელყოფილი იყო. ათწლეულების მანძილზე, სოციალურ თეორიაში საპროტესტო ემოციები ირაციონალურობის ნაწილად აღიქმებოდა. თუმცა, დღესდღეობით, სოციოლოგიაში ემოცია აღარ იმიჯნება რაციონალურობისგან, სოციალური ანთროპოლოგიის წიაღში კი დაიბადა თეორია, რომელიც აფექტს სუბიექტის მიღმა არსებულ, სივრცეში განფენილ, ერთგვარ ენერგიად განსაზღვრავს. ამასთან მიმართებით ჩნდება რამდენიმე კითხვა: როგორ შეიძლება პოლიტიკური აფექტის კონცეპტუალიზაცია საქართველოს საპროტესტო აქციების მაგალითზე? მეთოდოლოგიურად როგორ არის შესაძლებელი აფექტის მოხელთება, რომელიც საპროტესტო აქციების სხვადასხვა განზომილებაში იჩენს თავს? როგორ შეიძლება გავაანალიზოთ აფექტური განწყობა, რომელიც დისკურსული, სიმბოლური და ვიზუალური რეპრეზენტაციების სახით არსებობს?

ეს საკითხები იყო განხილული რუსთაველის საპროტესტო აქციების მაგალითზე შემდეგი თემატიკის ფარგლებში:

  • "აქციისა და კონტრაქციის აფექტური პოლარიზაცია: თეორიული მიმოხილვა", ნინო ჟღენტი
  • "პროტესტის და კონტრპროტესტის ონლაინ დისკურსი სოციალურ მედიაში", თინათინ გოგბერაშვილი
  • “პარლამენტი ნახატებში და საპროტესტო ამბივალენტური აფექტი”, მარიამ კალანდაძე
  • “არა რუსულ კანონს” - საპროტესტო პოსტერების ვიზუალური ანალიზი: შინაარსი, სიმბოლოები და ემოციები", სალომე ჩხარტიშვილი
24 05 1 24 05 2 24 05 3 24 05 4 24 05 5