სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამა ამზადებს სამართლის ფართო ცოდნის მქონე კრიტიკულად მოაზროვნე იურისტებს. სამართლის პროგრამაში სტუდენტი სწავლობს როგორია, როგორ იქმნება, იცვლება და მოქმედებს თანამედროვე ქართული სამართალი. ამიტომ სამართლის პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს შეუძლია საქმიანობა ნებისმიერ პროფესიულ როლში - იქნება ეს სასამართლო პრაქტიკა თუ იურიდიული განათლება, მეწარმეობა, სამართლის კერძო თუ საერთაშორისო პრაქტიკა, საჯარო თუ საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობა.
ჩვენ ვთვლით, რომ იდეები არის მნიშვნელოვანი, რომ სამართლის შესწავლისა და კრიტიკულად გააზრებისათვის აუცილებელია იდეების შესახებ მსჯელობა. სამართლის შესწავლას ვუყურებთ, როგორც ლექტორებისა და სტუდენტების თავგადასავალს, რომლის დროსაც ერთად ვფიქრობთ რთული სამართლებრივი კონცეფციებისა და პრინციპების შესახებ.
სამართლის სკოლაში სამართლის შესწავლა და ანალიზი არ შემოიფარგლება ლექციებითა და სემინარებით და გრძელდება სამართლის კლინიკებში, სამეცნიერო ჟურნალებისათვის დაწერილ სტატიებში, იმიტირებულ სასამართლო პროცესებსა და საჯარო ლექციებზე გამართულ დებატებში.
პროგრამის ფარგლებში სამართლის შესწავლა და პროფესიული საქმიანობა ერთმანეთთან არის დაკავშირებული სავალდებულო პრაქტიკისა და საკონსტიტუციო, სისხლის, ადმინისტრაციული და ბიზნესის სამართლის კლინიკების საშუალებით, სადაც სტუდენტები სწავლბენ პროფესიულ საქმიანობას, სამართლებრივი დოკუმენტების წერას და რეალური სამართლებრივი პრობლემების გადაჭრას.
სამართლის სკოლის ლექტორები იკვლევენ სამართლისა და საზოგადოების ინტერაქციას მრავალი პერსპექტივიდან. ისინი არიან მოსამართლეები, კანონშემოქმედები, მკვლევარები, ადვოკატები და პრაქტიკოსი იურისტები.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამართლის ინტერდისციპლინარული კვლევა. ლექტორები და სტუდენტები აანალიზებენ სამართლებრივ პრობლემებს სოციალური, საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მეცნიერებების პერსპექტივებიდან სამართლისა და ეკონომიკის და კონსტიტუციონალიზმის საფუძვლების კურსებში.