ადამიანის ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი სახელმწიფოს ენიჭება. მისი წყობა, იდეოლოგია, პრინციპები მეტად განსაზღვრავს საზოგადოების ცხოვრებას. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს ცნება უკვე საუკუნეებია არსებობს და კაცობრიობას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილსა თუ დროში, მაინც ძალიან რთულია განსაზღვრა იმისა, თუ რა ტიპის სახელმწიფოს არსებობა არის ყველაზე ეფექტური და „კარგი“. ადამიანები დღემდე ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ როგორია ე.წ იდეალური სახელმწიფო; ამ „იდეალურობაში“ კი პირველ რიგში, ჩემი აზრით, იგულისხმება ის, თუ რამდენად საჭირო და სასარგებლო გადაწყვეტილებები მიიღება ხალხის, ინდივიდების კეთილდღეობისთვის. სწორედ ამ საკითხზე საუბრისას, არისტოტელე აღნიშნავს, რომ „საუკეთესო“ სახელმწიფო, უპირველეს ყოვლისა, არის სახე ცხოვრების წესისა, რომელიც 1. ხელმისაწვდომია მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის და 2. მისაღებია სახელმწიფოთა დიდი ნაწილისთვის.
მართალია, არ არსებობს ასე უნივერსალურად ჩამოყალიბებული და მიღებული სისტემა, რომელსაც უპირობოდ საუკეთესოს ეტიკეტი შეიძლება მივაკეროთ, თუმცა მაინც შეგვიძლია ვისაუბროთ გარკვეულ პრინციპებზე, რომელთა არსებობის გარეშეც, ვფიქრობ, ძალიან რთული, შეუძლებელი თუ არა, იქნება „იდეალური“ სახელმწიფოს მდგომარეობის მიღწევა. მაგალითად, იმისათვის, რომ სახელმწიფოში არსებული მდგომარეობა იყოს სტაბილური და იქ მცხოვრებ ხალხს ჰქონდეს ჰარმონიულად თანაცხოვრების შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ იყოს შეძლებისდაგვარად მაქსიმალური თანასწორობის დონე საზოგადოებაში.
კანონი უნდა იყოს უზენაესი - გათვალისწინებული იყოს ის პრინციპები, რასაც დეონტოლოგიური მსოფლმხედველობა გვთავაზობს, თუმცაღა, რა საკვირველია, იმ საზღვრების ფარგლებში, სადამდეც არ მოხდება ინდივიდთა თავისუფლების „არასწორი“ შეზღუდვა. სახელმწიფო ხელისუფლებაში მყოფმა ძალამ, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა დაიცვას ადამიანის სიცოცხლის უფლება და ყველასთვის უზრუნველყოს განათლების მიღება-გაღების უფლებაც და შექმნას ცხოვრებისთვის უსაფრთხო გარემო; ე.ი გათვალისწინებული უნდა იყოს ბუნებითი სამართლის პრინციპებიც. ყურადღებამისაქცევია, ასევე, ქონების ფაქტორიც - საჭიროა, რომ მოქალაქეები ელემენტარული საარსებო მინიმუმის შესაბამის ფინანსურ მდგომარეობას მაინც ფლობდნენ. თუმცაღა, ჩემთვის ყველაზე საინტერესო არის რაღაც ორი რადიკალური მხარის საკითხი; და სანამ კონკრეტულად ამ საკითხის შესახებ ვისაუბრებდე, აღვნიშნავდი, რომ არისტოტელე სახელმწიფოთა ორ ძირითად სახეს - დემოკრატიასა და ოლიგარქიას გამოყოფს; დანარჩენ წყობებს კი უბრალოდ მათ „გადახრად“ მიიჩნევს. აღნიშნულ სისტემათა განხილვა, მგონი რომ დაგვეხმარება სურათის უკეთ დანახვასა და აღქმაში. მაგალითად, ავიღოთ ოლიგარქია - ვფიქრობ, არაა რთული იმაზე საუბარი, თუ რა უარყოფითი მხარე ახასიათებს მას; ის გულისხმობს ერთი მდიდარი სოციალური ჯგუფის პრივილეგიას, რომელსაც მთელი ძალაუფლება აქვს თავმოყრილი და, ფაქტობრივად, უგულებელყოფს მოსახლეობის ღარიბ ფენას, რომლის წევრებსაც არ ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის მართვაში. ეს კი აბსურდულია და შეუძლებელია მსგავს პირობებში სახელმწიფომ „კარგ“ მდგომარეობას მიაღწიოს, ვინაიდან ღარიბები, როგორც წესი, სწორედაც რომ მოსახლეობის უმრავლესობას თუ არა, საკმაოდ დიდ ნაწილს მაინც წარმადგენენ და ხალხის ამხელა ნაწილის ინტერესების სრული იგნორირებით არამგონია სასურველი შედეგი დაიდოს. დემოკრატიაც კი, რომელიც ერთი შეხედვით სისწორეს ქადაგებს და მისთვის ინდივიდია მნშვნელოვანი, ხასიათდება ხარვეზებით; მართალია, ამ დროს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისას უმრავლესობის აზრის გათვალისწინება ხდება, თუმცა ეს ნებისმიერ სიტუაციაში მაინც და მაინც კარგ რამეს არ ნიშნავს - ჩვეულებრივად არსებობს იმის შანსი, რომ ამ უმრავლესობის აზრი სულაც არ იყო „სწორი“ და სპეციფიკური სიტუაციისთვის საუკეთესო გადაწყვეტა; ეს კი საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება ქვეყნის განვითარებაზე. ამავდროულად, იჩაგრებიან უმცირესობის წარმომადგენლებიც, რომელთა ინტერესები და არჩევანის თავისუფლება, როგორც ვნახეთ, იგნორირებული რჩება. როგორც არისტოტელე ამბობს, ერთ მათგანს მორჩილება არ შეუძლია, მეორეს კი მორჩილების გარეშე არსებობა და ცუდია, როგორც პირველი მახასიათებელი, ისევე - მეორე.
მაშინ რა არის გამოსავალი? უგულებელვყოთ ორივე ზემოთ აღნიშნული სისტემა და მოვიფიქროთ რაიმე სხვა? ჩემი აზრით, მიუხედავად იმ ნაკლოვანებებისა, რის შესახებაც უკვე ვისაუბრე, „საუკეთესო“ ვარიანტი იქნებოდა არა უშუალოდ ამ სისტემათა სრული უარყოფა, არამედ პირიქით - მათი „ნაზავი“. ვგულისხმობ, რომ შეგვიძლია ორივე მათგანიდან ავიღოთ კარგი, ადამიანებისა და სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის სასურველი ნაწილები და ვიმოქმედოთ იმ პრინციპის შესაბამისად, რომელსაც კონსეკვენციალიზმი გვთავაზობს („greatest good for the greatest number”); შევეცადოთ, ისინი მაქსიმალურად გავფილტროთ იმ კომპონენტებისგან, რომელთა ერთიანობაც უარყოფით მხარეს ქმნის. სწორედ მსგავს რამეს გვთავაზობს არისტოტელე - განვსაზღვროთ და ავირჩიოთ ოქროს შუალედი ყველა სიტუაციაში. ნებისმიერ რადიკალურ მხარეზე არჩევანის შეჩერება მას სახელმწიფოსთვის ზიანის მომტანად ესახება და აღიარებს ე.წ შუალედური მდგომარეობის უზენაესობას.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.