ქვეყანაში, სადაც ღირებულებები, ისტორია და ტრადიციები ჯერ კიდევ ამხელა ადგილს იკავებენ, სადაც პროგრესი ხშირად საფრთხესთან და ნაციონალური იდენტობის დაკარგვასთან ასოცირდება, გასაკვირი არაა, რომ ერთ-ერთ მთავარ ადამიანურ ღირსებად პატრიოტიზმი და სახელმწიფოებრივი სიყვარული ითვლება. მართალია, სიამაყის, ბედნიერებისა და სიხარულის ის განცდა, რასაც საკუთარი ქვეყნის წარმატებას მოაქვს, ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და განსაკუთრებული ემოციაა, თუმცა რა ხდება მაშინ, თუ შენს ქვეყანასა და სწორედ ამ პატრიოტიზმს იმედგაცრუების, შიშისა და ბრაზის ულევი ნაკადის გარდა ვერაფერი მოაქვს? დავიჯერო, არ ვარ ღირსი ადამიანური წინსვლა მეც გამოვცადო და საკუთარი თავის და შესაძლებლობების, გრძნობების მაქსიმიზაციისკენ ვილტვოდე? Რატომ გახდა ჩემ ქვეყანაში პატრიოტიზმის განმარტება მხოლოდ დამცველობითი სახის და დავიჯერო, მისი უარყოფა ამდენად ამორალურია? უტილიტარისტული და კონსეკვენციალისტური მიდგომით ადამიანთა უმთავრესი და ყველაზე პრიორიტეტული მისია კეთილდღეობის მაქსიმიზაცია და სიამოვნების გაზრდაა. ვფიქრობ, იმ შემთხვევაში თუ საკუთარი ქვეყანა მაუბედურებს, ბედნიერებისა და კეთილდღეობის მისაღწევად პატრიოტიზმის უარყოფა და უკიდურეს შემთხვევაში ქვეყნის დატოვება იქნება. რატომაც არა, მაშინ, როდესაც უკეთესი მომავალი სხვა საზოგადოებაში მელოდება და ეს ამავე დროს დადებით შედეგებს გამოიღებს ჩემთვისაც და ყველასთვის ჩემს გარშემო, კონსეკვენციალიზმი ჩემ გადაწყვეტილებას გაამართლებდა. Მიუხედავად იმისა, რომ ჩემი წასვლა იმის შანსებს აშკარად შეამცირებს, რომ საკუთარ ქვეყანას დავეხმარები და გავზრდი რამით, ჩემი აზრით, თუ ამის საშუალება ისედაც არ მაქვს და განვითარებაზე მუდმივად უარს ვიღებ,იძულებული ვხდები ვიყო უაზრო, უმოქმედო ადამიანი, კეთილდღეობის მაქსიმიზაცია პატრიოტიზმის უარყოფით მიიღწევა.
კონსეკვენციალისტური გადმოსახედით, ჩემი მსგავსი ქმედება გამართლებული იქნება, თუ ეს მე კეთილდღეობას და უკეთეს ცხოვრებას მომიტანს. აქ პატრიოტიზმი არ წარმოადგენს მორალურ ვალდებულებას, ან თუ წარმოადგენს, კეთილდღეობის მისაღწევად მისი უგულებელყოფა დასაშვებია.
მაგრამ დეონტოლოგიური შეხედულებით ეს ასე არ უნდა იყოს. პატრიოტიზმის უარყოფა აქ არ იქნება გამართლებული, რადგან ეს შეიძლება ჩაითვალოს თანამემამულეთა უგულებელყოფაში. ქვეყნის დატოვება მშობლიური საზოგადოების მიტოვებაში, რაც მორალურად იდეის დონეზეც არ არის სწორი. მაგრამ საინტერესოა, ამ დილემაში რომელ მხარეს გააჩნია უფრო „დიდი ძალა“.
ვფიქრობ, ეს ინდივიდუალურია. პატრიოტიზმი არ მგონია ისეთი რამ, რასაც სახელმწიფოს ქმედებები იწვევს ადამიანში. შეიძლება მეცნიერულ დონეზე ძალიან ვცდებოდე, მაგრამ ჩემი აზრით პატრიოტიზმი გარკვეულ დონეზე თანდაყოლილია და დიდწილად დამოკიდებულია აღზრდაზეც. პატრიოტიზმი არ არის მხოლოდ ქვეყნისათვის თავდადება, ეს არის მისი კულტურისა და ისტორიის სიყვარული და პატივისცემა. პირადად ჩემთვის, პატრიოტიზმი ძალიან მნიშვნელოვანი რამაა. მიმაჩნია, რომ მორალურად სწორია თუ მე მოვიკლებ გარკვეულ კეთილდღეობას და რესურს ჩავდებ იმაში, რომ ჩემმა ქვეყანამ გძელვადიან პერსპექტივაში ნახოს სიკეთე. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი რამ არის აქ, რაც ძალიან ეწინააღმდეგება ჩემს შეხედულებებს, რაც მზღუდავს და რაც თავს დამცირებულად მაგრძნობინებს. როგორც ვახსენე, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის აღზრდას და ღრმა ბავშვობაში მიღებულ გამოცდილებას. ნათლად მახსოვს, მამა ბავშვობაში მიყვებოდა საქართველოს ისტორიას, ცხადია გაზვიადებულად და შელამაზებულად, მაგრამ როგორც ჩანს, ამან დიდი გავლენა იქონია ჩემზე. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შაჰ-აბასის „უთვალავი“ არმია დიდი ჯარის ნაცვლად ბრმების, უთვალოების რაზმი მეგონა, აღფრთოვანებული ვიყავი ქართული სულისკვეთებით.
შესაბამისად, ვიყოთ თუ არა პატრიოტები, ეს ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა. ვიღაცისთვის კარიერული წინსვლა ყველაფერზე მნიშვნელოვანია და მზადაა დათმოს პატრიოტიზმიც. სხვისთვის კი ღირებულებები სხვაგვარია. საკუთარი ქვეყანა, კარგითა და ცუდით უყვარს უანგაროდ და აქვს იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თუნდაც ამისთვის ბევრი რამის დაკარგვა მოუხდეს. ასე რომ, კითხვაზე უნდა ვიყოთ თუ არა პატრიოტები, მე ვერ გიპასუხებთ. მაგრამ გეტყვით, რომ მე პატიოტი ვარ. ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ ვიყო და მიმაჩნია, რომ თუ უმეტესობა ადამიანი ასე იქნება განწყობილი, სახელმწიფო პრობლემებიც გადაჭრადია. მართალია ეს არ არის მარტივი პროცესი და დიდ მსხვერპს მოითხოვს, მაგრამ ეს ამად ღირს.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.