ციცერონის ,,რესპუბლიკაში’’ ვხვდებით ფრაზას: ,,ხალხი არ არის ადამიანთა ყოველი დაჯგუფება, ნებისმიერი გზით ჯოგივით შეკრებილი, არამედ მრავალთა გაერთიანება, რომელიც ემყარება შეთანხმებას უფლებებისა და უპირატესობების გაზიარების შესახებ’’.როგორც ჩანს, ციცერონისთვის ადამიანთა გაერთიანება მხოლოდ რაციონალურ ელემენტზე უნდა იყოს დამყარებული, რომლებიც გაიზიარებენ საერთო შეხედულებებს გარკვეული შეთანხმებების შესახებ და ასე დააფუძნებენ რესპუბლიკას. გარდა ამისა, სახელმწიფოს არსებობისათვის აუცილებელია თავისუფლება, რომელიც თუ თანაბრად არ იქნება განაწილებული, საკუთარ სახელს ვერ გაამართლებს. არისტოტელესთვისაც, ორგანიზებული საზოგადოება არის ბუნებრივად არსებული ობიექტი, რომელიც აღმოცენდება ოჯახისა და კლანის აპრიორი ფორმაციის შედეგად, თავად იმ ფორმაციებისა, რომლებიც წარმოიშობა სოციალური კავშირების ბუნებრივი ადამიანური უნარიდან. იგი თავის წიგნში ,,პოლიტიკა’’ წერს: ,, სახელმწიფოს სურს, რომ შედგებოდეს უმეტესად მსგავსი და თანასწორი მოქალაქეებისგან. ეს კი ახასიათებს საუკეთესო პოლიტიკურ წეს-წყობილებას, იმ სახელმწიფოს სიმყარეს, რომლის შესახებ ვამბობთ, რომ არის ბუნებრივი შედგენილობისა.
ზემოთ ჩამოთვლილმა მოსაზრებებმა ადამიანთა მშვიდობიანი და სამართლიანი გაერთიანების შესახებ ერთი ნაწარმოების, ფიოდორ დოსტოევსკის ,,დანაშაული და სასჯელი’’ გამახსენა, რომლის მთავარი პერსონაჟი არის სტუდენტი როდიონ რომანოვიჩ რასკოლნიკოვი. იგი ცივსისხლიანად ამოხოცავს მოხუც მევახშე ქალს და ამ მკვლელობის შემსწრე მევახშის დას. შემდგომში იგი საკუთარი ქმედების გამართლებად იმით ცდილობს, რომ მისი მსხვერპლის სიცოხლის წართმევით სამყარო უკეთეს ადგილად იქცეოდა, ვინაიდან იგი მატყუარა, თაღლითი ადამიანი იყო და ადამიანთა ცხოვრებას აუბედურებდა.
პასუხად კითხვაზე, თუ რამ აიძულა როდიას დანაშაულის ჩადენა, იგი პირდაპირ პასუხობდა ,,გულწრფელმა სინანულმაო’’. ასეთი დამოკიდებულება საკუთარი თავისა და ქმედებებისადმი ვთვლი, რომ ეხმიანება ფრიდრიხ ნიცშეს თეორიას ,,ცუდი ცნობიერის’’ შესახებ, რომლის მიხედვითაც ადამიანი რეპრესირებას უკეთებს საკუთარ აგრესიულ ანტისოციალურ ინსტიქტებს და ამის შემდეგ სინანულს და სინდისის ქენჯნას განიცდის. ასეთი თვითკონტროლი არასასიამოვნო გამოცდილებაა ადამიანური გონებისთვის. ასეთი ინსტიქტების რეპრესირება ადამიანის ფსიქიკაში იწვევს შინაგან შფოთს. ეს საკუთარ თავზეა მიმართული და უმოწყალო თვითდევნას ემსახურება. ვფიქრობ, ეს შეიძლება არისტოტელეს მოსაზრებას დაუპირისპირდეს იმასთან დაკავშირებით, რომ ,,ადამიანი არის პოლიტიკური ცხოველი’’ და მის ბუნებაში წინასწარ დევს საზოგადოებაში ცხოვრებისა და სოციო-პოლიტიკურ არსებად არსებობის ბედისწერა. რომ იგი არის არსება, რომელიც მართულია სხვა ადამიანების გვერდით ცხოვრების ბუნებრივი ძალისაკენ. თუ ნიცშეს მიერ აღწერილ ადამიანში ჩადებულ ანტისოციალურ ინსტიქტებს დავეყრდნობით, ვფიქრობ, ადამიანთა გაერთიანებისა და შედეგად ერთიანი სახელმწიფოს შექმნა არც თუ ისეთი მარტივი და თავისთავადი პროცესი იქნება. თუ არისტოტელესთან სახელმწიფოს წარმოქმნა ადამიანური ბუნების მიყოლა და მის მიხედვით მოქმედება იქნებოდა, ნიცშეს შემთხვევაში ეს პიროვნების მიერ აგრესიული, ანტისოციალური სურვილების დათრგუნვის პროდუქტი იქნება.
როდესაც არისტოტელე ,,პოლიტიკაში’’ წერს, რომ დემოკრატიისათვის დამახასიათებელია ყველა მოქალაქის მონაწილეობა ყველა საკითხის გადაწყვეტაში და სწორედ ასეთ თანასწორობას თხოულობს ხალხი, როდიონ რომანოვიჩ რასკოლნიკოვი სრულიადაც არ მიემხრობოდა ამ პოზიციას სახელმწიფოში არსებული ამგვარი თანასწორობის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებით. პერსონაჟის შემუშავებული თეორიით ,,არაჩვეულებრივი’’ და ,,ჩვეულებრივი’’ ადამიანების შესახებ, სამყარო ორ ნაწილად იყოფა, რომელშიც არიან დაბალ დონეზე მდგომნი, რომლებიც მხოლოდ თავიანთი სახეობის რეპროდუქციისათვის მოდიან ამქვეყნად და ის უმაღლეს საფეხურზე მდგომი ადამიანები, რომელბსაც გააჩნიათ ნიჭი თავიანთ გარემოში ახალი სიტყვის სათქმელად :,, პირველნი ქვეყნიერების დაცვასა და გამრავლებას ემსახურებიან; მეორეებს- წინ მიჰყავთ ქვეყნიერება და გარკვეული მიზნისკენ მიაქანებენ’’. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ მათგანს არსებობის ერთნაირი უფლება აქვთ, მათ შორის არსებობს არსებითი განსხვავება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ რადგანაც ისინი დიდი გონების პატრონნი არიან, ,,არაჩვეულებრივ’’ ადამიანებს უფლება აქვთ საჭიროების შემთხვევაში თავს უფლება მისცენ და სინდისს გადაუხვიონ. უფრო დიდი მიზნის მისაღწევად მათ წინ შემხვედრ დაბრკოლებებს უნდა დააღწიონ თავი, თუნდაც ამის გამო სისხლის დაღვრა მოუწიოთ. ამ შემთხვევაში ეს არ იქნება დანაშაული და უკანონო ქმედება, რადგანაც ეს ყველაფერი მთელი კაცობრიობის სასარგებლოდ კეთდება. ისინი, ვისაც რასკოლნიკოვი ჩვეულებრივ ადამიანებს მიაკუთვნებს, კანონმორჩილი, წყნარი ადამიანნი არიან, რომელთაც არ შეუძლიათ წინააღმდეგობის გაწევა საკუთარი ინტერესებიდანვე გამომდინარე. ეს მათი დანიშნულებაა, თუმცა მათგან თავისუფალი ადამიანი არ წარმოიშობა. სწორედ ისინი, ვინც არღვევენ საზოგადოებრივ ნორმებს და კანონებს , ხდებიან დამოუკიდებელი და საზოგადოების მოლოდინებისგან თავისუფალნი. ამის მაგალითად რასკოლნიკოვს მოჰყავს ნაპოლეონი, მაჰმადი, ნიუტონი. მათი გენიალურობიდან გამომდინარე, სრულიად მისაღები იქნებოდა ყველა ის მოქმედება, რაც შეიძლება ,,ჩვეულებრივ’’ ადამიანებს ამორალურად ან მიუღებლად ჩაეთვალათ.
ვფიქრობ, ზემოთ გამოთქმული მოსაზრება, რომ ასეთ არაჩვეულებრივ ადამიანებს უბრალოდ შეეძლებოდათ საზოგადოებრივი ნორმებისა და კანონების დარღვევა, რადგანაც ეს ყველაფერი უფრო ,,მაღალ მიზანს’’ ემსახურებოდა, სახელმწიფო წყობისათვის სრულიად დამანგრეველი და ფაქტობრივად ანარქიის მომტანი იქნებოდა. შესაძლოა ყველა ადამიანს თავისი თავი ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანების რიგისათვის მიეკუთვნებინა და საზოგადოებრივი ნორმებისგან გადაეხვია. ასეთი ადამიანებისგან შედგენილ სახელმწიფოში ინდივიდებს არ ექნებოდათ თანაბარი უფლებები გადაწყვეტილებების მიღების სფეროში და არც ხელშეუვალი თავისუფლება და დაცულობის გრძნობა, რაც ვფიქრობ, რომ აუცილებებლია ხალხის, როგორც საზოგადოების არსებობისათვის.
თუ რასკოლინოკის თეორიას სხვადასხვა ფილოსოფიური ჭრილიდან განვიხილავთ, ვნახავთ მისცემდნენ თუ არა ისინი რასკოლნიკოვის ქმედებას მორალურ ხასიათს. კონსეკვენციალიზმს, რომელიც არა თავად ქმედებას, არამედ ამ ქმედებებით გამოწვეულ შედეგებს აქცევს ყურადღებას ქმედების მორალურობის განსასაზღვრად, ზემოთ მოხმობილი მოსაზრება არაჩვეულებრივი ადამიანების მიერ კანონების დარღვევისა და თუნდაც ადამიანების მკვლელობის შესახებ საზოგადოებრივი ,,კეთილდღეობის’’ დასაცავად, ვფიქრობ შესაძლოა მორალურად ჩაეთვალა, თუ იგი იდეურად კაცობრიობის პროგრესსა და უღირსი ადამიანების განადგურებას ემსახურებოდა . რაც შეეხება დეონტოლოგიას, რომელიც წესებს იყენებს სწორის არასწორისაგან გასარჩევად, მკვლელობას ან რაიმე კანონის დარღვევას სრულებით მიუღებელ ქმედებად ჩათვლიდა, რადგან იგი ეთიკური ქმედებების განმსაზღვრელ უნივერსალურ მორალურ კანონებს შეეწინააღმდეგებოდა.
საბოლოოდ, ვთვლი, რომ თუ იარსებებდა სახელმწიფო, რომელიც რასკოლნიკოვის მიერ შემუშავებულ თეორიას დაეფუძნებოდა, იგი განადგურებისა და სრული ქაოსისათვის იყო განწირული, სადაც ადამიანები ან მუდმივად უფლებების შელახვის საფრთხის ქვეშ იქნებოდნენ, ან თავად ჩაიდენდნენ ამორალურ ქმედებებს სუბიექტური სამართლიანობის სახელით.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.