სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი პატრიოტიზმს შემდეგნაირად განმარტავს: „საკუთარი სამშობლოს, მამულის სიყვარული, მზადყოფნა მისი ერთგული სამსახურისა და დაცვისათვის, ზოგჯერ - პირადი და ჯგუფური ინტერესების საერთო, საქვეყნო ინტერესებისათვის სრულად დაქვემდებარების ხარჯზე.“ სამწუხაროდ ტერმინი პატრიოტიზმი ბევრი ადამიანისთვის „ბრმად ერთგულებას“ ნიშნავს და იგი ნაციონალიზმისა და სხვადასხვა პირადი მიზნების შესანიღბად გამოიყენება.
სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა რომ პატრიოტიზმი დღესდღეობით საკმოად არასწორად გამოყენებული ტერმინია, გარკვეულწილად კომიკურიც კი არის პატრიოტიზმზე საუბარი. „პატრიოტს“ ბედმა გაუღიმა და კონკრეტულ ადგილას დაბადების გამო სხვებთან შედარებით უფრო უკეთესი, დიდებული, წარჩინებული და გონიერი აღმოჩნდა, ვიდრე ნებისმიერ ადგილას დაბადებული ადამიანი. „პატრიოტი“ და ყველა ის ადამიანი რომელიც ამ რჩეულ ადგილას დაიბადა და ცხოვრობს ვალდებულია მოკლას და მოკვდეს საკუთარი სამშობლოს უპირატესობის დასამტკიცებლად სხვა ქვეყნებთან შედარებით.
საინტერესოა საზოგადოების დამოკიდებულება ფსევდო პატრიოტების მიმართ, ბევრი ადიდებს მათ ნაციონალისტურ შეხედულებებს და ცუდით თუ კარგით საკუთარი ქვეყნით მაინც ამაყობენ. პოლიტიკოსებისთვის საკმაოდ ადვილია პატრიოტის ნიღაბს ამოფარებული განახარციელონ საქმიანობები, რაც არ მუშაობს ქვეყნის სასარგებლოდ. ამგვარი ქმდების ერთ-ერთი ნათელი მაგალითია “the Trump wall” - ის მშენებლობა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოიყენა პატრიოტული მოტივები კედლის ასაშენებლად, რაც მისი შეფასებით კარგი იდეა იყო, თუმცა რეალურად პროექტმა არ გაამართლა. 2020 წელს ეკონომისტ Suphanit Piyapromdee - ს მიერ ჩატარებული კვლევის კვლევის მიხედვით “the Trump wall” - ის მშენებლობით მიღებული კეთილდღეობა საკმაოდ მცირეა იმასთან შედარებით თუ რა დაჯდა მისი აშენება. მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც მხარს უჭერდა კედლის მშენებლობას ამას საკუთარი პატრიოტული მიზნებით ხსნიდნენ, მათ მიაჩნდათ, რომ ამ პროექტის მხარდაჭერით ისინი უფრო პატრიოტები გამოჩნდებოდნენ. მოსახლეობის ამგვარი შეხედულება ხელსაყრელი არის პოლიტიკოსებისთვის, რადგან ადვილად შეიძლება პატრიოტიზმით აპელირება და ხალხის აყოლიება იმ მიზნის მისაღწევად რაც თავად მიაჩნიათ სწორად, რაც სახელმწიფოსთვის ზარალის მომტანი შეიძლება იყოს.
ნამდვილი პატრიოტი ბრმად არ ემორჩილება მმართველ პარტიას, ან პრეზიდენტს, პირიქით ნამდვილი პატრიოტი მუდამ ეჭვქვეშ დააყენებს მმართველის ყველა მნიშვნელოვან დაგაწყვეტილებას და ეცდება ობიექტურად შეაფასოს ქმედებები. ნამდვილი პატრიოტი არ იქნება მიკერძოებული და არ იქნება რაიმე იდეოლოგიის ქვეშ იმდენად ღრმად მოქცეული, რომ რეალურად კარგსა და ცუდს შორის განსხვავება ვერ დაინახოს. მე ვთვლი, რომ დღესდღეობით საქართველოში არის პრობლემები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ვაფასებთ პატროტს. საკმაოდ ხშირია „პატრიოტებსა“ და „არა პატრიოტებს“ იდეოლოგიური დაპირისპირება, ისე რომ ეს გააზრებულიც არ აქვთ. ვფიქრობ რომ ვაჟა-ფშაველას მიერ 1905 წელს დაწერილი პუბლიცისტური წერილი „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“ კვლავ აქტუალურია. შეიძლება საქართველოში დღესდღობით არ დგას პრობლემა მაინცდამიანც კოსმოპოლიტიზმთან დაკავშირებით, თუმცა ციტატა უნივერსალურია. „ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია“. ციტატაში კოსმოპოლიტიზმის შეცვლა ბევრი სხვა რამით შეიძლება და წინადადება მაინც აზრიანი და მართებული გამოვა.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.