დარწმუნებული ვარ ყველა ადამიანს აქვს საკუთარი წარმოდგენები სახელმწიფოს შესახებ, კერძოდ როგორია საუკეთესო სახელმწიფო და როგორ უნდა მივაღწიოთ ამ საოცნებო შედეგს. ალბათ სათქმელად მარტივია, მაგრამ მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ აჩვენა რომ შესასრულებლად არც ისე, მიუხედავად ამისა ვეცდები განვმარტო საუკეთესო სახელმწიფოს მოდელი სხვადასხვა შეხედულებების მიხედვით და რა ძირითადი თვისება აერთიანებთ მათ.
პირველ რიგში ვიკითხოთ საერთოდ გვჭირდება თუ არა სახელმწიფო. პლატონი სამართლიანობაზე საუბრისას ადამიანის სულის საწყისებს ჩამოთვლის, გონივრული, არაგონივრული და ბობოქარი. სამართლიანობა კი ამ სამის ჰარმონიული მუშაობაა, როდესაც ყველა თავის ფუნქციას ასრულებს, როდესაც სულის არაგონივრული და ბობოქარი საწყისები გონივრულს ემორჩილებიან, ანუ ემორჩილებიან რაციონალურ განსჯას და სიბრძნეს. ასეთი ადამიანი საკუთარი თავის პატრონია და სახელმწიფოს აღარ საჭიროებს, რადგან ისედაც სუფევს სამართლიანობა და მშვიდობა. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი ასე არ იქცევა და სწორედ აქ ჩნდება ხალხის ის კატეგორია, რომლის გამოც აუცილებელი ხდება სახელმწიფოს არსებობა, უსამართლო ხალხისთვის სახელმწიფო ერთგვარი ავტორიტეტია, რომელსაც აქვს ძალაუფლება პასუხი აგებინოს და აკონტროლოს უსამართლო ხალხი რომ დანარჩენი საზოგადოება არ დააზარალონ.
მაინც როგორ უნდა მოახერხოს სახელმწიფომ სწორად არსებობა და იმ ფუნქციების შესრულება რისთვისაც შეიქმნა? პლატონის მიხედვით ისევ სამ საწყისს ვაწყდებით, სიბრძნე, სამართლიანობა და სიმამაცე. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის ჰარმონიული მუშაობისთვის ზომიერება გვჭირდება, ზომიერება გადამწყვეტია ინდივიდშიც და მთლიანად სახელმწიფოშიც. არისტოტელესთანაც გვხვდება ზომიერებაზე, წონასწორობაზე ხაზგასმა. თუ კი სახელმწიფოს დავყობთ მდიდრებად, ღარიბებად და საშუალო კლასად, საუკეთესო მდგომარეობა სწორედ საშუალო კლასია, არისტოტელე „პოლიტიკაში“ ამბობს, რომ საშუალო კლასი არამხოლოდ საუკეთესო მდგომარეობაა ინდივიდისთვის, არამედ სახელმწიფოს სიმტკიცის გარანტიაა, რადგან საშუალო კლასი არის ზუსტად ის ზომიერება, რაზეც პლატონი საუბრობს. ის წარმოშობს წონასწორობას, რის შედეგადაც, აღარ ხდება დაპირისპირებები ორ უკიდურეს კლასს შორის, ყალიბდება საუკეთესო სახელმწიფოებრივი ურთიერთობა და კანონი უზენაესობას ინარჩუნებს. თუ მდიდრებს როგორც უზნეო ხალხს შევხედავთ, რომელებიც მუდმივად აჭარბებენ საკუთარ ძალაუფლებას და არ ემორჩილებიან სახელმწიფოს ხოლო ღარიბებს, ქურდებს ბოროტმოქმედებს ან პირიქით შეშინებულებს და მონურად მორჩილებას მიჩვეულებს, მაშინ კარგად ჩანს საშუალო კლასის როლი და უპირატესობები. საშუალო კლასის გარეშე მონებისა და ბატონების სახელმწიფო იქნებოდა, სადაც სახელმწიფო დაკარგავდა თავის ძალაუფლებას. სამართლიანი სახელმწიფოს მოსახლეობის დიდი ნაწილი თანაბარუფლებებიანი მოქალაქეებისგან უნდა შედგებოდეს. არისტოტელეს მიხედვით საუკეთესო სახელმწიფო ამყარებს ისეთი ცხოვრების წესს, რომელიც თანაბრად ხელმისაწვდომია მოსახლეობის უმრავლესობისთვის, ისეთს რომელიც მისაღებია სახელმწიფოთა უმრავლესობისთვის.
კონსიკვენციალიზმისთვის ასევე მნიშვნელოვანი იქნება ზომიერება და საშალო კლასის არსებობა, რადგან ის ორიენტირებულია მეტი ხალხის კეთილდღეობაზე, ანუ მაქსიმალური რაოდენობის ადამიანისთვის სარგებლის მოტანაზე. მოსახლეობის უმრავლესობისთვის საუკეთესო პირობები კი სწორედ ზომიერების საფუძველზე, მდიდრებისა და ღარიბების შემცირებით მყარდება. დეონტოლოგიური ეთიკის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა ქმედების მართებულობაა. ზომიერება, პლატონის მიხედვით, გულისხმობს გონივრული საწყისის პირველ ადგილზე დაყენებას, ერთი სიტყვით იმ რაციონალური და ბრძნული გადაწყვეტილებების მიღებას, რომლის მოთხოვნილებაც აქვთ დეონტოლოგებს. ოქროს შუალედზე საუბრობს არისტოტელე ევდემონისტური ფილოსოფიაში, რაც შეგვიძლია ისევ მსგავსად განვმარტოთ.
საუკეთესო სახელმწიფოზე საუბრისას ბევრი თანხმდება რაღაც ძირითად საკითხებზე და საჭიროებებზე, მაგრამ მნიშვნელოვანია ისიც ვთქვათ თუ რა არ უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ იყოს საუკეთესო. სახელმწიფო როგორც უკვე ვახსენეთ, ხალხმა შექმნა და მიანიჭა ძალაუფლება, თუმცა ხდება ხოლმე, რომ სახელმწიფო ამ ძალაუფლებას აჭარბებს და მართვის სადავეებს იმაზე მეტად ეჭიდება, ვიდრე მოეთხოვება. „არ შეიძლება წესიერი და პატიოსანი ხალხისთვის ქცევის წესების თავზე მოხვევა, ისინი თავად განსაზღვრავენ უპირატესად, სად რა კანონია საჭირო“ წერს პლატონი. მოკლედ რომ ვთქვათ, ჰარმონიაში მყოფ ადამიანებს თავად შეუძლიათ საკუთარი უფლება მოვალეობების განსაზღვრა და სახელმწიფოს ამ უფლებების დაცვა და მშვიდობის შენარჩუნება ევალება. თუ სახელმწიფო იმაზე დიდი ძალაუფლებით გვევლინება, რომელიც ხალხისაგან მიენიჭა, მაშინ ლოგიკურია რომ ხალხის მიერ შექმნილი, ხალხის მიერვე დაინგრევა, ამიტომ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ არ გადააჭარბოს თავის არსს და ზომიერება დაიცვას.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.