ENG GEO

Search form

არისტოტელე და დემოკრატია

არისტოტელეს აზრით, ყოველ სახელმწიფოში არსებობს მოქალაქეთა  სამგვარი დაყოფა: ძალიან მდიდრები, ძალიან ღარიბები და მათ შორის მყოფნი. ანუ ადამიანები, რომლებსაც საშუალო ქონება გააჩნიათ და საშუალო ფენას მიეკუთვნებიან. ავტორი ამბობს, რომ აქედან რომელიმე ნაწილის სიჭარბემ შეიძლება სახელმწიფოში სხვადასხვა წყობა ჩამოაყალიბოს - მოუტანოს სარგებელი ქვეყანას ან პირიქით, დააზიანოს იგი. საინტერესოა ისიც, რომ არისტოტელე დემოკრატიის შექმნის და ერთგვარად გაბატონების ერთადერთ გზად ადამიანებში საშუალო ფენის სიჭარბეს ხედავს.

ძალიან მდიდარ ადამიანებს სხვისი ქონების არ შურთ, არც არაფერს მოელიან ვინმესგან. მათგან განსხვავებით ღარიბები ელიან გამორჩენას მდიდარი, მათზე ძლიერი ფენისგან, ხოლო ერთადერთი ნეიტრალური ნაწილი სახელმწიფოში საშუალო ფენა გამოდის, რომელიც არც მოელის არაფერს სხვისგან და არც მისგან მოელიან რაიმეს. ღარიბი ადამიანების სიჭარბემ , არისტოტელეს მიხედვით, შეიძლება, ქვეყანაში აჯანყებები გამოიწვიოს, ხოლო მდიდარმა ფენამ შეიძლება, ტირანია წარმოშვას. სწორედ ამგვარი მოსალოდნელობების გამო საშუალო ფენის დომინაცია ადამიანებში ყველაზე სასურველია და სახელმწიფოს უფრო მეტ სარგებელსაც მოუტანს, ყველაზე მინიმუმ, ისე არ დააზიანებს, როგორც ზემოთ ჩამოთვლილ ორ ნაწილს შეუძლია ეს.

არის თუ არა დემოკრატია ქვეყანაში ყველაზე სასურველი მდგომარეობა? არისტოტელეს მსჯელობას თუ გავყვებით, გამოვა, რომ დიახ, ნამდვილად ყველაზე სასურველია, რადგან ყოველგვარი უკიდურესობა ზარალამდე მიგვიყვანს, ხოლო დემოკრატია და ზომიერება ქვეყანაში მხოლოდ საშუალო ფენის დომინაციით მიიღწევა.

ქვეყანაში საშუალო კლასის გაბატონებით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოქალაქეებს გააჩნიათ საშუალო, თუმცა საკმარისი რესურსი, ქონება იმისთვის, რომ იარსებონ და ამგვარი სახელმწიფო დაზღვეული იქნება ტირანიისა და ოლიგარქიისგან.  შეიძლება ითქვას, რომ არისტოტელეს ამგვარი მსჯელობა და აზრი, რომ ზომიერი მდგომარეობა ქვეყანაში უმჯობესია, ერთი შეხედვით სოციალიზმსაც უახლოვდება, რადგან იგი თავისი მსჯელობით ცდილობს, თავიდან აიცილოს აჯანყებები, ხალხის გამოსვლები, მეტის მოთხოვნა და ყველაფერი ის, რაც შეიძლება, დანარჩენი ორი საზოგადოების არსებობას მოჰყვეს. ალბათ, სასურველი არაა, რომ ადამიანები გაჭირვებაში და მუდმივ დაპირისპირებაში ცხოვრობდნენ, მაგრამ ეს მათი არჩევანი იქნება და ყოველგვარ მდგომარეობაზე პასუხისმგებელნი თავად იქნებიან. შესაძლოა, ამგვარ საზოგადოებას(ღარიბი და მდიდარი ფენის სიჭარბეს) ადამიანთა შორის ჯანსაღი კონკურენციაც კი მოჰყვეს  და მათ მეტი სტიმული გაუჩნდეთ, რომ უკეთეს პირობებში იცხოვრონ. კანტის თეორიას თუ გავყვებით, ადამიანი რაციონალური არსებაა და მან ყოველთვის იცის, რა სურს. ამ მსჯელობით სრულიად გამართლებული იქნება ისიც, რომ საზოგადოებამ თავად დაამყაროს წონასწორობა საზოგადოებრივ ფენებს შორის ან სულაც მოსპოს იერარქიები, რომლებსაც დაპირისპირებამდე მიჰყავს იგი.

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია, ადამიანის ბუნებასა და გონებას მივენდოთ და იმედი გვქონდეს, რომ იგი თავად შეძლებს ტირანიის დამხობას და დემოკრატიის დამყარებას, ვფიქრობ, არისტოტელეს მსჯელობა არც თუ ისე ურიგოა, რადგან საშუალო ფენის ადამიანებისგან დაკომლექტებული დემოკრატიის დამყარებით, ადამიანებს უფრო მეტი სტიმული ექნებათ, რომ ერთმანეთს დახმარების ხელი გაუწოდონ, რათა ქვეყანაში არსებული სიმშვიდე და ზომიერება შეინარჩუნონ.  გადაჭარბებული სიმდიდრეს შეუძლია, დაჯაბნოს სიღარიბე და ღარიბი ადამიანებისათვის აღარ იქმნებოდეს ცხოვრებისთვის საჭირო პირობები, ხოლო ღარიბთა სიჭარბემ შეიძლება, უკიდურესად მწვავე შიდა დაპირისპირებამდე მიგვიყვანოს.

არსებული განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, რა ჯობს - ჯანსაღი დაპირისპირება და უკეთესობისთვის ბრძოლა, თუ უკვე გამზადებული,  უმოძრაო მშვიდობა და ზომიერება?

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.