ENG GEO

Search form

სტრატიფიკაცია

სტრატიფიკაცია 

სტრატიფიკაცია ადამიანთა შორის არსებული სტრუქტურული უთანასწორობაა. საზოგადოება შედგება სხვადასხვა იერარქიული შრისაგან. ზედაპირზე განსაკუთრებით პატივსაცემნი, ძირში კი ნაკლებად პრივილეგირებულნი ექცევიან. სახელმწიფოს შიგნით ინდივიდების სტრატიფიცერიბის განმაპირობებელი ფაქტორი, სხვადასხვა მახასიათებლის ქონა, ან უქონლობა, შეიძლება გახდეს. ძირითად შემთხვევაში კი ეს უკანასკნელი სიმდიდრის, კაპიტალის ფლობას უკავშირდება. ამის მიხედვით, ვხვდებით სტრატიფიკაციის სხვაასხვა სისტემას: მონობა, კასტა, წოდება, კლასი. 

            არისტოტელე “პოლიტიკაში” აღნიშნავს, რომ ყოველი სახელმწიფო სამი ნაწილისაგან შედგება: ძალიან მდიდრები, ძალიან ღარიბები და მესამე - მათ შუა მყოფი. საყოველთაო აღიარებით, ზომიერება და შუალედი არის საუკეთესო მდგომარეობა. შესაბამისად, ქონებაშიც საუკეთესო უნდა იყოს საშუალო ქონება. ძალიან მდიდრები, არისტოტელეს აზრით, ხდებიან “უფრო მეტად თავხედები და უზნეონი”, ძალიან ღარიბები კი “ბოროტმოქმედნი და წვრილმანი უზნეონი”. პირველები უსამართლობას თავხედობის გამო სჩადიან, მეორენი კი ბოროტი თვისების გამო. არისტოტელე ასკვნის, რომ ორივე მათგანი ზედმეტად საზიანოა სახელმწიფოსთვის. მათ, ვისაც ძალაუფლება აქვთ და ზედმეტ ფუფუნებაში იმყოფებიან, არც სურთ დაემორჩილონ ხელმძღვანელობას და არც რაიმე სახის წარმოდგენა აქვთ ამაზე. მეორენი კი, დიდი გაჭირვების გამო ძალიან დამცირებულები არიან და აქედან გამომდინარე, არც ხელმძღვანელობა იციან და არც ქვეშევდომობა. მათთვის მხოლოდ მონური მორჩილებაა ცნობილი. სწორედ ეს უკანასკნელი წარმოადგენს მონებისა და ბატონებისგან შემდგარი სახელმწიფოს საფუძველს. 

            უკიდურეს სიმდიდრესა და სიღარიბეს პრობლემად მიიჩნევს პლატონიც. “სახელმწიფოში” იგი ამ უკანასკნელს უმაქნისობის განმაპირობებელ ფაქტორად განიხილავს. სიმდიდრეც და სიღარიბეც უარყოფითად მოქმედებს მუშაზე. თუ გამდიდრდა, აღარ ეცდება, რომ საკუთარ პროფესიას უკეთ დაეუფლოს. სიღარიბის შემთხვევაში კი, ვერ იყიდის იარაღებს და შესაბამისად, ვერც მუშაობას შეძლებს. ამიტომ სიმდიდრემ, რომელიც პლატონის აზრით, მცონარების, უქნარობისა და ახალ სიბიწეთა სათავეა და სიღარიბემ, რომელიც სიმდაბლისა და ბოროტმოქმედების საწყისია, სახელმწიფოში არ უნდა შემოაღწიოს. სოკრატე ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ასეთ სახელმწიფოს არც ბრძოლა გაუჭირდება. ათლეტები მარტივად დაამარცხებენ ზონზროხ მდიდრებს და დადებენ შეთანხმებას სხვა მდიდარ ქვეყანასთან იმ პირობით, რომ ნადავლი მთლიანად ამ უკანასკნელს დარჩება, ვინაიდან ოქრო-ვერცხლი მათთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს. ასე დაამარცხებენ მტერს. 

            ქონებრივი უთანასწორობა წარმოადგენს დაპირისპირებისა და ბრძოლის საფუძველს კარლ მარქსის აზრითაც, რომელიც ისტორიას კლასთა შორის დაპირისპირების ჭრილში განიხილავს. შესაბამისად, მივდივართ დასკვნამდე, რომ იდეალურ სახელმწიფოში უნდა ჭარბობდეს საშუალო ფენა. “უდიდესი ბედნიერებაა, როდესაც მოქალაქეებს აქვთ საშუალო, მაგრამ საკმარისი ქონება. იქ კი, სადაც ერთ მხარეს აქვს ძალიან ბევრი, მეორეს კი არაფერი, წარმოიშობა ან უკიდურესი დემოკრატია, ან სუფთა სახის ოლიგარქია, ანდა ტირანია…” - ამბობს არისტოტელე. სახელმწიფოთა უმრავლესობა ან დემოკრატიულია, ან ოლიგარქიული, რადგან უმეტეს შემთხვევაში, საშუალო კლასი წარმოადგენს უმცირესობას, რის გამოც იმარჯვებს რომელიმე უკიდურესი მხარე, ხან მდიდრები, ხან ღარიბები, რომლებიც სახელმწიფოს საკუთარი სურვილების მიხედვით განაგებენ. მათ შორის მუდმივი დაპირისპირების შედეგად, ვერ იქმნება თანასწორუფლებიანი მოქალაქეებისგან შემდგარი სახელმწიფო. 

            როგორც ზემოთ აღნიშნული მსჯელობიდან მივედით, იდეალურ შემთხვევაში მოქალაქეების უმეტესობა საშუალო ფენაში უნდა იყოს გაერთიანებული. ამის გათვალისწინებით, რამდენად მართებული იქნება ქონებრივი ცენზის დაწესება და არსებობის მაქსიმუმისა და მინიმუმის შემოღება? თუკი ჩვენთვის პრიორიტეტულია უმრავლესობისათვის სასარგებლო სისტემის შექმნა, განვიხილოთ აღნიშნული იდეა უტილიტარიზმის კონტქეტსტში, რომელიც საერთო კეთილდღეობის მაქსიმიზაციას ისახავს მიზნად. ქონების მაქსიმუმის დაწესების შემთხვევაში, ადამიანები საკუთარ პოტენციალს ბოლომდე არ გამოავლენენ, რადგან მათ ამის მოტივაცია არ გააჩნიათ. ისინი არ გააკეთებენ იმაზე მეტს, ვიდრე დაწესებული მაქსიმუმის შესაბამისი შრომა მოითხოვს. რაც შეეხება მინიმალურ ზღვარს, თუკი ნებისმიერ ადამიანს მივცემთ საარსებო მინიმუმს, ამან შესაძლოა კვლავ გამოიწვიოს მათი დემოტივაცია და დაკმაყოფილდნენ აღნიშნულით. შედეგად მივიღებთ საერთო კეთილდღეობის შემცირებულ დონეს. ასე რომ, ეს არ წარმოადგენს პრობლემის გადაჭრის საუკეთესო საშუალებას. 

ჯეიმს დევისის აზრით, პროტესტს აბსოლუტური დეპრივაცია კი არ იწვევს, არამედ შედარებითი დეპრივაცია, წინააღმდეგობა იმ ცხოვრებას შორის, რომელსაც ადამიანები იძულებულნი არიან მიყვნენ და იმას შორის, რისი განხორციელებაც მათ რეალისტურად მიაჩნიათ. შესაბამისად, პროგრესისაკენ სწრაფვა სწორედ ისეთი სახელმწიფოსთვისაა დამახასიათებელი, რომელიც დაკომპლექტებულია საშუალო ფენისაგან და არა უქონელი მონებისაგან. მიზანს წარმოადგენს პირობების გაუმჯობესება, თუმცა როგორც კი კლასობივი მიმოცვლის შედეგად მივალთ დისბალანსამდე და საშაულო კლასი აღარ იქნება უმრავლესობაში, კვლავ დავუბრუნდებით საწყის წერტილს. 

 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.