როდესაც საუბარია სახელმწიფოსა და ადამიანზე, ვხედავთ, რომ უმეტესად ადამიანს წარმოაჩენენ, როგორც სახელმწიფოს ნაწილს, ლაპარაკობენ იმაზე, რომ ადამიანი ერთი დიდი მანქანის შემადგენელი ნაწილია და ასეთი პატარა ნაწილებით იქმნება დიდი რამ - სახელმწიფო. ეს „მანქანა“ უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მისი შემადგენელი ნაწილები და პრიორიტეტული მხოლოდ ისაა. საინტერესოა თუ ამ აზრს შემოვატრიალებთ.
ვთქვათ ასეთი რამ, სახელმწიფო დგას თავში და ჩვენ, როგორც პიროვნებამ მას ჩვენი ქმედებით მხოლოდ საუკეთესო შედეგები უნდა მოვუტანოთ და მის კეთილდღეობაზე ვიზრუნოთ. დასაწყისში უნდა განვსაზღვროთ თუ რა არის სახელმწიფოსთვის კარგი შედეგი. ეს მასში მცხოვრები ხალხის კეთილდღეობა თუ არის, მაშინ რატომ ვაყენებთ მთავარ ბენეფიციარს სახელმწიფოზე ქვევით და რატომ ვამბობთ, რომ სახელმწიფო არის უფრო მნიშვნელოვანი. თუ ჩვენ განვსაზღვრავთ სახელმწიფოს კეთილდღეობას ექსპანსიის სიდიდით, ეკონომიკური ზრდითა და სხვა თვლადი ერთეულებით, გამოვა, რომ დასაწყისში ნახსენებ „მანქანას“ ბრჭყალები საერთოდ არ დაჭირდება. ამ შემთხვევაში იდეალური გარემო, სადაც ჩვენი ქმედებები გამოიღებენ საუკეთესო შედეგს და დაიხარჯებიან სახელმწიფოს კეთილდღეობაზე, არის დიდი ქარხანა, სადაც ყველაფერი იქნება საერთო, გაქრება საჭიროება მატერიალური კეთილდღეობისკენ სწრაფვა, რადგან ყველას ერთი მიზანი გაუჩნდება, მეტი არაფერი, მხოლოდ სახელმწიფოს კეთილდღეობა. ყველას ექნება გამოყოფილი ფუნქცია და ყოველი წამი მხოლოდ სახელმწიფოსთვის დაიხარჯება. იქიდან დავიწყოთ, რომ ხალხის ასეთი პოლარიზაცია, ვისაც ინდივიდუალიზმის აღქმა გააჩნია, ყველაზე საშინელი დასჯა იქნება. გაქრება ისეთი დარგები, როგორიცაა ხელოვნება, პოეზია, ლიტერატურა, რადგან სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის ის სარგებელს არ წარმოადგენს და რაც მთავარია მსგავსი მაგალითი ისტორიაში გვხვდება - 30 წლის წინ დაიშალა, მასში მაცხოვრებელი საუკეთესო ტვინები კი ან დახვრიტეს ან ვინც მოახერხა, ეს ქვეყანა დატოვა. რა თქმა უნდა საუბარია ს.ს.რ.კ - ზე.
სახელმწიფოს პირველ ადგილზე დაყენების დასაცავად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რადგანაც ადამიანი სოციალური ცხოველია და ის ცდილობს, მის გარშემო შექმნას ჯგუფი, იმისთვის, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს და აღარ აწუხებდეს გადარჩენის საკითხი, სახელმწიფო არის ამ წრის დღეისთვის ყველაზე განვითარებული სახე და გარანტი, რომ სოციალური წრე არ დაინგრევა. ამ შემთხვევაშიც ვაწყდებით ადამიანის ფუნქციების მინიმალურამდე დაყვანას და ისევ ქარხნის სახეს ვაძლევთ საზოგადოებას. თუ ჩვენი მთავარი მიზანი გახდება საზოგადოების შენარჩუნება და უსაფრთხოება, სახელმწიფოზე კი ვიტყვით, რომ ის არის ამ ორის გარანტი და ამათი გაერთიანების ყველაზე განვითარებული ფორმა, მაშინ მთელი ძალა და ენერგია მხოლოდ გამრავლებაზე და თავდაცვაზე უნდა დავხარჯოთ. ამ შემთხვევაში საზოგადოების მუშათა და შემქმნელთა ძალა განახევრდება, რადგან ძალიან დიდ დროს, ენერგიასა და რესურსს დახარჯავენ ქალები ორსულობისას და მეორე, თუ ჩვენ გვინდა მივაღწიოთ სრულ უსაფრთხოებას ადამიანის ინდივიდუალურ უფლებებს უნდა გადავუსვათ ხაზი, რადგან იდეალურად უსაფრთხო საზოგადოება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როდესაც ყოველი ნაბიჯი არის კონტროლის ქვეშ და თვითნებურობა მინიმუმადე არის დაყვანილი.
თუ სახელმწიფოს ავიღებთ, როგორც ინსიტუტად, რომელიც ადგენს „თამაშის წესებს“, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს სამართლიანობა და მისცეს ხალხს კეთილდღეობის მიღწევის საშუალება და ეს წესებია ის, რომლებიც მიგვიყვანს შიდა და გარე სტაბილურობისკენ, ჩნდება ძალიან ბევრი უთანხმოება და შეცდომა. დავიწყოთ იქიდან, რომ ამ წესებს ადგეს არა ერთიანი, ყოვლის მცოდნე, აბსტრაქტული „სახელმწიფო“, არამედ ხალხი, ვინც მართავს ამ სტრუქტურას. იგივე ხალხი, ვისაც გააჩნიათ პირადი ინტერესები, აქვთ მიზნები და კონფლიქტები. იმის თქმა, რომ სახელმწიფომ დააწესა თამაშის ჩარჩო, იგივეა, რაც ვთქვათ, რომ რომელიმე სამეგობრო წრეში მოფიქრებული წესები ახლა ყველამ უნდა დაიცვას. პირველ რიგში და ეს საკითხი ძალიან აქტუალურია დღევანდელ ტექნოლოგიურად სწრაფად განვითარებად სამყაროში. ხალხი ვინც წესებს ადგენს ძალიან ნელა განიცდიან ადაპტაციას და პროგრესს ვერ ჰყვებიან. ხშირად მიღებული წესები ბევრად უფრო საზიანოა, როგორც ინდივიდისთვის, ასევე თვითონ სახელმწიფოსთვის. მაგალითისთვის ევროკავშირის მიღებული მიზანი - მომავალ 20-30 წელიწადში აკრძალონ ყველა შიდა წვის ძრავზე მომუშავე მანქანა და ჩაანაცვლონ ელექტრო ავტომობილებით, რაც საერთოდ არ არის უფრო ეკოლოგიური, რადგან გაჩნდება უზარმაზარი მოთხოვნა ელექტროენერგიაზე. დღეს კი კაცობრიობა ყველაზე მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს ნახშირის წვით, 36.7%, რაც გამოიწვევს უფრო დიდ ჰაერის დაბინძურებას, ვიდრე საწვავის წვა. ამ კანონებს და წესებს იღებენ არაკომპეტენტური ადამიანები, რომლებიც მეტწილად უყურებენ ტრენდებს, ვიდრე ფაქტებს.
სახელმწიფოს დაყენება პირველ ადგილზე კატეგორიულად არ შეიძლება, რადგან ის არის მოუქნელი და ბრმა სტრუქტურა, რომელიც უფრო მეტ ზიანს აყენებს თავის თავს და ინდივიდს, თუ მას ძალაუფლება არ შეუზღუდე. ჩემი აზრით სახელმწიფოს უნდა ქონდეს რაც შეიძლება ნაკლები ფუნქცია, ის უნდა უზრუნველყოფდეს მინიმალურ უსაფრთხოებას, როგორც ფიზიკურ ასევე სასამართლო სისტემების დამოუკიდებლობას. მის ფუნქციაში შეიძლება დავამატოთ ძალიან ცოტა სოციალური ფუნქციები და დანარჩენი კი ინდივიდის გადასაწყვეტად დავტოვოთ. დიდი ალბათობით ასეთ სტრუქტურაში შეთანხმება მრავალ საკითხზე რთული იქნება, ვიდრე ეს დღეს არის, მაგრამ მე ღრმად მწამს, რომ ინდივიდს თუ დავაყენებთ სახელმწიფოზე წინ, ის სოციუმი ბევრად მეტ სფეროს შექმნის და ბევრად მრავალმხრივი, ინდივიდუალური, მდიდარი და წარმატებული იქნება.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.