კოსმოპოლიტიზმი იყო საერთაშორისო მოძრაობა, რომლის მიზანი იყო ადამიანის უფლებების გაფართოება ნაციონალურ საზღვრებს გარეთ. იგი ამბობს, რომ საკაცობრიო ინტერესი ეროვნულზე მაღლა დგას. ეს აზრი ჰეგელის სიტყვებითაც გამოიხატება: ჩვენ ადამიანად ვიწოდებით მხოლოდ იმიტომ, რომ ვართ კაცობირობის ნაწილი და არა იმიტომ, რომ ვართ ებრაელი, კათოლიკე, პროტესტანტი, გერმანელი და ა.შ სტოიკოსი ფილოსოფოსი სენეკაც ამბობდა, რომ ყოველი ჩვენგანი სულ მცირე ორ სახელმწიფოს ეკუთვნის: ლოკალურ, მშობლიურ ქვეყანას, რომელშიც დავიბადეთ და განსჯის უნივერსალურ სახელმწიფოს, რომელსაც ყველა ცოცხალი ადამიანი მიეკუთვნება მიუხედავად წარმოშობის, კლასისა და კულტურისა. როდესაც ზოგიერთ ადამიანს გვერდით ვუდგებით, ჩვენ შეიძლება მისთვის უცხოელიც ვართ და ასევე ადამიანი, რომელიც მასსავით დაჯილდოებულია იმ ყველა უნარით, რომელიც საერთო ბუნებიდან მომდინარეობს. სტოიკოსი მოაზროვნეები ფიქრობდნენ, რომ განსჯის უნიკალური უნარი არის ყველაზე ღირებული ინდივიდში. სტოიკოსმა მოაზროვნეებმა დააარსეს კაცობრიობის თანამოქალაქეობა მის უსაზღვრო მორალურ ღირებულებაზე - რადგანაც ჩვენ ყველა ვფლობთ განსჯის განსაკუთრებულ უნარს, კაცობრიობა მორალურად თანასწორია. ამრიგად, სტოიკურ მსოფლიო მოქალაქეობას თავისი ეთიკური დოქტრინა აქვს. ეს გულისხმობს, უპირველეს ყოვლისა, ადამიანთა თანაბარ და ფუნდამენტურ მორალურ სტატუსს და და გვავალდებულებს, ჩვენი ქმედებებით გავითვალისწინოთ მთელი კაცობრიობის სიკეთე. მარკუს ავრელიუსის ვიზუალური ,,სავარჯიშო“ მთელი კაცობრიობის ერთადერთ სხეულად წარმოდგენა იყო. კაცობრიობის ერთი ნაწილის უარყოფა ამ სხეულისათვის კიდურის მოჭრას უდრიდა. გარკვეულწილად ავრელიუსმა და სხვა სტოიკოსებმა უარი თქვეს რაიმე ადამიანურის უცხოდ აღიარებაზე. სტოიციზმი ასე განმარტავს მორალურ კოსმოპოლიტიზმს: ინდივიდების თანასწორი და ფუნდამენტალური ზნეობრივი/მორალური სტატუსი, რასის, ეთნიკურობის, წარმოშობისა და გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიუხედავად.
მორალური კოსმოპოლიტიზმი სხვადასხვა კუთხით შეიძლება განვიხილოთ: ის შეიძლება კონსეკვენციალისტურ ხედვას გულისხმობდეს, რომლის მიხედვითაც ყველა მოქმედება ფასდება კაცობრიობისათვის მოტანილი ჯამური სარგებლითა თუ ზიანით. შესაძლოა, იგი გულისხმობდეს კანტიანურ იმპერატივს, რომ არასოდეს განიხილო ადამიანი საშუალებად, არამედ მიზნად. თუკი კანტის მსჯელობას მივყვებით, ყველა გონიერი არსება არის წევრი ერთი მორალური საზოგადოებისა. ისინი მოქალაქეთა ანალოგიურია პოლიტიკური გაგებით, რადგან ისინი თავისუფლების, თანასწორობისა და დამოუკიდებლობის მახასიათებლებს იზიარებენ და საკუთარი კანონებით ცხოვრობენ. სახელმწიფოში მშვიდობისა და წესრიგის არსებობის გზა კანტისათვის კოსმოპოლიტიზმია. ამის დასტურია მის მიერ ერთა ლიგის შექმნაზე საუბარი, რომელიც კოსმოპოლიტური კანონებით იმართებოდა.
ადრეული უტილიტარისტი კოსმოპოლიტები, როგორიცაა ჯერემი ბენთამი, საპირისპიროდ, იცავდა საკუთარ კოსმოპოლიტობას ყველა ერის საერთო და თანასწორ სარგებელზე მითითებით. მორალური კოსმოპოლიტიზმი უნივერსალურად გაზიარებულ მახასიათებლებს აღიარებს, მაგალითად უნარს, რომ განიცადო ტკივილი ან სიამოვნება, მორალის განცდა, ან წარმოსახვის უნარი. მორალური კოსმოპოლიტებს ყველა ადამიანი ,,ძმებად“ მიაჩნდათ - ამ ანალოგიით ისინი მიუთითებდნენ ფუნდამენტურ თანასწორობას ყველა ადამიანისა. უნდა აღინიშნოს ის, რომ, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უტილიტარისტი, ჯონ სტიუარტ მილი, ამბობდა, რომ კოსმოპოლიტები ადამიანები და სახელმწიფო მმართველები უნდა იყვნენ იმდენად, რამდენადაც ეს არ დააზარალებს სახელმწიფოს და ჯამურ სარგებელს მოიტანს.
რაც შეეხება ბუნებით სამართალს, თუკი აქვინელის იდეებს დავეყრდნობით, იგი ამბობდა, რომ არსებობს რაღაც იდეები აპრიორულად, არსებობს ,,ცუდისა“ და ,,კარგის“ განსაზღვრება, რომ, მაგალითად, ქურდობა ,,ცუდია“. ვფიქრობ, აქვინელი იმიტომ ეთანხმებოდა კოსმოპოლიტიზმს, რომ, მისი აზრითაც, ეს კარგი და ცუდი იდეები, აპრიორულად მოცემული ცნებები ყველა ადამიანისათვის ერთი და იგივე იყო.
ამგვარად, ვფიქრობ, კოსმოპოლიტიზმს დეონტოლოგიის, კონსეკვენციალიზმისა თუ ბუნებითი სამართლის მთავარი მოაზროვნეებიც ეთანხმებოდნენ.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.