ENG GEO

Search form

საზოგადოების ქონებრივი განსხვავებულობის მნიშვნელობა არისტოტელეს მიხედვით

სახელმწიფო ეს არის ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და მათ თავისუფლებაზე მისდიონ საკუთარ მიზნებსა და სურვილებს. არისტოტელეს აზრით, თითოეული ადამიანის მიზანია ღირსეული ცხოვრებით ბედნიერების მიღწევა. ინდივიდები, მათი თანამშრომლობა, ურთიერთობები და შეთანხმებები გარკვეული სახის კავშირს აყალიბებს, რომლის ინტერესებშიც შედის ისეთი ეთიკური წესების ნორმალიზაცია, რომელიც ხელს შეუწყობს თანაცხოვრების ეფექტიანობას, მისცემს ცალკეულ ინდივიდს და მთლიანად საზოგადოებას განვითარების საშუალებას და შექმნის სამართლიან ატმოსფეროს. არისტოტელე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საზოგადოების ქონებრივ დაყოფაზე, მათ შორის განსხვავებებსა და გავლენაზე, რომელსაც ისინი ახდენენ ზოგად სამოქალაქო კეთილდღეობაზე. საინტერესოა, რა მსჯელობას ავითარებს ძველი ბერძელი ფილოსოფოსი მოცემულ საკითხზე  - „როგორია ყველაზე უკეთესი სახელმწიფო და ცხოვრების საუკეთესო სახე სახელმწითა და ადამიანთა ურთიერთობისთვის?“.

„პოლიტიკაში“ არისტოტელე სახელმწიფოს მიზნად სახავს ისეთი პირობების შექმნას მოქალაქეთათვის, რომელიც დაეხმარება მათ საკუთარი მიზნების განხორციელებაში, ბედნიერების მიღწევაში. „ესაა ისეთი ცხოვრება, რომელიც ხელმისაწვდომია მოსახელობის უმრავლესობისთვის და ისეთი სახელმწიფო, რომელიც მისაღებია სახელმწიფოთა უმრავლესობისთვის“. საკუთარი თეორიის უკეთ წარმოსაჩენად არისტოტელე სახელმწიფოს სამ ნაწილს გამოყოფს. ესენია: ძალიან მდიდარი ადამიანები, ძალიან ღარიბები და მათ შორის მყოფნი. ზომიერებისა და შუალედურობის საუკეთესო მდგომარეობად გამოცხადებით, მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ქონების ფლობის მხრივაც საუკეთესოა შუალედური პოზიციის დაკავება, რადგან ძალიან მდიდრები ხშირად იქცევიან თავხედებად და უზნეოებად, ხოლო ღარიბები - ბოროტმოქმედებად. ეს ყოველივე კი უსამართლობის საწინდარია, რომელიც სოციალურ წესრიგსა და საერთო სიკეთეს განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის.

საუკეთესო პოლიტიკური წეს-წყობილება, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა თანასწორობას და სამართლიანობას სახელმწიფოში, შეიძლება განხორიცელებული იქნას მხოლოდ საშუალო კლასით, რომელსაც არც უქონლობისაგან გამოწვეული ბოროტება აქეზებს უზნეო საქციელისაკენ და არც მდიდართა ამპარტავნება. არისტოტელეს აზრით, „უდიდესი ბედნიერებაა, როდესაც მოქალაქეებს აქვთ საშუალო, მაგრამ საკმარისი ქონება. იქ კი, სადაც ერთ მხარეს ძალიან ბევრი აქვს, მეორეს კი არაფერი, წარმოიშობა ან უკიდურესი დემოკრატია, ანდა სუფთა სახის ოლიგარქია, ანდა ტირანია“.

ვფიქრობ, აქ ნათლად გამოიკვეთება, რომ არისტოტელე ისევე აფასებს საზოგადოებას, როგორც ინდივიდს. ის უყურებს ხალხს, როგორც პოლიტიკურ სხეულს და ცდილობს მისი ყველაზე ღირსეული თავისებურებების გამოკვეთას, „ნიკომაქეს ეთიკაში“ კი ამას ცალკეულ ინდივიდზე მისადაგებით აკეთებს. ისევე, როგორც ერთი ადამიანისთვის არის ორ უკიდურესობაში გადავარდნა საზიანო, ასეა მთელი საზოგაოებისთვისაც, ამიტომ არისტოტელე ყველგან რაღაც შუალედს ეძებს, ზომიერებას, რომელიც ამოსავალ წერტილად მიაჩნია ღირსეული არსებისა და ერთობის ჩამოსაყალიბებლად.

ბუნებრივია ის, რომ სახელმწიფო რომელშიც ორი უკიდურესი ქონებრივი სტატუსის ფენა თანაცხოვრობს, სავსეა აჯანყებებით, ომებითა და დაპირისპირებებით. ეს კი ხელს უშლის თანასწორუფლებიანი, უსაფრთხო ერთობის შექმნას. მაშინ კი, როდესაც მოსახლეობის უმეტეს ნაწილს საშუალო ფენა შეადგენს საზოგადოება მეტად მშვიდი და გაწონასწორებულია, რადგან ის კმაყოფილია საკუთარი რესურსებით, არ ცდილობს სხვისი ქონების მითვისებას და არც ძალაუფლებისკენ სწრაფვის სურვილითაა შეპყრობილი. არისტოტელეს აზრით, სწორედ ამ წინაპირობის ასრულების შემთხვევაშია შესაძლებელი სახელმწიფომ თავი აარიდოს - უსარგებლო პოლარიზაციას, მმაღთველობის ისეთ ფორმებში გადვარდნას, როგორებიცაა უკიდურესი დემოკრატიას, ოლიგარქიას, ანდაც ტირანიას.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.