სოციალური ევოლუციის ისტორია გვასწავლის, რომ ყველა ფუნდამენტური და რეალურად პროგრესირებული პროცესები არის ცოდნის, მსოფლიოს სოლიდარობის, თანამშრომლობის და სიყვარულის განვითარების შედეგი და არა ზიზღის, მხეცობის, გიჟური ომების შედეგი, რომლებიც აუცილებლად მოჰყვებიან უკან რევოლუციას. ხშირად რევოლუცია სწორედ მასიურ სისხლისღვრასთან და სამოქალაქო ომებთან ასოცირდება, რომელიც შენიღბულია პროგრესის სახელით. თუმცა რა ხდება მაშინ, როცა ტირანიასთან, უსამართლობასთან, კორუფციასა და უფლებების მასობრივ შეზღუდვებთან საბრძოლველად რევოლუციის გარდა სხვა გზა აღარ არსებობს? რამდენად გამართლებულია ასეთ დროს მმართველი ძალის სისხლით დამხობა, თუკი ეს სახელმწიფოს და ასევე ადამიანთა ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლისთვის ერთადერთი გამოსავალია?
უპირველესად, მიმაჩნია, რომ უნდა განისაზღვროს როდის და რატომ იძენს რევოლუცია ძალადობრივ ხასიათს. თითქმის ყველა კოლექტიური ძალადობა იწყება ისეთი ქმედებებისგან, რომელთაც თავდაპირველად ძალადობრივი ხასიათი არ აქვს. ძალადობის წარმოქმნა უმეტესად დამოკიდებულია ხელისუფლების რეაქციაზე, ხშირად სწორედ ხელისუფლებაა ძალადობის ინიციატორი. მიუხედავად იმისა, რომ რევოლუცია ყველა ადამიანისთვის ასოცირდება მასობრივ არეულობასთან, სისხლისღვრასთან და მსხვერპლთან, ისინი მაინც მზად არიან გადადგან ეს ნაბიჯი და გარისკონ საკუთარი და სხვა მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე. არისტოტელე საუკეთესო სახელმწიფოსა და ცხოვრების საუკეთესო სახეს სახელმწიფოთა და ადამიანთა უმრავლესობისთვის განმარტავს როგორც ცხოვრებას, რომელიც ხელმისაწვდომია მოსახლეობის უმრავლესობისთვის და სახელმწიფოს, რომელიც მისაღებია სახელმწიფოთა უმრავლესობისთვის. პროტესტი ჩნდება უმეტესად სწორედ მაშინ, როცა სახელმწიფო და ცხოვრების მოცემულობა აღარ არის ხელმისაწვდომი უმრავლესობისთვის, არამედ სასიკეთოა უმცირესი/მმართველი ჯგუფისთვის.
მაგრამ მორალური კითხვა ასე ისმის, რამდენად გამართლებულია მორალურად ძალადობრივი რევოლუცია, რამდენად სწორია გავრისკოთ სხვა ადამიანების სიცოცხლე სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების შესაცვლელად? ვფიქრობ, საინტერესო იქნება ეს საკითხი სამართლის ფილოსოფიის სამი თეორიის პერსპექტივიდან.
ჩვენ უკვე ვთქვით, რომ საუკეთესო სახელმწიფო შეიძლება მივიჩნიოთ, ისეთ ფორმად, რომელიც მისაღებია სახელმწიფოთა და ადამიანთა უმრავლესობისთვის. კონსეკვენციალიზმის მიხედვით ქმედების მორალურობასა და ამორალურობას განსაზღვრავს შედეგი. ქმედება, რომელიც გვაძლევს ყველაზე მეტ საზოგადოებრივ სიკეთეს, გამართლებულია. რევოლუციური მოძრაობები მართულია სწორედ იმ იდეით, რომ საზოგადოებრივი ცხოვრება შეიცვალოს უკეთესობისაკენ, რომ ახალი წყობა დაემყაროს უმრავლესობათა სურვილებს ანუ შედეგი რევოლუციისა არის გაზრდილი საზოგადოებრივი სიკეთე, რომლის მისაღწევადაც კონსეკვენციალისტური მოძღვრების თანახმად გამართლებულია მსხვერპლი. სამხედრო მოქმედებები უმრავლესობის ინტერესების დასაცავად უმცირესობის წინააღმდეგ მიმართული გამართლებულია. თუკი საერთო სიკეთე აღემატება ამ სიკეთის მისაღწევად გაღებულ მსხვერპლს ეს ქმედება გამართლებული იქნება. შესაბამისად, რევოლუცია კონსეკვენციალისტური მოძღვრების მიხედვით შესაძლოა გამართლებულად მივიჩნიოთ.
დეონტოლოგია საკითხს სხვაგვარად განიხილავს. დეონტოლოგიის მიხედვით ქმედების სისწორე დამოკიდებულია არა შედეგზე, არამედ ასრულებენ თუ არა ისინი ჩვენს მოვალეობებს. ის მოვალეობის ეთიკას წარმოადგენს და გვეუბნება, რომ წესები ყველამ ზედმიწევნით უნდა შევასრულოთ, ამიტომ შესაძლოა ვთქვათ, რომ რაღაც კუთხით ის უპირისპირდება მორალურ ვალდებულებებს. დეონტოლოგია უკეთესი შედეგის სანაცვლოდ მსხვერპლს არ ამართლებს, რადგან ამგვარი ქმედება არ ჯდება ზნეობის უმაღლეს პრინციპში. დაუშვებლია ერთი ადამიანის მოკვლა ხუთის გადასარჩენად, რადგან მკვლელობა ეწინააღმდეგება ზნეობის უმაღლეს პრინციპს. ამგვარად რევოლუცია დეონტოლოგიის მიხედვით გაუმართლებელია. ეს არის მკვეთრი გადახვევა დადგენილი წესებისგან და მათი სრული უგულებელყოფა, რევოლუცია არის უკიდურესი გამოხატულება დაუმორჩილებლობისა მაშინ, როცა დეონტოლოგია ქადაგებს წესების პატივისცემასა და მის სრულ აღსრულებას. თუმცა მორალურ ჩიხს ვაწყდებით, როცა წესების დამორჩილებით ჩვენ ვიღებთ სრულ უსამართლობასა და ადამიანთათვის საფრთხის შემცველ გარემოს. როგორ მოვიქცეთ მაშინ, როცა წესების დამორჩილებით ჩვენ უარს ვამბობთ საკუთარ კეთილდღეობაზე და ხშირ შემთხვევაში რისკის ქვეშ ვაყენებთ ჩვენს სიცოცხლეს?
აქ შეგვიძლია ვახსენოთ ბუნებითი სამართალი და აქვინელის ორმაგი ეფექტის დოქტრინა, რომელიც ერთგვარ გამოსავალს გვთავაზობს დეონტოლოგიური კატეგორიულობისგან. ორმაგი ეფექტის დოქტრინა გვეუბნება, რომ ქმედება გამართლებულია თუკი ის ექვემდებარება შემდეგ ოთხ პრინციპს:
რევოლუციის დროს ქმედება, ანუ უსამართლბის წინააღმდეგ ბრძოლა, პროგრესისთვის თავგანწირვა კარგია, ცუდი შედეგი, ანუ მსხვერპლი, რაც შეიძლება მოჰყვეს რევოლუციურ მოძრაობას, არ არის გამიზნული, არამედ ის არის არასასურველი გვერდითი მოვლენა, რომელიც თან სდევს კარგი შედეგის მისაღწევად განხორციელებულ ქმედებას, განზრახვა, საზოგადოებრივი ცხოვრების და სახელმწიფოებრივი მოწყობის გაუმჯობესება, არის კარგი, მიზეზები რევოლუციისა ცალსახად სერიოზულია, რადგან ემსახურება პროგრესს და არასახარბიელო პირობების გაუმჯობესებას. შესაბამისად, ცალკეულად რევოლუცია თავის თავში შესაძლოა მოიცავდეს შიდა არეულობასა და მსხვერპლს, რომელიც ეწინააღმდეგება ბუნებითი სამართლის კანონებს, მაგრამ ემსახურება კეთილ მიზნებს, ქმედება თავისთავად კარგია და კარგი შედეგი არ გამომდინარეობს უშუალოდ ქმედების ცუდი შედეგისგან. იმისათვის რომ ქმედება წარმატებით განხორციელდეს არ გვჭირდება მსხვერპლი, ის რევოლუციის არასასურველი გვერდითი მოვლენაა.
ამრიგად, ადამიანისა და სახელმწიფოს ურთიერთობა ზოგჯერ შესაძლოა იქამდე გამწვავდეს, რომ საჭირო გახდეს რევოლუციური ხასიათის რეფორმები, საზოგადოებაში არსებულ დაძაბულობას, გაუარესებულ სოციალურ და პოლიტიკურ მდგომარეობას ვეღარ ცვლის მშვიდობიანი გამოსვლები და პროტესტი, არამედ საჭიროა უკიდურესი ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანთა კეთილდღეობას. მიუხედავად იმისა, რომ რევოლუციამ შესაძლოა უარყოფით შედეგად მოგვცეს მსხვერპლი, ნგრევა და არეულობა, მისგან მიღებული სარგებელი გადაწონის ქმედებისგან გამოწვეულ დანაკლისს, რის გამოც კონსეკვენციალიზმის მიხედვით რევოლუცია გამართლებული იქნება. ქმედების სერიოზულობა, განზრახვა, მიზანი, რომელიც ემსახურება სიკეთეს კი ორმაგი ეფექტის დოქტრინის მიხედვით ითვლება მორალურად გამართლებულად, რის საფუძველზეც ვასკვნით, რომ რევოლუცია საზოგადოებრივი სიკეთის მისაღწევად მორალურად სწორი საშუალებაა.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.