ადამიანებმა შევქმენით სახელმწიფო, რომელიც ერთგვარად სოციალურ წესრიგს ემსახურება და მისი ვალია საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე და სხვა ნაკისრ ვალდებულებებზე იზრუნოს, რაც ინდივიდუალურია სხვადასხვა ტიპის სახელმწიფოებისთვის. სწორედ, ამგვარი როლის გამო, რომელსაც სახელმწიფო ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში თამაშობს, ჩვენ გვიწევს ნდობა გამოვუცხადოთ მას და დავმორჩილდეთ- საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის. ეს იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო ყველა თავის ნაკისრ ვალდებულებას კეთილი და სამართლიანი განზრახვით ასრულებს. არისტოტელე საუკეთესო სახელმწიფოს და სახელმწიფოთა ცხოვრების საუკეთესო სახეს ადამიანთა უმრავლესობისთვის ასე აღწერს: „ესაა ისეთი ცხოვრება, რომელიც ხელმისაწვდომია მოსახლეობის უმრავლესობისთვის და ისეთი სახელმწიფო, რომელიც მისაღებია სახელმწიფოთა უმრავლესობისთვის.“
გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს საკუთარ მოქალაქეებზე, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მხრივ, ნაკისრი აქვს რიგი ვალდებულებები, ჩვენც- მის მოქალაქეებს მოგვეთხოვება მშვიდობის შენარჩუნებაში წვლილის შეტანა. აქვე, შესაძლებელია, სახელმწიფო ხელისუფლება სრულიად საპირისპიროდ იქცეოდეს, ბოროტად იყენებდეს ძალაუფლებას და თავს არიდებდეს რეალურ ვალდებულებებს.
სახელმწიფოსადმი გამომჟღავნებულ განწყობებს შორის პატრიოტიზმი ყველაზე მკაფიოა. ჭეშმარიტი პატრიოტიზმი გულისხმობს არა საკუთარი ქვეყნით აღფრთოვანებას, სიამაყეს, მისი წარსულის რომანტიზირებას, არამედ მისი მომავლისთვის ბრძოლას, გარჯას, ახალი ისტორიის დაწერას, რაც კეთილდღეობას მოუტანს სახელმწიფოსაც და თანამემამულეებსაც. რობერსპიერი ამბობდა: „სამშობლოსთვის ცოტა გაგიკეთებია, თუ ყველაფერი არ გააკეთე“. ამგვარი ხასიათი აქვს კლასიკურ პატრიოტიზმს.
სამყაროში, სხვადასხვა ისტორიული მოვლენების მიმდინარეობის, განწყობების ცვალებადობისა და მრავალფეროვნების შედეგად, დაისვა კითხვა- არის თუ არა პატრიოტიზმი მორალური? მაკინტაერი, ამავე სახელობის ნაშრომში განიხილავს პატრიოტიზმის ორ ძირითად ბუნებას, ეს ორი გამოხატულება გვევლინება ყველაზე მნიშვნელოვნად. პირველი ეს არის მისი მორალური მხარე, რომელიც, როგორც იდეა მეცხრამეტე საუკუნეში ჩამოყალიბდა, მეორე- მისი საპირისპირო და კონტრასტული- ამორალური მხარე, რომელიც სამოციან წლებში გახდა აქტუალური და დიდი ინტერესი მოიპოვა. პატრიოტიზმის სწორი გაგებისთვის საჭიროა მისი გაგება მეტად გავშალოთ, მისი სამიზნე ობიექტი არის რაიმე კონკრეტული იდეალი, ხოლო შემდეგ ერი, რომელსაც გააჩნია ეს იდეალი, სწორედ ეს გრძნობა იდეალისადმი აღვივებს ერთგულებას კონკრეტული ქვეყნისადმი. ამავდროულად, პატრიოტიზმის გამომჟღავნება ქვეყნისადმი მხოლოდ მის წევრს შეუძლია. აქ, ჩნდება კითხვა, რატომ არ შეიძლება მე- ქართველს გამიჩნდეს პატრიოტული გრძნობები, დავუშვად, ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ და ვითვლებოდე პატრიოტად. მორალურად სრულიად გამართლებულია პატრიოტულ განწყობას ამჟღავნებდე ქვეყნის მიმართ, რომელშიც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობ. სწორედ, ამგვარ გაგებას მივაკუთვნებთ მორალურს. მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, პატრიოტიზმი არ უნდა ატარებდეს ანგარების ხასიათს, არ უნდა იყოს გამოწვეული რაიმეს მადლიერების შეგრძნებით. მე ვერ ვიქნები პატრიოტი ქვეყნის, მხოლოდ იმიტომ, რომ შემიფარა და ზრუნავს ჩემზე. ამაზე ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, განვიხილოთ პატრიოტიზმი ამორალურობის ჭრილში. ისტორიულად არ გაგვიჭირდება დამტკიცება იმისა, რომ პატრიოტიზმი, ასევე შეიძლება სხვის სიძულვილს მოიაზრებდეს, ყველაზე მკაფიო და ზუსტი მაგალითია- ჰიტლერი, იგი უდაოდ პატრიოტი იყო, მაგრამ ეს სახეშეცვლილი პატრიოტიზმი და ზღვარგადასული „ერთგულება“ ქვეყნისა, ამორალურობის ზენიტს აღწევდა.
კონსეკვენციალიზმისთვის პატრიოტიოტული ზრახვები დამოკიდებულია მათ შედეგთა ეფექტიანობაზე. ანუ, პატრიოტიზმი გულისხმობს ყველაფერი გავაკეთოთ საუკეთესო შედეგის დასადგომად, ხოლო გამოწვეული უსიამოვნებები ჩავთვალოთ სიკეთის ჩადენის გარდაუვალ გვერდით მოვლენებად. ამგვარად, შეიძლება პატრიოტი აღმოჩნდეს ისეთი რეალობის წინაშე, როდესაც მოუწევს არჩევანის გაკეთება, მისი არჩვანი კი დამოკიდებული იქნება არა რაიმე მკაცრად განსაზღვრულ წესსა თუ მორალზე, არამედ შედეგის სარგებლიანობაზე. კონსეკვენციალისტი პატრიოტისთვის სამყაროში ყველანაირი სიკეთე რაოდენობრივად აღიქმება და გამოითვლება, უპირატესობა კი ყველაზე მომგებიანს ენიჭება, შედეგი მაქსიმალური უნდა იყოს საზოადოებრივი კეთილდღეობისთვის, როგორც ამბობენ- მიზანი ამართლებს საშუალებას. ამორალური პატრიოტიზმი კი, რომელიც მაკინტაერმა განიხილა შორსაა კონსეკვენციალუსტური პატრიოტიზმისგან. ისევ ჰიტლერის მაგალითზე განვიხილოთ, მისი მიზანი იმთავითვე არასწორი იყო, რადგან ის საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე საერთოდაც არ ზრუნავდა, ის ზრუნავდა კონკრეტული ჯგუფის კეთილდღეობაზე. სწორედ ამიტომ, პატრიოტიზმის კონსეკვენციალისტური გაგებაში არაფერია ამორალური.
დეონტოლოგიისთვის პატრიოტიზმი კანონების, წესებისა და წესრიგის სრულ დამორჩილებასა, დაცვასა და მისთვის მსახურებას ეფუძნება. საკუთარი ქვეყნის და სახელმწიფოსადმი ზრუნვა და გარჯა მოისაზრებს სწორედ კანონის უზენაესობის დაცვას. ამგვარი ფილოსოფიისთვის ამორალურია ქმედებები, რომელიც სურვილებთან და ვნებებთანაა დაკავშირებული, ის რაც პატრიოტმა არასდროს უნდა დაკარგოს- რაციონალური აზროვნების უნარია, მან თავი უნდა მიუძღვნას მორალურ კანონებს. ამრიგად, დეონტოლოგი პატრიოტი შეიძლება წარმოგვიდგეს, როგორც სამართალდამცავი, რომლისთვისაც წმინდაა მორალი და კანონი და იბრძვის მისი სახელით, მის დასაცავად, იმისთვის, რომ სახელმწიფო და საზოგადოებრივი კეთილდღეობა უზრუნველყოს. კონსეკვენციალიზმისგან განსხვავებით, აქ აქცენტი ქმედებათა მიზეზზეა გადატანილი და არა შედეგზე, ამგვარად ქმედება წინასწარ განსაზღვრულია და მის უკან დგას მთავარი წესი/კანონი. ერთ-ერთი ამგვარი კანონი, მორალი არის ის, რომ არასწორია მკვლელობა უდანაშაულო ადამიანის. როგორც კონსეკვენციალიზმისთვის, არც დეონტოლოგიისთვის გულისხმობს პატრიოტიზმი ამორალურობას. არ შეიძლება ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მკვლელობა ფსევდო-პატრიოტული, ყოვლად აზრსმოკლებული მოტივით.
საინტერესოა, ბუნებითი სამართლისთვის რას გულისხმობს პატრიოტიზმი. ძირითადი მცნებები ამგვარია: დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ადამიანის სიცოცხლეს, გავამრავლოთ და განვანათლოთ შთამომავლობა, ვირწმუნოთ ღმერთი და თაყვანი ვცეთ მას და ვიცხოვროთ საზოგადოებაში. პატრიოტიზმი კი, ჩამოთვლილ ღირებულებებზეა დაფუძნებული, რადგან სწორედ ამ მცნებების საფუძველზე შეიძლება ჩამოყალიბდეს საყოველთაო მშვიდობა და კეთილდღეობა. პატრიოტისთვის, რომელიც ბუნებითი სამართლის თეორიას ეყრდნობა, აუცილებელია ბუნებითი კანონების დაცვა, განმტკიცება და მასზე ზრუნვა. ღმერთის მიერ არსებითად ჩანერგილი კეთილისა და ბოროტის გარჩევის შესაძლებლობა არის პატრიოსთვის მამოძრავებელი რწმენა, მაშასადამე წინა შემთხვევებისგან გასხვავებით პატრიოტიზმი ეთიკის ამ თეორიისთვის თეოლოგიურ მოტივზეა დაფუძნებული. პატრიოტი, ამ შემთხვევაში, მოქმედებს ღმერთის სახელით, იმის რწმენით, რომ ყველაფერი რაც კეთილად, ან ბოროტად მიაჩნია სწორედ ამგვარია. ბუნებითი სამართალი ამბობს, რომ ადამიანი არასდროს უნდა გამოიყენო საშუალებად და საჭიროა ვიცხოვროთ ისე, რომ ვიზრუნოთ სხვა ადამიანების სიცოცხლეზე. არც ბუნებითი სამართალი ამართლებს ჰიტლერის ამორალურ პატრიოტიზმს, რომელმაც ჰოლოკოსტი მოაწყო და 6 მილიონი ებრაელი ამოხოცა, ისევ და ისევ სულელური პატრიოტული მოტივებით.
როგორც ჩანს, პატრიოტიზმი სხვადასხვა ეთიკის თეორიებისთვის განსხვავებულად აღიქმება, გამომდინარე მათი ხასიათიდან, მაგრამ არცერთისთვის ის არ მოიაზრებს ამორალურობას. საბოლოოდ, მაკინტაერი პატრიოტიზმს ასე აღიქვამს: იგი არ მოითხოვს შენგან რომელიმე პოზიციას, გიყვარდეს შენი ქვეყანა, თუ გძულდეს.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.