დავიბადე. არც კი ვიცი სად, მაგრამ მაინც ვიზრდები. ცოდნა მემატება, ჯერ ისიც კი არ ვიცი საიდან მოვიდა ეს ცოდნა, მაგრამ რატომღაც მისი მჯერავს, გადამოწმებით, თუ მის გარეშე. საზოგადოების პროდუქტი ვარ თუ სახელმწიფოსი? ან საერთოდ, ეს რას ნიშნავს? მე ხომ ჩემი რაციონალურობა შერჩენილი მაქვს. მაგრამ მაინც ორი წლის ბავშვს რო ეუბნევიან ძაღლს დაუძახეო და ისიც დაფიქრების გარეშე ეძახის, ეგრე მგონია თავი. მას, უბრალოდ, უთხრეს და მანაც დაუძახა. და იქნებ მეც ასე ვიძენ ცოდნას? მორალს? სად ვანსხვავებ ჭეშმარიტს და მცდარს? ამაზეც ხომ მეუბნევიან ასეაო, თან ყველა ფილოსოფია, რელიგია თუ პოლიტიკური მიმდინარეობა ცალ-ცალკე. ყველა თავისას გაიძახის, ყველას საკუთარი ჭეშმარიტება აქვს.
კონსეკვენციალიზმს საკუთარი უპირატესობის სწამს. მისთვის მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის სანაცვლოდ გადარჩენილი ხუთი ან თუნდაც მეტი სიცოცხლე. მაგრამ ის ერთი ადამიანი მე რომ ვიყო, მომეწონებოდა კი სხვათა გადარჩენა? გასაგებია, საზოგადოებრივი სარგებელი ბევრად მნიშვნელოვანია. მაგრამ რა აზრი აქვს იმ საზოგადოებრივ სარგებელს, მე თუ თავად აღარ ვიარსებებდი? მაგრამ ის ერთი ადამიანი სხვა რომ ყოფილიყო და მე რომ იმ ხუთში ვყოფილიყავი, მაშინ? ალბათ, იმ ერთს გავკიცხავდი, მან ხომ მე არ გადამარჩინა და ეგოისტურად მოიქცა.
გინდ დეონტოლოგია. რატომ მეუბნევა, რომ ქურდის შემოჭრის დროს, მას სიმართლე უნდა ვუთხრა და ამით სხვა დავღუპო? სად გადის ზღვარი აქ მორალს შორის? მისთვის მორალი მაქსიმაა, უეჭველი ჭეშმარიტება, მაგრამ ჩემთვის რომ ასე არ არის, მაინც უნდა დავიცვა დეონტოლოგიის წესები? მაგრამ რო არ დავიცვა, ამით ხომ ამორალური გამოვჩნდები. სამაგიეროდ, კონსეკვენციალიზმის მიხედვით, ჭეშმარიტს ვაკეთებ, მაგრამ მაინც ვერ ვგრძნობ, რომ ეს რაღაც ისაა, რისი გაკეთებაც მინდა.
და ბუნებითი სამართალი? დავუჯერო თომა აქვინელს? მაგრამ, რავი, სიკეთის კეთება? და მაინცდამაინც, მისი პრინციპებიც რომ არ მესადაგება? ან თუნდაც, ღვთაებრივი სამართალი. იქნებ, ღმერთი არ მწამს და მაგ დროს რა ვქნა?
უბრალოდ, რატომ უნდა მივემხრო ისეთ ფილოსოფიას, რომელიც არ მსურს. ჩემი ირაციონალურობის დასაძლევად?
კიდევ ერთია, კონსტრუქტივიზმი. რახან ადამიანმა შექმნა საზოგადოებრივი ინსტიტუტები და ცივილიზაცია, მასვე ევალება, მისი სურვილების დაკმაყოფილების მიზნით, მათ შეცვლაზე ფიქრი. მაგრამ ისინი ისეთ წესებს აღიარებენ, რომლებიც ცხადადაა გაცნობიერებული. აი, ისევე ცხადად და საჭიროებისამებრ, როგორც სიტყვები დგანან წინადადებების შესაქმნელად.
მაგრამ იმათ რა ვუყო, რომლებიც ასე არ არიან? ისეთებს, რომელთაც სიტყვებით ვერ გამოვხატავ. მაგალითად, „სამართლის გრძნობა’’, რომელიც არც კი ვიცი საიდან წარმოიშვა, ყოველ ფილოსოფიაშიც თავისი ახსნა აქვს, ხოლო ჩემს არსებაში კი, რომელიც არც ერთ ფილოსოფიას, რელიგიას თუ იდეოლოგიას არ იზიარებს, მაინც სხვა მნიშვნელობისაა.
და იქნებდა ამ ჩემს ამჟამინდელ აზროვნებასა თუ მორალზე საზოგადოებამ ან თუნდაც სახელმწიფომ იმოქმედა? მე ხო თავიდანვე ამ სამყაროში უმწეო ბავშვივით ვარ, რომელსაც რასაც ეუბნევიან აკეთებს, ანდაც, იჯერებს. მშობლებს უჯერებს, მშობლები ცალკე მათ მშობლებს და ასე. შეიძლება ვიფიქროთ, რომ წინაპრები გვკარნახობენ ჩვენი ცხოვრების გზას თუ უბრალოდ ჩვენ გარშემო მყოფი ხალხი?
იქნებ, მართლაც, საზოგადოება და სახელმწიფო აყალიბებს პიროვნებას? ან თუნდაც, საზოგადოება ან ინდივიდი აყალიბებს სახელმწიფოს? თავიდანვე ხომ ნილოსმა განაპირობა სახელმწიფოს გაჩენა, მაგრამ საზოგადოების გარეშე როგორ იარსებებდა? შემდგომ ცალკე სხვა ქვეყნებში ცივილიზაციაც აყვავდა. ამან კიდევ ცივილიზებული და ბარბაროსი ხალხი წარმოშვა. მაგრამ რომ არა წესები, კანონები და მათით წარმოქმნილი მორალი, შესაძლებელი იქნებოდა კი სახელმწიფოს ნორმალურად ფუნქციონირება? გვქონდა ტირანიაც, დემოკრატიაც და ოლიგარქიაც. ყოველი წყობა განსხვავებულ წესს ემორჩილებოდა, მაგრამ სახელმწიფო მაინც ერქვა. და საიდან მოდიოდა ეს წესები? მათი ისტორიიდან? რომელიმე ფილოსოფიური მიმდინარეობიდან? წინაპრებიდან? რაციონალურობიდან? თუ უბრალოდ, ინდივიდიდან?
იქნებ მეცნიერების განვითარების შემდგომ, მეცნიერებიდანაც წამოვიდა? პოზიტივიზმისგან. მაგრამ მეცნიერება კი ითვალისწინებდა ადამიანის ღირებულებებს? გალილეომ ტელესკოპში, რომ იუპიტერი დაინახა, მაგ დროს ფიქრობდა საერთოდ ღირებულებებზე?
ამიტომაც, როგორ ჩამოაყალიბებენ ისინი ინდივიდს? ბეთჰოვენის ტალანტი ჰო მათი ბრალი არაა, მისი ნიჭი თავად მისი ბრალია. კი, შეიძლება მუსიკალურ ოჯახში იზრდებოდა, მაგრამ რა აზრი აქვს აღზრდას, თუ თავად ის ვერ შეიყვარებდა მუსიკას და დამოუკიდებლად არ შექმნიდა გენიალურობას.
ჰარი პოტერშია, სილივრუს სარკე. ადამიანის ღრმა სურვილებს აჩენს. არანაირი მორალი, კანონი, წესი, საზოგადოება, იდეოლოგია თუ ნებისმიერი სხვა რამ. უბრალოდ, პიროვნება სარკეს უყურებს და მის თავს ხედავს. იქნებ ჩვენც გვმართებს ამ სარკეში ჩახედვა? მასში ჩახედვის მერე, შეიძლება მოგვინდეს რომელიმე ფილოსოფიის გაზიარება, მაგრამ ეს უფრო მეტად ჩვენი სურვილი იქნება და არა ვალდებულება. ოღონდ, ამ სურვილმა დამოუკიდებლობა და არჩევანი უნდა მოგვანიჭოს, ხოლო რაციონალურობა და აზროვნება არ დაგვაკარგვინოს.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.