ENG GEO

Search form

სახელმწიფო-წესრიგის გარანტი თუ ქაოსის გამომწვევი?

მანამ, სანამ სახელმწიფოსმაგვარი წარმონაქმნების ფორმირება დაიწყებოდა, ადამიანები ცხოვრობდნენ ყოველგვარი ფორმალური წეს-კანონების გარეშე. ამგვარ ,,ქვეყანაში“ მცხოვრები ხალხის მდგომარეობა, თომას ჰობსის მიხედვით აღიწერებოდა, როგორც ბრძოლა, რომელშიც ყველა ყველას წინააღმდეგაა. გამუდმებულ შიშსა და ტერორში ცხოვრების თავიდან ასარიდებლად, ადამიანები მივიდნენ იმ აზრამდე, რომ საჭირო იყო შეთანხმება, რაღაც ძირითადი უფლებების გამოკვეთა და დათმობა, რათა სუვერენული ერთობა შექმნილ-შენარჩუნებულიყო. ამ უფლებების დათმობით ისინი თავიანთი ნებითვე ექვემდებარებოდნენ რაღაც ორგანიზაციას, რომელსაც ისინი უნდა დაეცვა. დღევანდელი სახელმწიფოს ძირითადი მიზანიც, იდეაში, სწორედ ეს არის- დაიცვას საკუთარი მოქალაქეები და იზრუნოს მათ კეთილდღეობაზე.
ეს ყველაფერი თითქოს ძალიან მომხიბვლავად ჟღერს-მე, მართალია, უფლებას ვაძლევ სახელმწიფოს, შემიზღუდოს თავისუფლება, მაგრამ სამაგიეროდ ის მე დამიცავს ბოროტებისაგან. დამიცავს ქურდისაგან, დამიცავს მკვლელისა და მოძალადისაგან, დამიცავს თაღლითობისგან. უზრუნველყოფს ჩემს განათლებას და საზოგადოების სრულყოფილ წევრად ჩამოყალიბებას. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ამასობაში სახელმწიფოს ხელში ჩვენი იმაზე მეტი უფლება აღმოჩნდა, ვიდრე გააზრებული გვაქვს? როცა სახელმწიფო ჩვენი უფლებების შეზღუდვას არა ჩვენი, არამედ თავის სასიკეთოდვე იყენებს? რა ხდება მაშინ, როცა გადასახადები სახელმწიფოს ბიუჯეტში მიდის და იმის ნაცვლად, რომ ისევ ჩვენვე მოგვხმარდეს, უგზო-უკვლოდ იკარგება? რა ხდება მაშინ, როცა ჩვენ ამას ვამჩნევთ, ხმას ვიმაღლებთ და პასუხს ვთხოვთ სახელმწიფოს მმართველებს? რას ვიღებთ ჩვენ მიერ შეკვეთილი მშვიდობის სანაცვლოდ? -თვალში ტყვიას, კეფაში-გაყინული წყლის ჭავლს.
მაშ, სად არის ჩვენ მიერ მოთხოვილი დაცულობა, სამართლიანობა, თანასწორობა, მშვიდობა, სოლიდარობა და კაცთა შორის სათნოება? სახელმწიფო და მთავრობა ხომ სწორედ იმიტომ შევქმენით, რომ ჩვენი უფლებები დაეცვა? მაშ, რა ბზიკმა უკბინა ჩვენს მმართველებს, ჭეშმარიტების გზის ღერძულა ხაზი რომ გადაუკვეთავთ? მათი ქმედებები, ,,ჩვენივე უსაფრთხოების დაცვის მიზნით“ გამართლებული, რეალურად, საზოგადოებაში შეუჩერებელი პროტესტის ტალღას იწვევს. პროტესტი-გამოსვლებს, მსვლელობებს, აქციებს, მიტინგებს. ეს ყველაფერი ძალიან შორსაა წესრიგისა და სიმშვიდისაგან.
გამოდის, ის, რისთვისაც დავთმეთ ჩვენი სრული და შეუზღუდავი თავისუფლების გარკვეული ასპექტები, ის, რისთვისაც შევქმენით მთავრობები, ის, რისთვისაც ჩვენივე ნაშრომ-ნაწვალებ ხელფასების ნაწილს ვთმობთ, ამაო ყოფილა. მაშ, რაღა საჭიროა სახელმწიფო? რა საჭიროა მთავრობები? შედეგად ვასკვნი, რომ სახელმწიფო და კანონები წესრიგს კი არ ამყარებს, უარესი არეულობისაგან გვიცავს.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.