ადამიანის ცხოვრება და მისი მიმართება საზოგადოებასა და სახელმწიფოსთან შეგვიძლია ორგვარად, როგორც წესი, ერთმანეთის საპირისპირო მდგომარეობებით დავახასიათოთ - ერთის მხრივ საუბარია vita activa-ზე („აქტიური ცხოვრება“), რომელიც გულისხმობს აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებასა და საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ვალდებულებების გათავისებას, ხოლო მეორე მხარეს ვხვდებით vita contemplativa-ს (“მჭვრეტელობითი ცხოვრება“), რომელშიც მოიაზრება ერთგვარი განრიდება სოციალური ცხოვრებისგან სამყაროსა და საკუთარი თავის შეცნობის მიზნით. სხვადასხვა ფილოსოფიური სისტემა ამ ორ კატეგორიას განსხვავებული მიზეზების გამო ანიჭებს უპირატესობას მეორესთან შედარებით. ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, საინტერესო იქნება ფრანჩესკო პეტრარკას, რენესანსისა და ჰუმანიზმის წარმომადგენლის, შეხედულების გაანალიზება. პეტრარკას „De vita solitaria-ში” ცალსახად გამოკვეთილია განმარტოებისა და აქტიური ცხოვრებისგან განრიდების მნიშვნელობა და, ამავე მსჯელობაზე დაყრდნობით, ცდილობს, გასცეს იმ კითხვას პასუხი, რომელიც ალბათ ადამიანთა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია: შეუძლია თუ არა ადამიანს უარი თქვას სამოქალაქო ვალდებულებებსა თუ შეთანხმებებზე და არ მიიღოს მონაწილეობა მისთვის არასასურველ პოლიტიკურ პროცესებში?
ფრანჩესკო პეტრარკა „De vita solitaria-ში“ სრულიად ახლებური განმარტოებული ცხოვრების მოდელს წარმოგვიდგენს, განსხვავებულს ქრისტიანულ ტრადიციაში არსებული მონასტრული ცხოვრებისა და მასთან დაკავშირებული წესებისგან, რომელიც თავისი მნიშვნელობისა თუ გამართლებულობის დასაბუთებას ფაქტობრივად არ საჭიროებდა. ცხოვრების ახალ ფორმას, რომელსაც პეტრარკა ე.წ. otium litteratum-ს უწოდებს, მიიჩნევს ერთგვარ უნივერსალურ ფენომენად: იმპულსად, რომელიც ადამიანებს (მიუხედავად განსხვავებული ისტორიული თუ გეოგრაფიული კონტექსტისა) ახასიათებთ და უბიძგებს საზოგადოებრივი ურთიერთობებისგან განრიდებისა და განმარტოებისკენ. ამასთან დაკავშირებით მოყავს შესაბამისი მაგალითებიც: ადამიდან დაწყებული რომაელი იმპერატორებითა და დრუიდებით დამთავრებული. პეტრარკას მიხედვით, განმარტოების მოყვარულ ადამიანებს არ ახასიათებთ სიმპათია ბრბოს მიმართ, რომლებიც მათთვის მთლიანად კაცობრიობის სახესა და ბუნებას გამოხატავს. თავადაც აღწერს საკუთარ ზიზღს ქალაქის ცხოვრებასა და ადამიანთა ამორალური ქცევის მიმართ. პეტრარკასეული vita contemplativa წარმოადგენს ადამიანის მორალურ და ინტელექტუალურ განვითარების პროცესს, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება საზოგადოებაში მიღებული განათლებისა თუ ხელობისგან და უფრო მეტად გამოხატავს იმ ცოდნასა თუ სიბრძნეს, რომელიც ადამიანში აყალიბებს სათნოებასა და ღირებულებათა სისტემას. ვფიქრობ, აღსანიშნავია, სტოიციზმისა და სენეკას გავლენა პეტრარკას მოსაზრებაზე. სენეკა მიიჩნევდა, რომ ბრძენი ადამიანისთვის დასაშვებია, განერიდოს საზოგადოებრივ ცხოვრებას თუკი ეს უკანასკნელი არაკეთილსინდისიერ გარემოს წარმოადგენს. Otium, ანუ მოცალეობა, არ წარმოადგენს პასიურ მდგომარეობას, პირიქით, ხასიათდება აქტიურობით, რადგან ადამიანს საშუალება ეძლევა სამყაროს შეცნობისა და ფუნდამენტურ კითხვებზე პასუხის გაცემის, რაც მთლიანობაში კაცობრიობისთვის სასარგებლო ქმედება გამოდის.
აღსანიშნავია ისიც, რომ პეტრარკა მჭვრეტელობითი ცხოვრების უპირატესობის დასაბუთებისას არ გულისხმობს იმას, რომ ცხოვრების აქტიური ფორმა რაიმე თვალსაზრისით დასაკნინებელია. მისი მთავარი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ დასაბუთებაა იმის, რომ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მოღვაწეობაზე უარის თქმა დასაშვებია და გამართლებული, რასაც უკვე არსებული ფილოსოფიური სისტემები მაინცდამაინც არ იზიარებდნენ. მაგალითისთვის, არისტოტელეს მიხედვით, “ადამიანი პოლიტიკური ცხოველია”, რომელიც თავის ბუნებასა და სათნოებებს სრულიად სწორედ აქტიური ცხოვრების, პოლისის ფარგლებში გამოხატავს. ხოლო ის ვინც საზოგადოებისგან დაშორებულია, „ან მხეცია ან ღმერთი“. პეტრარკას პასუხი არისტოტელეს ამგვარ მოსაზრებაზე მდგომარეობს შემდეგში, რომ ადამიანის განმარტოებული ცხოვრება ემსახურება კაცობრიობის კეთილდღეობას (აქ შეიძლება ითქვას, სენეკას მოსაზრებასაც იმეორებს). გარდა ამისა, ადამიანს მარტოობაშიც შეუძლია საკუთარი სათნოებების რეალიზაცია (საზოგადოებისგან დამოუკიდებლად). გარდა ამისა, კრიტიკის სახით ამატებს, რომ ნებისმიერი პიროვნება სოციალური იერარქიის პირობებში, რაც არ უნდა სათნო ადამიანის დაქვემდებარების ქვეშ იყოს, ის მაინც ვერ იქნება ბოლომდე თავისუფალი, რაც, ვფიქრობ, განსხვავდება მჭვრეტელობითი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი მდგომარეობისგან.
პეტრარკას შეხედულება განსხვავდება ასევე ავგუსტინეს მოსაზრებისგან, რომლის მიხედვითაც ადამიანს არ შეუძლია უარი თქვას სამოქალაქო ვალდებულებებზე და შესაბამისად, მოჰყავს რომის იმპერიის მაგალითი. ავგუსტინეს მიხედვით, ქრისტიანებს არ უნდა ეთქვათ უარი ვალდებულებებზე, რომლებიც სახელმწიფოს მიმართ ჰქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ იმპერიის ღირებულებები ფაქტობრივად სრულიად ეწინააღმდეგებოდა ქრისტიანულ მოძღვრებას. ამ თვალსაზრისით, საზოგადოებრივი მოვალეობების შესრულება პირდაპირაა კავშირში მიწიერი სამართლიანობის აღსრულებასთან - დაახლოებით საუბარია პრინციპზე, რომელსაც სახარებაში ვხვდებით: „მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა“. პეტრარკასთვის დაუშვებელია იმის მორჩილება, რაც ადამიანისთვის მიუღებელია. სახელმწიფო მხოლოდ მაშინ იმსახურებს ერთგულებას, როცა ის (პიროვნების აზრით) სამართლიანია. პეტრარკას პოლიტიკური თეორია, ვფიქრობ, ამ ნაწილშია საინტერესო, რადგან მისთვის სამოქალაქო თუ პოლიტიკური ვალდებულებები არსებობს იქამდე, სანამ ის დამოუკიდებლად, საკუთარი განსჯით გადაწყვეტს, რომ იყოს მისი შემსრულებელი.
საინტერესოა ისიც, თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში, როცა გადავწყვეტთ პეტრარკას vita contemplativa ვაქციოთ ნებისმიერი ადამიანისთვის აღიარებულ ცხოვრების ფორმად - შეექმნება თუ არა ამით რაიმე საშიშროება სახელმწიფოს, მის ფუნქციონირებასა და საზოგადოებრივ კეთილდღეობას? პეტრარკას, მიმაჩნია, რომ საკმაოდ არადამაჯერებელი და მარტივი პასუხი აქვს - მისი აზრით, შეუძლებელია მოცემული ჰიპოთეტური ვითარების რეალურად განხორციელება, რადგანაც ადამიანები უმეტესწილად უბრალოდ არ აირჩევენ ცხოვრების ამგვარ წესს - პეტრარკა მჭვრეტელობით ცხოვრებას არ განიხილავს მოვალეობად, არამედ ინდივიდუალურ, თავისუფალ გადაწყვეტილებად.
საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ფრანჩესკო პეტრარკა “De vita solitaria-ში“ ცდილობს განიხილოს, თუ რატომ შეუძლია ადამიანს უარი თქვას აქტიურ ცხოვრებასა და სამოქალაქო ვალდებულებებზე და ამავდროულად გამოკვეთოს მჭვრეტელობითი ცხოვრება, როგორც იმავენაირად მნიშვნელოვანი (მეტი თუ არა) მდგომარეობა და არჩევანი.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.