ადამიანი და სახელმწიფოს საკითხი ყოველთვის საინტერესო იყო, როგორც ფილოსოფოსებისთვის, ასევე პოლიტოკესბისთვისა და დიდი მოაზროვნეებისთვის. მიმართება ამ ორს შორის შესაძლოა განვიხილოთ ბევრი სხვადასხვა კუთხით ანუ, ადამიანი, როგორც სახელმწიფოს მოქალაქე , თუ ადამიანი როგორც სახელმწიფოს შემდგენი ნაწილი, თუ ეს ორი როგორც უბრალოდ ორი ცალ-ცალკე აღებული სუბსტანცია, რომლებიც უბრალოდ თანაარსებობენ. საინტერესოა მათშორის ურთიერთ დამოკიდებულება- ერთის მხრივ სახელმწიფო ვერ იარსებებს თუ არ ჰყავდა მოქალაქე და მეორეს მხრივ, თანამედროვე ადამიანს სჭირდება სახელმწიფო, როგორც რაღაც კანონზომიერი სისტემა რომლშიც ის იცხოვრებს, სხვანაირად იქმნება ქაოსი.
სანამ უშუალოდ პატრიოტიზმის საკითხს შევეხები, მინდა განვიხილო რიგითი, თანამედროვე ადამიანი, რომელიც ცხოვრობს განვითარებად ქვეყანაში. ვთქვათ, რომ ეს ადამიანი არის საშუალო ასაკის, დაახლოებით 35 წლის. ამ დროს, საშუალოდ, ადამიანებს უკვე დასრულებული აქვს განათლების მიღება, უკვე შექმნეს გარკვეული კარიერა, შესაძლოა ოჯახიც და იმყოფებიან ცხოვრების შედარებით სტაბილურ ფაზაში, თუმცა პენსიამდეც ბევრი უკლიათ. როგორია ასეთი ადამიანის დამოკიდებულება იმ სახელმწიფოს მიმართ რომელშიც ის ცხოვრობს? ძირითადად დამოკიდებულება არის უკმაყოფილო, შესაძლოა არ მოსწონდეს მმართველი პარტია, არ მოსწონდეს ეკონომიკური მდგომარეობა, ქეყნის ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობა და ა.შ. თუმცა, რომ ჰკითხოთ თვითონ რას აკეთებს ქვეყნისთვის, ეს საშუალო დამიანი გიპასუხებთ რომ იხდის გადასახადებს, და ხარჯავს ეროვნულ ვალუტას ქვეყნის შიგნით, ანუ ამდიდრებს ქვეყნის ბიუჯეტს, ხოლო ქვეყანა მისთვის განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს. რომ ჰკითხოთ არჩევნებში იღებს თუ არა მონაწილეობას, პასუხი 50-50-ზეა გააჩნია ქვეყანას - ან გეტყვით კი-ს ,მაგრამ ვერ ხვდება რა აზრი აქვს მონაწილეობის მიღებას , ან იტყვის არა-ს, ხოლო მიზეზი იგივეა- ვერ ხვდება რა აზრი აქვს მის ხმას. ჩემი აზრით არჩევნებში მონაწილეობა არის თანამედროვე სამყაროში, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი პატრიოტიზმისკენ, რომელიც ,ისედაც, თითქმის ნულზე გვყავს დაყვანილი. ახალგაზრდების უმეტესობას სურს ქვეყნიდან გაქცევა (საქართველოსა და სხვა პოსტსაბჭოური ქვეყნების შემთხვევაში) უკეთესი ცხოვრების ძიების მიზნით, უფროსი თაობა, პენსიონერები, წარსულს მისტირიან (ისევ,განსაკუთრებით პოსტსაბჭორური ქვეყნების შემთხვევაში), ხოლო ის ნაწილი რომელსაც განვიხილავთ, არის სრულ ტრანსში, ვერც “იქით” არის და ვერც “აქეთ”, არ ცხოვრობს არამედ არსებობს, რაღაც კონკრეტულ სახელმწიფოში, რომელსაც, მიუხედავად იმისა რომ “განვითარებადის” სტატუსშია, დიდი ხანია არ გადაუდგამს რაიმე სახის დრამატული ნაბიჯი განვითარებისკენ.
პატრიოტიზმზე საუბრისას, ვფიქრობ მნიშვნელოვანივახსენოთ თუ რას ნიშნავს პატრიოტიზმი, საერთაშორისო განმარტებით : პატრიოტიზმი გულისხმობს დადებით განწყობასა და სიყვარულს სამშობლოს მიმართ და სხვა მოქალაქეეების მიმართ, რომლებიც იმავეს იზიარებენ. განსაკუთრებით საქართველოში, პატრიოტიზმზე საუბრისას, არაერთხელ შევხვედრივარ დამახინჯებულ ან უტრირებულ განმარტებას ან სრულ შიშს ამ სიტყვის მიმართ. ე.წ. Gen Z-სგან ძირითადად პირდაპირ პასუხს ვიღებთ, რომ არ არიან პატრიოტები, მიუხედავად იმისა, რომ ამის საფუძველი არ აქვთ, ეს ყველაფერი განპირობებულია მათი მშობლების ზეგავლენით, ამ ბავშვებს ესმით თუ როგორი უკმაყოფილოები არიან მათი მშობლები იმ ქვეყნით, რომლშიც დაიბადნენ და გაიზარდნენ, შესაბამისად მათ შვილებსაც არ უჩნდებათ სიყვარული საქართველოს მიმართ, ხოლო სკოლებში არ ტარდება საკმარისი სამუშაოები იმისათვის რომ პატრიოტიზმი გაუღვივონ ახალგაზრდა ადამიანებს. შესაბამისად საქართველოს მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ პატიოტიზმი ასე თუ ისე საკმაოდ დაცემულია, მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად, ქართველები ზუსტად ამ გრძნობაზე დაყრდნობით იცავდნენ ამ ჩვენს პატარა ქვეყანას და ზუსტად ამიტომ ვარსებობთ დღემდე და გვქვია ქართველები.
ახლა მინდა შევეხო ზუსტად იმ ოქროს შუალედს, რომელიც ვახსენე სათაურში, მიუხედავად იმისა რომ ძირითადად მესმის რომ მოქალაქეებს საკუთარი თავი პატრიოტად არ მიაჩნიათ, მესმის სრულად და უკიდურესად საპირისპიროც, ამას შეიძლება ვუწოდოთ უკიდურესი “ფანატიკური” პატიროტიზმიც. გამიგია, ძირთადად უფროსი თაობის წარმომადგენლებისგან, რომ ვინაიდან თავისი ქვეყანა უყვართ, მათთვის არ აქვს მნიშვნელობა თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მმართველი პარტია, ვინაიდან ეს არის ქვეყნის გადაწყვეტილება და შესაბამისად აუცილებლად მხარს დაუჭერენ. ანუ ადამიანების ამ ნაწილს, პროტესტის გრძნობა აქვს სრულად ნოლამდე დაყვანილი და ეს ჰგონიათ პატიროტიზმი.
ზუსტად ამას ვგულისხმობ როდესაც ვამბობ, რომ ვერ ვპოულოობთ ოქროს შუალედს, ორ კიდურესობას შორის ვართ. და ძირითადი ფილოსოფიებიდანაც არც ერთში “არ ვჯდებით”- არც კონსეკვენციალიზმში ვინაიდან არ ვართ ორიენტირებულები შედეგზე, არც დეონტოლოგიაში, ვინაიდან ის ნაბიჯები რასაც ვდგამთ სრულად მოკლებულია აზრს და იდეოლოგიას. ხოლო რაც შეეხება ბუნებით სამართალს, ბუნებითი კანონები სრულად გვაქვს დაკარგული და რობოტებივით ვმოქმედებთ ფიქციური კანონების მიხედვით, რომლებსაც ერთი ნახევარი აპროტესტებს, ხოლო მეორე ნახევარი იცავს და საბოლოოდ მივდივართ თაობათა ომამდე, უთანხმოებამდე და რეალური პრობლემები, გვრჩება გვერდზე.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.