ადამიანი გაჩენის დღიდან დღემდე ცდილობს სამყაროში თავისი ადგილი, ან თუ უფრო მეტი მოლოდინი აქვს ცხოვრებისაგან - მიზანი/დანიშნულება იპოვოს და მასთან თანხვედრაში იცხოვროს, თუმცა, უმეტეს შემთხვევებში, პასუხის პოვნა იმდენად რთულია, რომ რაღაც ეტაპზე, ალბათ, ყველა ნებდება და უკვე არსებული, დადგენილი წესებით ცხოვრებას ამჯობინებს. ლოკი ამბობდა, რომ ადამიანმა ყველა ქმედებაში უნდა ჩადოს საკუთარი შრომა, რათა შემდგომში ის სიკეთედ აქციოს და რამაც მომავალში როგორც თავისი, ისე სხვათა კეთილდღეობა უნდა უზრუნველყოს. ისეთ გარემოში ცხოვრება, სადაც ყველა შენი ქმედება საყოველთაო ჰარმონიის მაუწყებელია, დამეთანხმებით, საკმაოდ საპასუხისმგებლოა, მაგრამ, ჩემი აზრით, სწორედ მსგავსად შეიძლება შეიქმნას სახელმწიფო, რომლის საფუძველი მხოლოდ და მხოლოდ ზომიერება შეიძლება იყოს.
არისტოტელე ,,პოლიტიკაში” წერდა, რომ ყოველ სახელმწიფოს სამი ნაწილი აქვს: ძალიან მდიდრები, ძალიან ღარიბები და მესამე - მათ შუა მყოფნი. ის, ასევე, დასძენს, რომ სწორედ ,,შუაში მყოფნი” არიან საუკეთესო მდგომარეობაში, მაშასადამე, ის მიიჩნევს, რომ რადიკალური არაფერი კარგის მომტანი არ არის. ძალიან მდიდრები თავხედნი და უზნეონი ხდებიანო, ძალიან ღარიბები კი - ბოროტმოქმედი. ამ ლოგიკას თუ გავყვებით, არც ზედმეტი ძალაუფლება ვარგა, რამეთუ გვავიწყდებს ჩვენს ქმედებათა მიზანს და სწორედ ეს ქმნის ისეთ სახელმწიფოებს, რომელსაც თვითმპყრობელურ ტირანიის სახელით მოიხსენიებს არისტოტელე. მაშასადამე, სად გადის ზღვარი? სადამდე შეგვიძლია შევტოპოთ ადამიანებმა ისე, რომ ზომიერებას არ გადავაბიჯოთ?
თუ კანტის კატეგორიულ იმპერატივებს გავიხსენებთ, ჩვენი ქმედებები იქამდე იქნება მიზანშეწონილი, სადამდეც ჩვენ ჩავთვლით, რომ მათი უნივერსალურ ქმედებად ქცევა სამყაროსათვის დადებით მოვლენად ჩაითვლება. გამოდის, რომ ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც გვინდა, რომ სხვები (სამყარო) მოგვექცნენ. მაგრამ, ცხადია, რთულია მსგავსი მიდგომით მკვეთრი ხაზი გავავლოთ ამ ქცევათა ზომიერებასა და, ზოგადად, მართებულებას შორის. აქედან გამომდინარე, კანტს ბოდიშის მოხდით უნდა დავემშვიდობო და ვეცადო, სხვათა ნააზრევში ვიპოვო ზომიერებისაკენ მიმავალი გზა.
მივუბრუნდეთ ისევ ადამიანისა და სახელმწიფოს კავშირს და ვნახოთ, სახელმწიფოს, უფრო კონკრეტულად კი, დემოკრატიული საზოგადოების არსებობა, თუ დაგვეხმარება ჩვენი თავსატეხის ამოხსნაში. ერთი შეხედვით, იმისთვის, რომ საზოგადოების ყოველმა წევრმა შევძლოთ თავისუფლების მაქსიმალურად შენარჩუნება ერთმანეთის უფლებრივ სფეროში ჩარევის გარეშე, საჭიროა, სახელმწიფოს, როგორც ძლიერი და ძალაუფლების მქონე სუბიექტის, არსებობა, რათა მან დაარეგულიროს და მიიღოს შესაბამისი ზომები ინდივიდუალური სიკეთეებისა და უფლებების დასაცავად, რაც საბოლოო ჯამში მოგვცვემს საყოველთაო კეთილდღეობაზე ორიენტირებულ საზოგადოებას. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო თავისი არსით ზღუდავს ადამიანებს, რაც სხვადასხვა კანონის არსებობით აიხსნება, კიდევ ერთხელ გვაქცევს ჩიხში - სახელმწიფო თავისი პოლიტიკით, პრაქტიკითა თუ კანონმდებლობით ზღუდავს ადამიანის თავისუფლების ისეთ სფეროებს, რომლებითაც ადამიანთა უფლებები შეიძლება იყოს ხელყოფილი.
მაშ, სად ვხედავთ გამოსავალს? რომელია საუკეთესო მმართველობის ფორმა, საუკეთესო გზა ზომიერების მისაღწევად. ეს კითხვა რომ ციცერონისათვის დაგვესვა, ის ალბათ იტყოდა, რომ ჩვენ არ უნდა ვეძიებდეთ არსებულ წყობილებებში ერთ იდეალურს, არამედ ჩვენ მხოლოდ მათი კომბინაციით შევძლებთ ვიპოვოთ უფრო მეტად ,,მორგებული” საჭიროებებს. შესაძლოა, ჩვენც ასე უნდა ვფიქრობდეთ, არ ვჯერდებოდეთ ერთ კონკრეტულ გზას და ის ცოდნა, რომელიც კაცობრიობამ ჩვენთვის შექმნა და შემოინახა, შეთანხმებაში მოვიყვანოთ; ჩვენც ვიყოთ ზომიერების მაგალითნი და სახელმწიფოსგანაც ველოდეთ იგივეს. მაგრამ, ისე არ გამომივიდეს, თითქოს, ასე მარტივია აქამდე მისვლა. საუკუნეები გავიდა მას შემდეგ, რაც არისტოტელემ ზომიერების საჭიროებისკენ მიგვითითა, საუკუნეები კიდევ გავა, ჩვენ კი ისევ არ გვეცოდინება, როგორ მოვიქცეთ. კითხვა კი ერთი დარჩება: After All This Time?
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.