ENG GEO

Search form

სახელმწიფოს და ადამიანის ურთიერთობა

სახელმწიფოსა და ადამიანის ურთიერთობა დიდ დროს ითვლის, ყოველი შემთვევისთვის იმდენს მაინც, რომ ერთმანეთთან შესადარებელი და განსახილველი სახელმწიფოს ტიპები  მაინც გვქონდეს. თუმცა, ყოველთვის ასე არ ყოფილა და იმ უხსოვარ დროს, როცა სახელმწიფო ჯერ არ არსებობდა,არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ერთმანეთში ხან მშვიდად და ხან არამშვიდად თანაარსებობდნენ. მაშინ ლოგიკურია გაგვიჩნდეს კითხვა, თუ საერთოდ  რატომ გაუჩნდათ ადამიანებს სახელმწიფოს შექმნის სურვილი და რატო არ გააგრძელეს მათ ბუნებრივ მდგომარეობაში ცხოვრება, „ანარქისტულად“, ყველანაირი მართველობის, პოლიტიკური ხელისუფლების ან ნებისმიერი რაიმე სხვა იერარქიული მართველობის გარეშე . ჰობსის მიხედვით, ადამიანები სახელმწიფოს შექმნამდე იმყოფებოდნენ ბუნებრივ მდომარეობაში , ჰქონდათ განუსაზღვრელი პირადი თავისუფლება, რაც იწვევდა „ყველას ომს ყველას წინააღმდეგ“ , პოტენციით სრული განადგურებისა.  მისი აზრით, სწორედ ამიტომ, განადგურების თავიდან ასაცილებლად გაჩნდა სახელმწიფოს შექმნის საჭიროება.  დადეს „საზოგადოებრივი ხელშეკრულება“, თქვეს უარი გარკვეულ უფლებებზე თავიანთი სურვილით  და შექმნეს სახელმწიფო. სახელმწიფო რომლის ვალია საყოველთაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა.  

მიუხედავად იმისა, რომ განვიხილეთ სახელმწიფოს შექმნის ერთ-ერთი თეორია ,  თუ გვინდა რომ ადამიანისა და სახელმწიფოს ურთიერთობაზე ვისაუბროთ, კიდევ შორს უნდა წავიდეთ.  ცხადია, ადამიანი ყოველთვის უკეთესისთვის მიისწრაფვის და სახელმწიფოც ყოველთვის უფრო და უფრო უკეთესი უნდა. ჩვენი ქვეყნის ზოგადი ფონიდან გამომდინარე, კარგიდან საუკეთესოსკენ თუ არა, ცუდიდად ნაკლებად ცუდისკენ  მაინც მივისწრაფვით. და თუ როგორც აქამდე ვახსენე, სახელმწიფოს ვალი უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, ჩვენში ხშირად გაიგებთ ფრაზას შემდეგი შინაარსით: „ ჩემი სახელმწიფო მკლავს“. თუმცა საუკეთესოს გაგება მრავალმხრივია, ახლა კი არისტოტესეული შეხედულება განვიხილოთ. არისტოტელეს აზრით, საუკეთესოა სახელმწიფო, რომელიც უმრავლესობისთვისაა ხელსაყრელი და ხელმისაწვდომი.  მისთვის სახელმწიფოს სიმტკიცის გარანტი საშუალო კლასია, რადგან სწორედ ისინი იცავენ სახელმწიფოს სიმყარეს და არ ჰგვანან მაღალ ფენას, რომლებიც უზნეოები არიან და არც დაბალ ფენას, რომლებიც ბოროტდებიან. ამიტომაც საშუალო ფენა არისტოტელესთვის არის გარატი საუკეთესო სახელმწიფოსი.

საინტერესო იქნება ასევე ჩვენს მიერ უკვე კარგად განხილულ და ნასწავლ ეთიკებს თუ დავუბრუნდებით და განვიხილავთ თუ როგორი იქნებოდა მათი და სახელმწიფოს ურთიერთობა და როგორი სახელმწიფო წარმოედგენიათ მათი თავიანთი მორალური ჭრილიდან გამომდინარე საუკეთესოდ.  დეონტოლოგიური ეთიკის მიხედვით, ცენტრალური იდეა კანტის კატეგორიული იმპერატივებია. კანტს შემოაქვს ასეთი ცნება „ მხოლოდ იმ წესის მიხედვით იმოქმედე, რომელსაც, რომ შეგეძლოს, საყოველთაო წესად აქცევდი“. რაც თავის თავში გულისხმობს, ნაკლებ სუბიექტურობას და მეტად ფართო მასაზე განხილვას.  იმის გათვალისწინებით, რომ კანტის უნივერსალური მორალური კანონები: არ მოიტყუო, არ მოკლა, არ იქურდო, ემთხვევა სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ კანონებსაც, ჩემი აზრით, დეონტოლოგიური ეთიკის წარმომადგენელს მოეწონებოდა დემოკრატიულ   სახელმწიფოში ცხოვრება. თან დამატებით თუ გავითვალისწინებთ კანტის მეორე კატეგორიული იმპერატივს, რომლის მიხედვითაც , ადამიანი უნდა იყოს მიზანი და არა საშუალება.

 ასევე საინტერესო იქნება განვიხილოთ სახელმწიფო, თომა აკვინელის მიერ შექმნილი ბუნებითი სამართლის თეორიის მიხედვით, რომლის ცენტრალური იდეაც ადამიანის თანდაყოლილი, ბუნებრივი მახასიათებლებია, ღმერთის მიერ ნაბოძარი.  აკვინელის აზრით, ადამიანის ბუნება ისეა მოწყობილი, რომ იგი მიდრეკილია კეთილდღეობისკენ და თავს არიდებს ყველაფერს ამის საწინააღმდეგოს. აკვინელის აზრით ამ თანდაყოლილი უფლებების წართმევა ან მინიჭება სახელმწიფოს არ შეუძლია. 

რაც შეეხებათ უტილიტარისტებს, მიუხედავად იმისა, რომ უტილიტარიზმი ლიბერალიზმის საფუძველი იყო, მიჭირს „საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს“ კონცეფციის მიხედვით ჩამოყალიბებული თეორიის წარმომადგენლებზე განვაზოგადო და ვთქვა, რომ მოეწონებოდათ დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება. თუმცა მარტივია დავასახელოთ თუ როგორი იქნებოდა მათთვის საუკეთესო სახელმწიფო.  მოსაწონი ქმედება სახელმწიფოს მხრიდან იქნებოდა, ის რომელიც საერთო „სიკეთის“, ბედნიერების ზრდას შეუწყობდა ხელს. საუკეთესო იქნებოდა სახელმწიფო, სადაც გამიჯნულია სახელმწიფო და ეკლესია, სადაც ეკონომიკური და გამოხატვის თავისუფლებაა.

 ხოლო რაც შეეხება სათაურს, ადამიანისა და სახელმწიფოს ურთიერთობას, ჩემი აზრით, სახელმწიფო თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო გარკვეუწილად გვაქცევს ჩარჩოში და გვიკარგავს შესაძლებლობას კონტროლისა და შეზღუდვების გარეშე ცხოვრებისა, მაინც მგონია, რომ სახელმწიფოს მინიმალური ჩარევა საჭიროა, თუ იგი თითოეული ინდივიდის სიკეთეს ემსახურება და სხვას არაფერს. 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.