ადამიანისა და სახელმწიფოს ურთიერთობა სოციალური კონტრაქტის დამყარებიდან იწყება. პიროვნებები მიხვდნენ, რომ საჭირო იყო კანონები და ის მექანიზმი, რაც მისი მეშვეობით დაიცავდა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. სწორედ ამიტომ, ხალხი ირჩევს მთავრობებს რათა ლეგიტიმურად იმართოს სახელმწიფო.
სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა დაიცვას ხალხის თავისუფლება, ქონება და სიცოცხლე, თუმცა ზოგჯერ ეს ყველაფერი გადამეტებულად არის გაგებული. სახელმწიფოს დამცველობითი ბუნება გადაიქცევა პატერნალიზმად, რომელიც თავაად იქცევა საფრთხედ. როდესაც საქმე სახელმწიფოს მიერ ხალხის მართვას ეხება, გამოიყოფა პოზიტიური და ნეგატიური სამართალი. პოზიტიური სამართლის პირობებში სახელმწიფო აქტიურად ერევა ინდივიდის ცხოვრებაში, რაც ტოვებს იმის შთაბეჭდილებას რომ მას თავისუფლება ეზღუდება. პოზიტიური სამართლისთვის ადამიანი არ განიხილება რაციონალურ არსებად, რომელმაც იცის თუ რა არის მისთვის უკეთესი. ამის განსაზღვრას სახელმწიფო თავის თავზე იღებს და საკუთარ სუბიექტურ მორალურ ღირებულებებს აქცევს სახელმწიფო კანონად. თუკი სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ ადამიანს არ აქვს უნარი თავად განკარგოს საკუთარი ქონება, იგი მის მაგივრად იღებს გადაწყვეტილებებს. იგივე ეხება თვითმკვლელობას. საქართველოშც თვითმკვლელობის მცდელობისთვის დაწესებულია ჯარიმა. ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანია სახელმწიფომ შექმნას ისეთი გარემო-პირობები, რომელშიც ადამიანს არ მოუნდება თავის მოკვლა. თუკი ინდივიდი თავს იკლავს ფულის უქონლობის და უკიდურესი გაჭირვების გამო, სახელმწიფო მას ამისთვის ზედმეტ გადასახადს არ უნდა აკისრებდეს. მისმა „დამცველობითმა“ ხასიათმა შეიძლება უფრო მეტი მოტივაცია მისცეს პიროვნებას ამ ქმედების განსახორციელებლად.
პოზიტიური სამართალი შეგვიძლია დავუკავშიროთ როგორც უტილიტარიზმს, ისე დეონტოლოგიას. თვითმკვლელობა და საკუტარი სიცოცხლის ხელყოფა დეონტოლოგიაში ვერ იქნება გააზრებული კარგ ქმედებად, შესაბამისად ადამიანს არ უნდა მისცე მისი ჩადენის შესაძლებლობა. რაც შეეხება უტილიტარიზმს, პოზიტიური სამართლის მქონე სახელმწიფო ორიენტირებულია რაც შეიძლება მეტი საერთო კეთილდღეობის მიღწევისკენ. თუკი სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ ადამიანის თვითმკვლელობით ან ქონების განკარგვით მცირდება საერთო სარგებელი, იგი ეცდება ამ პრობლემის აღმოფხვრას.
ზემოხსენებული არგუმენტების საწინააღმდეგოდ, ადამიანი დაბადებისთანავე ფლობს უფლებებს, რომელიც ეკუთვნის მხოლოდ მას.( იგულისხმება ყველა კონკრეტული პიროვნება). ამ უფლებების რამენაირად შეზღუდვა, მაშინაც კი თუ გგონია, რომ საბოლოოდ სიკეთეს აკეთებ ვერ იქნება გამართლებული. ეს არის უხეში ჩარევა ადამიანის თავისუფლებაში, საკუთრებაში. სახელმწიფო ამით ხალხს უცხადებს უნდობლობას და ვფიქრობ ასეთი სახელმწიფო მიდრეკილია ტირანიისკენ. სახელმწიფო უნდა წყვეტდეს ქვეყნის დონეზე რა იქნება ხალხისთვის უკეთესი და ცდილობდეს მისი უფლებების დაცვას სხვა ინდივიდებისგან. ადამიანი რაციონალური არსებაა, ხოლო პოზიტიური სამართალი მას ბრბოს ნაწილად აქცევს. პოზიტიური სამართალი სრულიად უპირისპირდება ბუნებით სამართალს. ბუნებითი სამართალი მოიცავს უნივერსალურ ეთიკურ ნორმებს, ხოლო პოზიტიური სამართალი ადამიანების, უფრო ზუსტად კონკრეტული ორგანოს მიერ მოგონილი სამართალია.
ადამიანს ბუნებითი სამართლის თანახმად გააჩნია მორალი და უფლებები, რომელიც მას ეკუთვნის და მასში ჩარევის უფლება არ უნდა ჰქონდეს არც სხვა ადამიანს და არც სახელმწიფოს. პატერნალისტური ხასიათის გამოვლინება ზღუდავს პიროვნების უფლებებს და ამცირებს მის როლს საზოგადოებაში.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.