პატრიოტიზმი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს სამშობლოს მიმართ კეთილგანწყობას, მის სიყვარულს. ცხადია, ადამიანს მორალურად ვერ განვსჯით უბრალოდ იმის გამო, რომ იგი საკუთარი ქვეყნისადმი კეთილგანწყობილია, შესაბამისად პატრიოტ ადამიანზე აპრიორი კარგის ან ცუდის თქმა შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია ამ პატრიოტიზმის გამოხატვის ფორმებზე მსჯელობა.
ბუნებრივია, თუ ადამიანი საკუთარი ქვეყნის ნაკრებს გულშემატკივრობს და მხოლოდ თამაშებზე დასწრებით გამოხატავს თავის პატრიოტიზმს, ის არ აყენებს დილემას - ამაში დიდი პრობლემის დანახვა რთულია, მაგრამ რა მოხდებოდა თუ ადამიანს პატრიოტიზმის გამო სხვა მხრივ ამორალური საქციელის ჩადენა უწევს, მაგალითად, მკვლელობის? დავუშვათ, ქვეყანა მოქცეულია დიქტატორის მარწუხებში და ის მოქალაქეებს უზღუდავს თავისუფლებას, მორალურად გამართლებული იქნება თუ არა მისი მოკვლა ქვეყნის გასათავისუფლებლად?
სანამ უშუალოდ განხილვაზე გადავიდოდე, მინდა რამდენიმე რამ დავაზუსტო, რასაც მთელი მსჯელობისას ვიგულისხმებ. პირველ რიგში, უნდა დავუშვათ, რომ დიქტატორი ძალაუფლებას სხვანაირად არ თმობს, მშვიდობიანი გზით სიტუაციის გამოსწორება შეუძლებელია და ყოველი რევოლუციის მცდელობა მკაცრად დასჯადია, შესაბამისად ის ვარიანტიც, რომ ხალხის ძალით შესაძლებელია სიტუაციის გამოსწორება, ამ მომენტისათვის ვერ განიხილება. ასევე აღსანიშნავია, რომ ალბათ, ბევრისთვის ეს დილემა აუცილებლად პატრიოტიზმთან არც ასოცირდება, მაგალითად, შეიძლება ადამიანი უბრალოდ მერკანტილური მიზნების გამო ჰკლავდეს დიქტატორს, ანუ, არა იმიტომ რომ ქვეყანაზე ფიქრობს, არამედ საკუთარი გადმოსახედიდან გადაწყვიტა, რომ ურჩევნია უფრო თავისუფალ გარემოში ცხოვრება, მაგრამ ჩემი მსჯელობა ამაზე საერთოდ არაა, ამიტომ მინდა ეს ფაქტორი გავაქრო. შეგვიძლია დავუშვათ, რომ ის ამ პრობლემის მეორე მხარესაა და საკუთარ ახლობლებთან ერთად პრივილეგიებით სარგებლობს, შესაბამისად მას არ გააჩნია არანაირი ეგოისტური მიზეზი, მოკლას დიქტატორი. შეიძლება ეს დაშვება ზედმეტად სპეციფიკურად ჟღერს, თუმცა მთავარი ისაა, რომ ამას ეგოისტური მიზეზების გამო არ შვებოდეს, თორემ შეგვეძლო უბრალოდ გვეგულისხმა, რომ მას ეს შეზღუდვები არ აწუხებს, მაგრამ აქ შეიძლება გაჩნდეს დამატებითი კითხვები, რომლებიც უბრალოდ შეგვაფერხებდნენ, ამიტომ წინა ვარიანტი უმჯობესია. ბოლოს კი, მინდა ისიც დავაზუსტო, რომ ამ ადამიანს ამ აქტის ჩადენის მიზეზი არაა უბრალოდ სხვა ადამიანებისადმი სინანულიც - მხოლოდ პატრიოტიზმი.
ახლა კი, დავიყვანეთ რა დილემა პატრიოტიზმის გამო ადამიანის მკვლელობამდე, ანუ პატრიოტიზმის ექსტრემალური გამოვლინების სისწორემდე, მინდა განვიხილო ეს საკითხი სამი სკოლის მიხედვით: უტილიტარიზმის, დეონტოლოგიის და ბუნებრივი სამართლის.
უტილიტარიზმის მიხედვით, უნდა შევადაროთ ამ ორი ვარიანტის მიერ შექმნილი ჯამური კეთილდღეობა ერთმანეთს და ამის მიხედვით გადავწყვიტოთ რომელია უკეთესი. იქიდან გამომდინარე, რომ ეს სწავლება შედეგზეა ორიენტირებული, ძალიან ბევრია იმაზე დამოკიდებული, თუ რამდენად კარგი მმართველია ზემოთხსენებული პიროვნება, ჰყავს თუ არა მას მომხრეები და თუ კი, რამდენი? რეალურად, თუ დიქტატორის ყოფნა ურჩევნია უმრავლესობას მის არყოფნას, გამოდის პატრიოტმა გადაწყვეტილება მიიღო არა თანამემამულეების ინტერესებიდან, არამედ სამშობლოს, როგორც აბსტრაქტული იდეის ინტერესებიდან, ამ შემთხვევაში კი პატრიოტის საქციელს უტილიტარიზმი არ გაამართლებდა. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უტილიტარიზმი მხოლოდ მაშინ მიიჩნევდა მორალურად მართებულად პატრიოტიზმს, თუ ხალხის ინტერესებთან მოვიდოდა თანხვედრაში, რაც ამ მაგალითშიც კი შეიძლება დაირღვეს.
დეონტოლოგიის მიხედვით, ადამიანის მოკვლა არასწორია, რაც არ უნდა იყოს მიზეზი. აქ ერთადერთი რაზეც შეიძლება მსჯელობა ისაა, რომ იქნებ უფრო არასწორია დიქტატორის ცოცხლად დატოვება, თუმცა აქ რთულია მსგავსი მორალური მაქსიმის პოვნა, უნდა დავუშვათ რომ დიქტატორი ქვეყანას ძალიან ცუდ დღეში აგდებს და პირველ კატეგორიულ იმპერატივში გავატაროთ შემდეგნაირად: რა მოხდებოდა თუ ყველა იტყოდა უარს ქვეყნის დახმარებაზე? მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მკვეთრი ფორმულირება მივეცით, მაინც არ ვფიქრობ, რომ მკვლელობაზე უარეს შედეგამდე მივყავართ ამ იმპერატივს, ასე რომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დეონტოლოგიურად ეს აქტი არის არასწორი და პატრიოტიზმი არ გამოდგება მიზეზად.
რაც შეეხება ბუნებით სამართალს, რა თქმა უნდა, მკვლელობა აუცილებლად მორალურად გამართლებული არც აქაა, პირველივე პრინციპს ეწინააღმდეგება, მაგრამ შესაძლოა მაინც გავამართლოთ, თუ 4 პუნქტს დააკმაყოფილებს. აქ მნიშვნელოვანია, გავამახვილოთ ყურადღება მეორე ტესტზე, აქტი შედეგს წინ უნდა უსწრებდეს, ანუ, სულ რომ ვთქვათ, ქვეყნის გადარჩენა იყო აქტი, მაშინაც ვერ გამოვა გამართლებული, თუ ქვეყანას პირდაპირი საფრთხე არ ემუქრებოდა. შეიძლება ითქვას, სხვა შემთხვევაში ქვეყნის გადარჩენადაც ვერ მოვნათლავთ ამ ქმედებას, რადგან სიტყვა “გადარჩენა” უტრირება გამოვა, მაგრამ ეგეთი აბსტრაქტული მიზანი მაინც ვერ იქნება მყისიერი, თუ მაინცდამაინც გენოციდს არ აწყობს და ამ დროს არ კლავ და ამ ვარიანტშიც მოტივი არა პატრიოტიზმი, არამედ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა გამოდის, ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ თეორიულად შესაძლებელია დიქტატორის მკვლელობის გამართლება, თუმცა მიზეზი ყოველთვის იქნება პატრიოტიზმის გარდა რაიმე სხვა, რადგან დიქტატორი უბრალოდ ქვეყნისთვის ცუდს ვერ გააკეთებს ვაკუუმში, რაღაც კონკრეტულ დანაშაულს უნდა ჩადიოდეს და ამის არიდებას ვცდილობთ, ანუ გამოდის, პატრიოტიზმი ერთადერთი გამართლება ვერასდროს იქნება ბუნებრივი სამართლისათვის.
საბოლოოდ, რომ შევაჯამოთ, ცხადია დიქტატორის მკვლელობა პატრიოტიზმის გამო უკიდურესი ზომების მიღების მაგალითად მოვიყვანე და დასკვნა შემდეგია: ის არცერთი მიმდინარეობისთვის არ არის მნიშვნელოვანი დამოუკიდებლად. ანუ, რეალურად, ვერცერთ მსჯელობაში იმას ვერ ვიყენებთ, რომ პატრიოტიზმის გამო ვკლავთ დიქტატორს, თუ იგი უნდა მოკვდეს, უნდა მოკვდეს განურჩევლად იმისა, შენი ქვეყნისაა თუ არა, შესაბამისად, პატრიოტიზმი აქ ვერ იქნება განმსაზღვრელი ფაქტორი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კატეგორიულად არცერთი ეწინააღმდეგება, უბრალოდ სამივეგან საჭიროა რაღაც სხვა კეთილშობილური მიზეზი, რასთან თანხვედრაშიც უნდა იყოს ეს პატრიოტიზმი, თორემ, როგორც ზემოთ ვახსენე, ნაკრების თამაშებზე დასწრებით ქვეყნის სიყვარულის გამოხატვა მორალურად არასწორი ვერ იქნება.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.