ENG GEO

Search form

"Not all private equity people are evil. Only some."

რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება ადამიანის ძირითად თუ  „არაძირითად“ უფლებებს შორის? სიცოცხლის? ჩემი აზრით, არა. როდესაც ამბობთ „სიცოცხლის უფლება“ ეს უკვე თავისთავად უტოპიური ნათქვამია. სიცოცხლეს არ სჭირდება ვინმესგან ლეგიტიმაცია,, ხოლო ადამიანს მითუმეტეს არ სჭირდება მისცენ უფლება იმაზე, რაც ისედაც აქვს. თუ გენიალური ფრანც კაფკა და ორიგინალური იოზეფ კ. გახსოვთ, თქვენთვის ნათელი იქნება, რასაც ვგულისხმობ.

მაგრამ, არსებობს უფლება, რომელიც მნიშნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია ინდივიდისთვის, არამედ იმიტომაც, რომ  მსოფლიოსთვისაა საჭირო. ესაა უფლება, რომელზეც დგას კაცობრიობის მომავალი. იგი ყველაზე დიდი შინაარსის და სარგებლიანობის მატარებელია, როგორც ცალკეული ადამიანისთვის, ისე სახელმწიფოსთვის. მხოლოდ ამ უფლების ფლობის შემდეგ აქვს სხვა დანარჩენ უფლებებს აზრი. ყველაზე დიდი ღირებულება, რაც კი ადამიანმა შეიძლება ამქვეყნად მოიპოვოს და შეინარჩუნოს - თავისუფლება, სწორედ ამ უფლებაზე დგას. და ეს უფლებაა საკუთრება. თუ მეთანხმებით, აუცილებლად წაიკითხეთ ბლოგი ბოლომდე, ხოლო თუ არ მეთანხმებით, ორჯერ წაიკითხეთ.

„საკუთრება კანონების არსებობის შედეგად კი არ წარმოიშვა, არამედ თავად კანონები წარმოიშვნენ საკუთრების არსებობის შედეგად“ ეს ფრედერიკ ბასტიას სიტყვებია, რომლითაც იგი გვეუბნება, რომ კანონი მიზეზი, საწყისი კიარ არის, არამედ მხოლოდ შედეგი. იგი პიროვნებაზე მაღლა არ დგას. და ლოგიკურადაც, რომ შევხედოთ, რატომ უნდა იდგეს? რაში გვჭირდება კანონი, რომელიც ადამიანისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ არ მოქმედებს და ფრანკენშტეინის „მონსტრივით“ შემქმნელის ცხოვრებას ანადგურებს? შესაბამისად, თუ კანონები საკუთრების ფლობას ახლავს თან, მაშინ გამოდის, რომ თუ გვინდა საერთოდ რაიმეს რეგულირება და რაღაც სახის წესრიგის დამყარება, თუ კანონების შემუშავება გვსურს, ჯერ საკუთრება უნდა გაგვაჩნდეს. უსაფრთხოებისა და დაცვის საჭიროება, მაგალითად, ვერ მექნება თუ არაფერს ვფლობ. ე.ი. საკუთრების უფლება არის ის ბურჯი, რომელზეც სხვა უფლებებსა თუ ვალდებულებებს დავამყარებთ.

სწორედ საკუთრების უფლების დაცვას ასახელებდნენ სახელმწიფოს არსებობის მთავარ მიზნად კლასიკური ლიბერალიზმის მამები - თომას ჰობსი და ჯონ ლოკი. მათი აზრით, თუ რაიმე შეიძლება თავისუფლების წყარო იყოს, ეს კერძო საკუთრებაა. მართლაც, რაზე დგას ის „დემოკრატიული და თავისუფალი გარემო“, რომელსაც დღეს ასე ხშირად ვახსენებთ ხოლმე? აუცილებელია, რომ ადამიანი ფლობდეს რაღაცას საკუთრებაში, რათა ძალაუფლების გადანაწილება მოხდეს. რაც უფრო მეტი კერძო საკუთრების მფლობელი გვეყოლება, მით უფრო არაკონცენტრირებული იქნება ძალაუფლება. რაც უფრო არაკონცენტრირებული იქნება ძალაუფლება, მით უფრო დავშორდებით ტირანიას და დავუახლოვდებით დემოკრატიასა და თავისუფლებას. როდის არის ადამიანი თავისუფალი? - როცა თავად წყვეტს გარისკოს თუ არა, სად, როდის და რა ფორმით გააკეთოს ეს; როცა თავად აქვს მონოპოლია თავისივე შრომაზე და ამ შრომის შედეგზე; და, ამავე დროს, პასუხისმგებელია საკუთარ საქციელზე. შესაბამისად, სოციალიზმი, მაგალითად, სრულიად გამორიცხავს თავისუფლებას, ვინაიდან, როდესაც ეკონომიკა გეგმიურია და იგი ვიღაცების მიერ წინასწარ განსაზღვრულ გზას მიუყვება, არ შეიძლება, არსებობდნენ ისეთი ინდივიდები, რომლებიც ამ გზით სიარულზე უარს იტყვიან. ამიტომ, წავართვით ადამიანებს პირადი საკუთრება და იგი საერთო სიმდიდრედ გამოვაცხადეთ. ანუ ისეთ სიმდიდრედ, რომლის განკარგვაშიც ფორმალური მფლობელები სინამდვილეში არ მონაწილეობენ.

გარდა ამ არასასურველი შედეგებისა, რაც საკუთრების უფლების არარსებობის შედეგად დადგება, მეორე მხარეს არის ბენეფიტები, რომელთაც ამ უფლების განხორციელება მოიტანს. კერძოდ, სწორედ საკუთრებაა ის, რაც ქვეყანას ავითარებს. ადამიანებს შორის საკუთრების გადანაწილების გარეშე არ არსებობს კონკურენცია. ეს უკანასკნელი კი უნიკალური საშუალებაა მონოპოლიის გასანადგურებლად, არჩევანის მრავალფეროვნებისთვის, ბაზარზე ფასების რეგულირებისთვის, ხარისხის გაუმჯობესებისთვის. ერთი სიტყვით, როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ასევვე, ცალკეული ინდივიდების პირადი კეთილდღეობისთვის. მაგალითად, საფრანგეთი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო იყო ნაპოლეონ ბონაპარტეს მმართველობის დროს. მას თითქმის მთელს ევრობაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა. თუმცა, ქვეყნის შიგნით სხვაგვარი სიტუაცია იყო: არ იზრდებოდა ეკონომიკა, სამაგიეროდ, მძლავრობდა ინფლაცია, მოსახლეობას სიდუხჭირეში უხდებოდა ცხოვრება. ამ ყველაფრის მიზეზი კი ის იყო, რომ მხოლოდ რამდენიმე, მთავართან დაახლოებული მონოპოლისტი ოპერირებდა ბაზარზე და ყველაფერს ისინი განაგებდნენ.

ხოლო, რაც შეეხება ცალკეული ინდივიდების პირად კეთილდღეობას, რომელიც ზემოთ კონკურენციის შედეგად დავასახელე, ამაზე ჯერ კიდევ ყველაზე ძველმა ლიბერტარიანელმა - ლაო ძიმ თქვა : „არაფერში ვერევი, ხალხი თვითონ მდიდრდება“. როცა, მმართველი კიარა, ბაზარი დაადგენს ფასს, იგი მეტ-ნაკლებად მისაღები იქნება ორივე მხარისთვის. ამასთან, კონკურენცია აიძულებს ადამიანებს გააუმჯობესონ თავიანთი  საქონელი, შესაბამისად, მომხმარებელი უფრო მეტ სარგებელს მიიღებს. მხარეები თავიანთი თავისთვის მომგებიანი გზებით მოახდენენ რეაგირებას გაზრდილ თუ შემცირებულ მოთხოვნაზე ან რესურსების ფასზე. შესაბამისად, ტრანზაქციული ხარჯებიც შემცირდება, ვინაიდან აღარ იქნება საჭირო ხელისუფლებაში ისეთი ინსტიტუტების არსებობა, რომელთაც ამ ყველაფრის თავის თავზე აღება მოუწევდათ.

და ბოლოს, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ რომელიღაც გონს, მოაზროვნეს ან თუნდაც სახელმწიფოს შეეძლოს აბსოლუტურად სწორად განსაზღვროს სად,როდის და ვისთვის რა იქნება მომგებიანი. ან, თუნდაც დავუშვათ, რომ ვიღაცამ მართლაც იცის, ვის რა სჭირდება, ნუთუ მას მუდამ ზუსტად ეცოდინება ისიც, როგორ დაუკმაყოფილოს ეს საჭიროება? ჯერ კიდევ პლატონი ამბობდა, რომ ადამიანის ბუნებისთვის, მათ შორის მმართველისთვისაც, დამახასიათებელია შეცდომები. ყველა შეიძლება შეცდეს. შესაბამისად, არავის შეუძლია განსაზღვროს, სად ჩადოს ინვესტიცია, რომელი საკითხი უფრო პრიორიტეტულია, რაზე უნდა დაიხარჯოს „ბიუჯეტი“ და ა.შ. სხვა სიტყვებით, არ გვაქვს არანაირი საფუძველი სხვას მივანდოთ გადაწყვეტილებები ჩვენი დოვლათის განკარგვაზე, ვინაიდან ისიც ისევე შეიძლება შეცდეს, როგორც ჩვენე. ამიტომ, მეც, ცალკეულ ინდივიდს, მირჩევნია, ჩემი საკუთრება ჩემთვის დავიტოვო.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.