ENG GEO

Search form

საშუალო ადამიანები

თანასწორობა და ‘საშუალოობა’ - ზოგიერთისათვის, ორივე ტერმინი ერთმანეთის სინონიმად შეგვიძლია გამოვიყენოთ, განურჩევლად, რადგან თითოეული მათგანი თავის თავში მოიცავს მეორეს სრულ შესაბამისობას საკუთარ ჭეშმარიტებასთან მიმართებით. ამასთანავე, საშუალოობა, შესაძლოა, იყოს ყველაზე სასურველი მდგომარეობა და პოზიცია სახელმწიფოში, თუმცა მისი რაციონალურობის ხარისხი არაა თავისთავადად განსაზღვრული, როგორც - დადებითი, რადგან ამ ‘პოზიციის’ დადებითობა ცხადად, მხოლოდ გარეშე პირის მსჯელობით გამოიკვეთება - მთავარი სწორედ საშუალო ადამიანის საშუალო პერსპექტივაა, რომელიც წესით და რიგით იმდენად უნდა იყოს გამყარებული, რომ მისი ადგილიდან დაძვრა ვერანაირმა დადებითმა თუ უარყოფითმა ბიძგმა ვერ უნდა მოახერხოს, რადგან ნებისმიერი ამ ტიპის მცდელობა, თუნდაც - უნებლიე, საბოლოო ჯამში, განიხილება, როგორც - არასასურველი; და ეს მსჯელობაც, საშუალოობის იდეალის თავისებურებიდან გამომდინარეობს.

არისტოტელეს თქმით, სახელმწიფოს სურს, რომ იგი შედგებოდეს უმეტესად მსგავსი და თანასწორი მოქალაქეებისგან. სწორედ ეს იქნებოდა საუკეთესო პოლიტიკური წეს-წყობილების შესაბამისი. შედეგად, ჩამოყალიბდებოდა ბუნებრივი შედგენილობა, რომელსაც აუცილებლად დაიცავდა საშუალო კლასი. ერთი შეხედვით, არაა ნათელი, თუ რატომაა ასეთი განსაკუთრებული საშუალოობა, ან რატომ არიან საშუალო ადამიანები, გარკვეული აზრით, ყველაზე ხელსაყრელ მდგომარეობაში? გეტყვიან, რომ კანონმდებელი სახელმწიფოში ყოველთვის ორიენტაციას უნდა იღებდეს საშუალო კლასზე. ამგვარი მსჯელობა (რომელიც, ყველაფერთან ერთად, ‘საშუალოობის’ სამართლიანობის ხიბლს ჩრდილს აყენებს) პოზიტიური განწყობის საფუძველი უნდა იყოს, მაგრამ, მაინც, თითქოს, ეს პოზიცია არც კარგია და არც - ცუდი, შესაბამისად, არც ცალსახად მიუთითებს კმაყოფილების დადებითობის ხარისხზე.

თუმცა, მაინც, პრიორიტეტს ვანიჭებთ საშუალოობას..(?) ის, რაც ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, არის თავად ადამიანის პერსპექტივა: მართლაც სურს თუ არა საშუალო ადამიანს იყოს ისეთი როგორიც არის? საერთოდ, მართლაც არის თუ არა ასეთი და შეუძლია თუ - არა, მსგავს მდგომარეობაში გაჩერება, უძრაობის შენარჩუნება და სტაბილურობის იმიტირება ყველაზე ბუნებრივი ხერხებით?

ამ (აუცილებლობით გამოწვეული) ჰიპოთეტური სურვილის ქონის ლოგიკურობის დასაბუთებას არისტოტელე ‘პოლიტიკაში’ ცდილობს და ამტკიცებს, რომ საშუალო კლასს არც სხვების ავლა-დიდება სურს, როგორც ღარიბებს, არც სხვებს სურთ მათგან რაიმე, როგორც მდიდრებისგან ღარიბებს და რადგან არც მათ სურთ სხვებისა და არც სხვებს სურთ მათი, ამიტომ ისინი მშვიდად ცხოვრობენ. მისი თქმით, ის არის უდიდესი ბედნიერება, როდესაც მოქალაქეებს აქვთ საშუალო, მაგრამ საკმარისი ქონება, რადგან იქ, სადაც ერთ მხარეს აქვს ძალიან ბევრი, მეორეს კი არაფერი, წარმოიშობა ან უკიდურესი დემოკრატია ან სუფთა სახის ოლიგარქია, ანდა ტირანია. ამრიგად, ცხადია, რომ სახელმწიფოს საშუალო ფორმა არის საუკეთესო, რადგან მხოლოდ მასში არ აქვს ადგილი, აჯანყებასა თუ მასშტაბურ უთანხმოებას, დაპირისპირებას, გამომდინარე იქიდან, რომ მასში საშუალო კლასი ჭარბობს.

და მაინც, არსებობენ თუ არა, დღევანდელ სახელმწიფოში, საშუალო ადამიანები? რამდენად რეალურია თვითკმარი სურვილების არსებობის შესაძლებლობა ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე? ამ შემთხვევაში, უფრო სწორი იქნებოდა, გვეკითხა, არსებობენ თუ არა საშუალო ადამიანები პოლიტიკურ პროცესში? და თუ არსებობენ, როგორია მათი ფიქრისა და მოქმედების მექანიზმი? ეს საკითხი, ყველაზე ცხადად იმ მტკიცებას შეიძლება დაუკავშირდეს, რომლის მიხედვითაც საშუალო ადამიანს არ გააჩნია მისწრაფება: არც იმის, რომ უკეთესი დაისაკუთროს, და მეორე მხრივ, არც იმის, რომ უარესი აირიდოს.

ზოგადად, პოლიტიკურ პროცესში სამი კატეგორიის ადამიანები (ამომრჩევლები, პოლიტიკოსები, ბიუროკრატები) ურთიერთქმედებენ. თუმცა, რიგითი მოქალაქის პოზიციას, უშუალოდ ამომრჩევლის მხარე შეესაბამება.

გამომდინარე იქიდან, რომ საქმე საზოგადოებრივი არჩევანის ეკონომიკასთან გვაქვს, პოლიტიკურ პროცესში, როგორც წესი, მოგების მაქსიმიზებისკენ მიმართული სუბიექტები გვხვდებიან. შესაბამისად, ისინი იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მათთვის ყველაზე უფრო ხელსაყრელია. აქედან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ რომელ კლასსაც არ უნდა განეკუთვნებოდეს ადამიანი, მასში გარკვეული მისწრაფება აუცილებლად არსებობს და მისი მიმართულება, ზოგადი სურათის მიხედვით, ყოველთვის ერთნაირია. თუმცა რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი ‘საშუალო’ მდგომარეობაში აღმოჩნდება? ამ შემთხვევაში, პასიურობა გარდაუვალი და აუცილებელი მოთხოვნაა, ხოლო მოგების გაზრდა - წარმოუდგენელი, გამორიცხვადი სურვილი.

‘საშუალო’ ამომრჩეველი, რომელიც, წესით და რიგით, სტანდარტულ სიტუაციაში, მომხმარებლის როლში უნდა იმყოფებოდეს და ‘ყიდულობდეს’ პოლიტიკურ დაპირებებს, მოქმედების ლოგიკას ცვლის. იმის მაგივრად, რომ მისი ქცევა მიმართული იყოს მოგების მაქსიმიზებისაკენ, იგი უძრავია მისწრაფების თვალსაზრისით. შესაბამისად, საშუალო ადამიანის მხრიდან უარყოფილია რაციონალური უვიცობის ეფექტის (გაანალიზებული სურვილი ‘არცოდნისა’) გავლენა და მნიშვნელობა.

უფრო ზუსტად რომ განიმარტოს: როდესაც ამომრჩევლები რომელიღაც პოლიტიკოსს აძლევენ ხმას, მათი მოსალოდნელი სარგებელი გაურკვეველია: მათ არ იციან, მართლაც შეასრულებს თუ არა მათ მიერ არჩეული კონკრეტული პოლიტიკოსი თავის დაპირებას; გარდა ამისა, იმის ალბათობაც ძალიან მცირეა, რომ ეს კანდიდატი მხოლოდ იმიტომ გაიმარჯვებს, რომ მათ (ცალკეულ ინდივიდებად განხილვის შემთხვევაში) მისცეს ხმა. შესაბამისად, მოსალოდნელი სარგებელი არის ფაქტობრივად 0. მაგრამ მოსალოდნელი დანახარჯი შეიძლება იყოს მრავალნაირი (ცუდი ამინდი, რომელიც საარჩევნო უბნამდე მისვლის პროცესს ძალიან არასასიამოვნოს გახდის; სახლში დარჩენის და სხვა ნებისმიერი საქმის კეთების სურვილი და ა.შ.). სწორედ ამიტომ მოქმედებს ამომრჩევლებზე რაციონალური უვიცობის ეფექტი: ისინი აცნობიერებენ, რომ მათი ხმა სავარაუდოდ ვერანაირად ვერ იქნება გადამწყვეტი. უმრავლეს ამომრჩეველს აქვს ნაკლები სტიმული, რომ მიიღოს ინფორმაცია მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე და ალტერნატიულ კანდიდატებზე, რადგან აქ აღწერილი სიტუაცია, მათ არჩევნებზე წასვლის სურვილს უქრობს.

შეიძლება ითქვას, რომ ადამიანები (ამომრჩევლები), ამ შემთხვევაში, სარგებლის მაქსიმიზებისაკენ მიისწრაფიან. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ქმედება აქ ‘არაფრის გაკეთებაა’, რაც ‘საშუალო ადამიანის’ კონცეფციასთან უნდა გვაბრუნებდეს, პოლიტიკურ პროცესში ამგვარი ლოგიკა კვლავ იმისკენაა მიმართული, რასაც არისტოტელე საშუალო კლასთან მიმართებით უარყოფს - სწრაფვა დადებითისკენ, რაც მატერიალურ საზღვრებსაც შეიძლება გასცდეს. ეკონომიკური პროცესების ერთ-ერთი შიდა მახასიათებელი სარგებლის მაქსიმიზების ფენომენია, რომელიც რაციონალური გადაწყვეტილების მიღებასთან ბუნებრივადაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, პოლიტიკურ პროცესზე საუბრისას, ვერ გამოიყვანება სახელმწიფოს საშუალო ფორმა მისი უკიდურესობათაგან და შესაბამისად, მასში საშუალო კლასი კვლავაც უმცირესობას წარმოადგენს, რომელიც მუდმივად დამარცხებული რჩება.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.