ENG GEO

Search form

კანონი - თავისუფლების მტერი თუ მეგობარი?

ადამიანი თავისუფალია განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, რაც მოესურვება, თუკი გარემოება მას ამის საშუალებას აძლევს (თუკი ფიზიკურად შეზღუდული არ არის). ეს არის თავისუფლების ის ფორმა, რომელიც შეიძლება ერთი განმარტოვებით მცხოვრები ინდივიდისთვის მისაღები იყოს, თუმცა როდესაც ადამიანები თანაცხოვრობენ, ქმნიან საზოგადოებას, აქ უკვე მსგავსი ტიპის თავისუფლება საშიში, არაპრაქტიკული და გამოუსადეგარი ხდბა.  თანაცხოვრება გულისხმობს ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებაზე თანხმობას, რაც შეუზღუდავ თავისუფლებას - ყველაფერ იმის კეთებას, რაც მოგესურვება - ცალსახად გამორიცხავს.

იმისათვის, რომ სახელმწიფომ იზრუნოს საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე, უზრუნველყოს ისინი უსაფრთხო გარემოთი, რომელშიც საუკეთესო შესაძლებლობა ექნებათ თვითგანვითარებისთვის, საჭიროა ყოველი ჩვენგანის თავისუფლების გარკვეულწილად შეზღუდვა. ამის საშუალება კი არის კანონი -  განსაკუთრებული წესით მიღებული აქტი, რომელიც არეგულირებს უმნიშვნელოვანეს საზოგადოენრივ ურთიერთობებს.

 შეიძლება რომ ის, რაც რაიმეს ზღუდავს ან არეგულირებს იყოს ამავე რაღაცის მიღწევის საშუალება? ანუ შეიძლება, რომ კანონი ჩავთვალოთ თავისუფლების მიღწევის საშუალებად? თუ პირიქით, ის უნდა მივიჩნიოთ თავისუფლების აღმკვეთ მექანიზმად? ჩემი აზრით, ამაზე პასუხია - კი და არა. გააჩნია კანონსაც.

როდესაც ვსაუბრობთ საზოგადოებაში განხორციელებად თავისუფლებაზე უნდა ვიგულისხმოთ ის მაქსიმალური თავისუფლება, რომელიც თანაცხოვრების პირობებში შეიძლება რომ გაგვაჩნდეს. აქ შემოდის სოციალური კონტრაქტის ცნება, რომელიც იმას მოიაზრებს, რომ სოციალური წესრიგისა და რიგი უფლებების შესანარჩუნებლად, ინდივიდი ნებაყოფლობით თმობს სხვადასხვა თავისუფლებას ხელისუფლების სასარგებლოდ. მსგავსი ნებაყოფლობითი „დათმობები“ ჩვენთვის სასარგებლოა, რადგან ისინი ჩვენსავე სასიკეთოდ მოქმედებენ: უფრო დაცულს ხდის ჩვენს სიცოცხლეს, საკუთრებას და რიგ უფლებებს (მაგრამ არა გარანტირებულს, რადგან არსებული გარეგანი შეზღუდვები ან უმრავლესობათა შეთანხმებები ყველა ადამიანისთვის საერთოდაც არ არის საკმარისი ბარიერი შესაჩერებლად). კანონი, რომელიც მიმართულია ისეთი ქმედებების საპრევენციოდ, რომელიც აზიანებს თითოეული ადამიანისათვის მნიშვნელოვან ღირებულებებს, შეგვიძლია ჩავთვალოთ თავისუფლების განხორციელების საშუალებად - იმად, რაც ადამაინებს სჭირდებათ, რომ განვითარდნენ, გახდნენ უკეთესები და სხვისი ინტერესების დაუზიანებლად მისდიონ საკუთარ ინტერესებს, სურვილებს.

მეორე მხრივ, კანონი შეიძლება საზიანო ან არაფრისმომტანი აღმოჩნდეს საზოგადოებისთვის და მისი თავისუფლებისათვის. აუცილებლობით გამოწვეული გარკვეული რეგულაციებისა და შეზღუდვების დაწესების უფლება ხშირად სახელმწიფოს სათავეში მოქცეულ პირებს ზომიერების შეგრძნებას აკარგვინებს, რასაც იქამდე მივყავარ, რომ კანონი, რეგულაცია შესაძლებელია ადამიანის თავისუფლების მნიშვნელოვან და დაუშვებელ დარღვევადაც კი იქცეს. მაგალითად, დღევანდელ პირობებში ასეთია „კომენდანტის საათი“ - გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, რომელიც ქვეყნის ყველა მოქალაქის თავისუფლებას ეხება, მრავალ კომპანიას და მათ თანამშრომლებს ხელს უშლის პროდუქტიულ მუშაობაში და ამსათან ერთად არ წარმოადგენს პანდემიასთან გამკლავების ეფექტიან საშუალებას. უპირველესად, ის ვერ ასრულებს თვითმიზანს. შემდგომ, ის სასარგებლიანზე მეტად (თუკი ასეთი საერთოდ არის) - უსარგებლოა და რაც მთავარია, არღვევს ადამიანის უმნიშვნელოვანეს  უფლებას. ეს ის ერთ-ერთი შემთხვევაა მრავალთაგან, როდესაც კანონის ძალა ბოროტად არის გამოყენებული სახელმწიფოს მიერ. ისეთ პირობებში, როდესაც მთავრობის ძალაუფლება არაკონტროლირებადია კანონი ხშირად გადაიქცევა ხოლმე ერთპიროვნული ინტერესების განსახორციელებელ იარაღად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმა შეიძლება მრავალგვარი სახე მიიღოს. ის შეიძლება იყოს ინდივიდის თავისუფლების დამცველი მექანიზმი სამართლიანი სახელმწიფოს ფარგლებში ან პირიქით, მისი უფლებების დამაკნინებელი საშუალება ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.