ადამიანებმა კანონები შექმნეს იმისათვის, რომ დაეცვათ მათი უფლებები, საკუთრება და თავისუფლება. დღესდღეისობით არ არსებობს სახელმწიფო, სადაც არ არის ასეთი კანონების ნუსხა, რომელსაც ხალხი ემორჩილება და შედეგად ისინი თავს უსაფრთხოდ და სამართლიანად მოპყრობილად გრძნობენ. ყოველ შემთხვევაში ასე იქნებოდა უტოპიურ რეალობაში, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ მისგან ძალიან შორს ვართ. ალბათ რამდენი რაციონალურად მოაზროვნე ადამიანიც არსებობს, იმდენგვარი გაგებაა თავისუფლების. ამიტომაც შეუძლებელია რაღაც უნივერსალური კანონები ყველას მოთხოვნილებებსა და შეხედულებებს აკმაყოფილებდეს. ასეთი კანონები მრავლად მოიძებნება, ერთ-ერთი საგულისხმო კი ევთანაზიაა. მოკლედ რომ განვმარტოთ, ეს არის პრაქტიკა, რომელიც გამოიყენება მაშინ, როდესაც ადამიანი სენისგან გამოწვეული გაუსაძლისი ტკივილით იტანჯება და მისი გადარჩენის შანზები მიზერულია. ამ დროს ტანჯვის შეჩერების ერთადერთი გზა პაციენტის სიცოცხლის შეწყვეტაა. ამის მრავალი გზა არსებობს, თუმცა მათი განხილვა შორს წაგვიყვანს. მაგრამ ჩემი აზრით, ეს პრაქტიკა პოზიტიურია. ამას სიტყვის წარმომავლობაც მოწმობს. იგი ბერძნული სიტყვებიდან მომდინარეობს ეუ ( კარგი) და თანატოზისი (სიკვდილი). „კარგი სიკვდილი“, გარდაუვალი სიკვდილისა და ტანჯვით დამძიმებული გზის ხელოვნური, მოსწრაფებული დასასრული. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ იდეურად ევთანაზია ადამიანის სასარგებლო ქმედებაა, ის უმეტესობა ქვეყანაში არალეგალურია.
ევთანაზიის ლეგალიზაცია და მასთან დაკავშირებული მორალურ-ეთიკური დილემა და განხილვა დღემდე უამრავ კითხვას აჩენს ისეთ ფილოსოფიურ მოძღვრებებში, როგორიცაა დეონტოლოგია, კონსეკვენციალიზმი თუ სხვა. მაშინ, როდესაც ყველა მათგანი ევთანაზიას სხვადასხვაგვარად უყურებს, რომელი პოზიციაა რეალურად სწორი? არის თუ არა ევთანაზიის დაკანონება მორალურად გამართლებული და უკავშირდება თუ არა ის არჩევნის თავისუფლებას?
ჩემი აზრით, ევთანაზიის დაკანონება არ არის მორალურად გამართლებული. მართალია ის უფრთხილდება ინდივიდის სიცოცხლეს, კრძალავს მის შეჩერებას, თუმცა ამით ეწინააღმდეგება არჩევნის თავისუფლებას. მიმაჩნია, რომ ევთანაზია უნდა იყოს ლეგალური, ხოლო ამ გადაწყვეტილების მიღება ინდივიდუალური და მხოლოდ მორალური კანონით შემოსაზღვრული. შეგვიძლია განვიხილოთ რამდენიმე არგუმენტი იმისა, თუ რატომ იქნება ევთანაზიის ლეგალიზება „სასარგებლო“.
„მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა“, ეს ფრაზა კარგად ერგება ევთანაზიის საკითხს. ნუთუ ცხოვრების ხარისხი გაცილებით მნიშვნელოვანი არ არის ვიდრე მისი ხანგრძლივობა? მაშინ, როდესაც პაციენტი ენითაღუწერელ ტკივილს განიცდის და მისი სიკვდილი მხოლოდ დროის ამბავია, რატომ არ უნდა ჰქონდეს მას უფლება რომ ევთანაზიის მეშვეობით სიმშვიდე დაეუფლოს? უბრალო დამკვირვებლისთვის მარტივი სათქმელია, რომ ჯობს იცოცხლოს, თუნდაც ტანჯვით, რადგან მას წარმოდგენაც კი არ აქვს თუ რას განიცდის ის ადამიანი. სიმართლე რომ ითქვას, არც მე მაქვს, მაგრამ გარკვეულ დონეზე ვცდილობ წარმოვიდგინო და მესმის, რატომაც შეიძლება ადამიანმა არჩევანი ევთანაზიაზე შეაჩეროს. მაშინ როდესაც სიკვდილი გარდაუვალია, კანონის მიხედვით რატომ უნდა გაუხანგრლივო ადამიანს ტანჯვა?
კიდევ ერთ არგუმენტად შეგვიძლია განვიხილოთ მატერიალური მხარე. მოგეხსენებათ, სამედიცინო პროცედურების ღირებულება ძალიან მაღალია, ლიმიტირებულია რესურსები და ადგილები საავადმყოფოში. როდესაც ოჯახს არ აქვს იმის სახსრები, რომ ყოველდღიური, საკმაოდ დიდი გადასახადი იხადოს პაციენტისათვის, რომელიც უბრალოდ ტანჯვაში ატარებს ყოველ წუთს და სიკვდილს ელოდება, რატომ უზღუდავს არჩევნის თავისუფლებას კანონი? შეიძლება საპირისპირო აზრის მქონე ადამიანმა თქვას, რომ თუ არ სურს ან არ შეუძლია ასეთი პაციენტის რჩენა, უბრალოდ წაიყვანოს ის კლინიკიდან და დაელოდოს მის სიკვდილს. მაგრამ ასეთი მორალური გადაწყვეტილების მიღებას ადამიანთა უმეტესობას ურჩევნია გაღატაკდეს.
ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, მართალია ევთანაზიის საწინააღმდეგოდ უამრავი არგუმენტი გამოიძებნება. თუნდაც ის, რომ ის ბუნებითი სამართლის მთავარ მოძღვრებებს ეწინააღმდეგება, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ ის უნდა იყოს ლეგალური. ევთანაზიის არაკანონიერება არის სიცოცხლის შენარჩუნება, არჩევნის თავისუფლების ხარჯზე.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.