ENG GEO

Search form

უკანონო კანონები და უკანონობა

  სახელმწიფო, როგორც ადამიანთა თავისუფლების გარანტი კანონით - იმ შეზღუდვებითა და დაშვებებით, რამაც უნდა უზრუნველყოს მისი არსებობის ლეგიტიმურობა, არღვევს თითოეული ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, ანუ სახელმწიფო მისი წარმოშობიდანვე განწირულია გააცრუოს იმედები და ვერ შეასრულოს პირობა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანარქია გამოსავალია? გვევლინება კი ის თავისუფლების უპირობო გარანტად?

  დღეს სახელმწიფოს არსებობა ახსნილია მისი ფუნდამენტური ფუნქციით, რომ მან დაწესებული კანონებით უნდა დაიცვას ადამიანი, მისი თავისუფლება და ქონება, აღასრულოს სამართალი და დასაჯოს ზემოხსენებული გარანტირებული უფლებების ხელმყოფები. ერთი შეხედვით ფურცელზე დაწერილი ეს დაპირებები საკმაოდ კარგად გამოიყურება და არანირი პრობლემა არ უნდა გამოიწვიოს სახელმწიფოს ამ ფუნქციის შესრულებამ, თუმცა თუ შევხედავთ მსოფლიო ისტორიასა და დღევანდელობას, ცხადად დავინახავთ, რომ კანონის გამოყენებით თავისუფლება გარანტირებული, ხშირ შემთხვევაში, არ ან ვერ არის. ფრედერიკ ბასტიას ხედვით კანონების ლეგიტიმურობა იხსნება სწორედ ზემოხსენებული მიზეზებით, თუმცა ეს შეიძლება გაბათილდეს. როდესაც ქონების ნაწილი გადაეცემა მფლობელისგან სხვა პირს კომპენსაციისა და ანაზღაურების გარეშე, უწოდებს ძარცვას. სახელმწიფო როდესაც გადასახადს ითხოვს პირადი ქონების გარანტიისთვის, თავისუფლებისთვის და ეს სრულყოფილად არ აღსრულდება (ქვეყანაში არაა სრულად აღკვეთილი უკანონო საქმიანობები), ეს ერთგვარი ძარცვა გამოდის და კანონმდებელი ორგანო თავად ხდება კანონდამრღვევი, თავისუფლების შემზღუდავი, რადგან საკუთრების უფლება ადამიანისთვის აბსოლუტური და უმნიშვნელოვანესია, შეიძლება ითქვას, რომ თავისუფლად არსებობისთვისაა საჭირო. შეიძლება ამ პრობლემის მოსაგვარებლად ვენდოთ დემოკრატიას და პოლიტიკური პარტიების ცვლილებებით და კანონმდებლობის რეფორმებით, თუმცა პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მმართველთა ცვლილება პრობლემას არ აგვარებს, ფუნდამენტურად დარღვეული და ყურადღებამოკლებული კანონები თავიანთ ფუნქციას ვერანაირ ასპექტში ვერ ასრულებენ. მაშინ რა არის გამოსავალი? იქნებ ანარქია, კანონების უქონლობა და პირველყოფილური თავისუფლებაა ის რაც გვსურდა ადამიანებს უპირველესი მმართველის არჩევიდან მოყოლებული? ანარქიით გაქრებოდა სახელმწიფოს ფუნქცია და მასთან ერთად მისი პრივილეგიები. აღარ იარსებებდა კანონები, რომლებიც, როგორც უკვე ვთქვი, პიროვნულ თავისუფლებას აკნინებს. სამწუხაროდ ანარქიულ მდგომარეობაში, უკანონობაშიც შეგვხვდებოდა ისეთი პრობლემა, რომელიც ფუნდამენტურად შეეწინააღმდეგებოდა პიროვნულ თავისუფლებას. პირველ რიგში, დღევანდელ სახელმწიფოსთან შედარებით დაუცველი დარჩებოდა სიცოცხლისა თუ ქონების უფლება, რაც უარესობისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა, თუმცა ამის მიუხედავადაც გვხვდება ესეთი პრობლემა: ანარქიაში, სადაც კანონი არ არსებობს, შეიზღუდებოდა თუ არა ისეთი პირების ბუნებითი თავისუფლება, რომლებსაც ენდომებოდათ საკუთარ სანათესაოში, ყველას თანხმობით, კანონის მიღება, რათა უკეთ განეკარგათ ოჯახის მოპოვებული დოვლათი? ან ასეთ „სახელმწიფოში“ ვინ უზრუნველყოფდა მუდმივ ანარქიულ მდგომარეობას?

  სამწუხაროდ დღევანდელი პრობლემა, როცა თავისუფლების გარანტს სახელმწიფო დამახინჯებული კანონებით იძლევა, მარტივად გამოსასწორებელი არ არის და ისეთი მარტივი ხერხები, როგორიცაა უბრალოდ კანონების შეცვლა ან კანონის გაუქმება - არაეფექტურია.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.