თავისუფლება ერთ-ერთია ადამიანის ბუნებითი უფლებებიდან. თუმცა იგი არ არის ადამიანის აბსულუტური უფლება, ანუ გარკვეულ შემთხვევებში დაშვებულია მისი შეზღუდვა. ამას ყველაზე კარგად ხსნის, ალბათ, ყველასათვის ნაცნობი და გაცვეთილი ფრაზა: შენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი. ადამიანებს აბსოლუტური, შეუზღუდავი თავისუფლება რომ ჰქონდეთ, ვერ იარსებებდა საზოგადოება და იქნებოდა მხოლოდ ქაოსი, რადგან მათ ექნებოდათ ყველაფრის ჩადენის უფლება, მათ შორის, მორალურად მიუღებელი ქმედებებისა (ქურდობა, მკვლელობა, წამება და ა. შ.). მსგავსი სიტუაცია რომ თავიდან ავირიდოთ, ერთადერთ საშუალებად კანონის ძალით თავისუფლების შეზღუდვა გვევლინება. თუმცა, ვფიქრობ, ამით არათუ იზღუდება ადამიანის ეს ბუნებითი უფლება, არამედ ამით ხდება იმის უზრუნველყოფა, რომ არ შეიზღუდოს რომელიმე ინდივიდის თავისუფლება სხვის მიერ. აქედან გამომდინარეობს, რომ კანონი თავისუფლების გარანტს წარმოადგენს.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში ადამიანისთვის ერთ-ერთი განსაკუთრებული ფასეულობაა, კანონით დაცულია და ამასთანავე, ზღვარიც აქვს დაწესებული. ყოველი ინდივიდი უნიკალურია. ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ეთნიკური, რელიგიური, სოციალური თუ სხვა კუთხით. ამის გამო, საჭიროა, დაცული იყოს თითოეული ჩვენგანის აზრისა და თვითგამოხატვის უფლება და თავისუფლება. პატივი უნდა ვცეთ მათ შეხედულებებსა და რწმენებს. ამ მხრივ საინტერესოა პრესისა და მედიის დამოკიდებულება ადამიანთა მრავალფეროვანი მსოფლმხედველობების მიმართ.
პრესა და მედია ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ამ სფეროში მომუშავე ადამიანები ზრუნავენ ხალხის ინფორმირებულობაზე ქვეყანაში თუ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა თუ აქტუალურ საკითხებზე. პრესისა და მედიის სიტყვის თავისუფლება კანონითაა დაცული. ეს ბევრ რამეს უზრუნველყოფს. მაგალითად, ამ უფლების არსებობა ხელს უწყობს მოსახლეობისთვის ინფორმაციის დაუფარავად, სწორად მიწოდებას მთვრობის საქმიანობის შესახებ, რაც მოქალაქეებს გადაწყვეტილების მიღებას უადვილებს ქვეყნის მომავალი ხელისუფლების არჩევის დროს. თავისუფლები არიან კრიტიკაშიც და არ აქვთ დაწესებული ცენზურა იმჟამინდელი მთავრობისგან, ეს კი ხელს უწყობს მედიის, როგორც იდეოლოგიური ხელსაწყოს, გამოყენების პრევენციას. თუმცა, გარდა ამ საქმიანობისა, პრესაში თუ მედიაში ხშირად გვხვდება ისეთი სახის შინაარსობრივი მასალა, რომელიც სატირულად გადმოსცემს კონკრეტული პირებისა თუ ეთნიკური, კულტურული, რელიგიური ჯგუფების შესახებ ინფორმაციებს, ხუმრობებს, კარიკატურებსა და ა. შ. როგორ რეაგირებს ამაზე კანონი? სად გადის ზღვარი სიტყვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენას შორის?
2015 წლის 7 იანვარი ერთ-ერთი ტრაგიკული დღეა მსოფლიო ისტორიაში. ამ დღეს ტერორისტული შეტევა განხორციელდა ფრანგულ ჟურნალ “Charlie Hebdo”-ზე. ტერაქტს 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავდასხმის მიზეზად იქცა სატირული ჟურნალის მიერ წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურის გამოქვეყნება და ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. მსგავსი ტერაქტი 2011 წელსაც განახორციელეს მუსლიმმა აქტივისტებმა. ჟურნალის მიერ მათთვის წმინდა ადამიანის კარიკატურის გამოქვეყნება მათი რელიგიური რწმენის შეურაცხყოფად მიიჩნიეს. ტერორისტულ აქტს შემდეგი კვირის ნომრით გამოეხმაურნენ და ყდაზე კვლავ მუჰამედი გამოაქვეყნეს, რომელსაც ხელში დაფა ეჭირა წარწერით “Je suis Charlie” („მე ვარ შარლი“), რომელიც შემდეგ მედიის თავისუფლების სიმბოლოდ იქცა, და სათაურით “All is forgiven” („ყველაფერი მიტევებულია“).
რა თქმა უნდა, მუსლიმების მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტი არავითარ შემთვევაში არ არის გამართლებული, თუმცა როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან სხვისი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ისე, რომ, ამასთან ერთად, არ შევზღუდოთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება? თუ კანონი ჩვენი თავისუფლების ხელშეუხებლობის გარანტიად გვევლინება, როგორ უნდა დარეგულირდეს მისი საშუალებით მსგავსი სიტუაცია? სიძულვილის ენა (გამოხატვის ფორმა, რომელიც აქეზებს, ხელს უწყობს რასობრივ, რელიგიურ შუღლს, ძალადობას უმცირესობათა მიმართ) დაგმობილია და კანონითაც აკრძალულია მისი გამოყენება პრესისა და მედიის მიერ. მასში შედის, მაგალითად, ჰოლოკოსტის უარყოფა. რელიგიური თემატიკა, მართლაც, სენსიტიური საკითხია. შეიძლება, პირდაპირ კონკრეტული რელიგიის წარმომადგენლებს არ მიემართებოდეს სატირული ხასიათის სტატია, თუმცა მათთვის საკრალური ადამიანების გასარჟება მათი რწმენის შეურაცხყოფად მიიჩნიონ. თუ ამ მსჯელობას გავყვებით, ნებისმიერი საჯარო ფიგურის შარჟი შესაძლოა დამამცირებელი აღმოჩნდეს ნებისმიერი ადამიანისთვის და თავად ამ პიროვნებისთვისაც მათი პირადი გრძნობებიდან გამომდინარე. მაშ, ვისი მხარე უნდა დაიჭიროს ამ დროს კანონმა?
ვფიქრობ, ბალანსის მიღება ზომიერებით არის შესაძლებელი. პრესასა და მედიას ვერ შევუზღუდავთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, გარდა სიძულვილის ენის გამოყენებისა. მისი მოვალეობაა ირგვლივ მიმდინარე მოვლენების ასახვა ყველანაირი კუთხითა და დაუფარავად. ეს კი შეუძლებელია კრიტიკისა და ზოგჯერ, სატირის გარეშე. თუმცა, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ისინი ზომიერების ფარგლებში უნდა მოექცნენ, ეს სურვილი კი თავად მათგან უნდა მომდინარეობდეს და არა კანონით რეგულირდებოდეს. რაც შეეხება, საკუთარი რელიგიური გრძნობების ხელშეუხებლობას, ჩემი აზრით, კონკრეტული რელიგიის შეხედულებების კრიტიკა მისაღებია და არ ლახავს ვინმეს რწმენას და თუ ვინმე პირადად შენ ან რომელიმე რელიგიის წარმომადგენლების მიმართ არ ხმარობს სიძულვილის ენას, შენი თავისუფლება არ ილახება.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.