ENG GEO

Search form

“Now that we free ourselves from the terrible shackles of government, it’s time to replace them with something better. The first thing we need is a system of rules that everyone must live by”

თავისუფლების ხსენებაზე ადამიანს ბევრი რამ შეიძლება წარმოუდგეს თვალწინ, რაც მას ბედნიერებას ანიჭებს, მაგრამ ამასთან ახსენდება კანონები, რომლებიც ამ თავისუფლებას ჩარჩოებში აქცევენ და ზღუდავენ, რასაც ერთი შეხედვით, შეიძლება, ნეგატიური დამოკიდებულების გაჩენა მოჰყვეს.
რისთვის არის საჭირო კანონები, როცა ყველას შეუძლია იცხოვროს ბედნიერად და თავისუფლად მათ გარეშე?
თავისუფლება ადამიანებს ბუნებრივად გაგვაჩნია, მაგრამ რა ხდება მაშინ როცა თავისუფლებისკენ სწრაფვაში ხელს სხვისი თავისუფლებისკენ მიმავალი ქმედებები გვიშლის?
სახელმწიფოში სადაც არ არსებობს კანონები მე ვიბრძოლებ ჩემი მიზნებისთვის, მაგრამ რამდენად მორალურ ფორმებს მივმართავ ამისათვის ეს ცალკე საკითხია. საკუთარი თავისუფლების ძალით ადამიანები ცდილობენ თავიანთი მიზნების მიღწევას ნებისმიერი ქმედებით , რითაც ქმნიან ქაოსს და არეულობას, რასაც ცუდ შედეგებამდე მივყავართ. სწორედ ამიტომ შეიქმნა კანონები, ზღვრები, რომლებიც მოგვცემს საკმარის საშუალებას, რომ მივაღწიოთ ჩვენ მიზნებს, მაგრამ ამასთან არ დავაზიანოთ სხვა. ცნობილი ფრაზაც სწორედ ამას მიემართება „შენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი“.
ისტორიის მანძილზე არაერთი მაგალითი არსებობს იმისა, რომ ადამიანებს ესაჭიროებათ სამართალი და კანონები იმისათვის, რომ შეძლონ თანაარსებობა. ადამიანების ინდივიდუალურობის გამო რთულია შეადგინო კანონი, რომელსაც ყველას მოარგებ, ეს რთული მისია კი სახელმწიფოს მმართველ ორგანოებს აკისრიათ. ადამიანებს ჰქონდათ თავისუფლება, მაგრამ საბოლოოდ მივიდნენ დასკვნამდე, რომ თავიანთი თავისუფლების განხორციელებისა და საყოველთაო სიკეთის მისაღწევად ესაჭიროებოდათ კანონები. საყოველთაო სიკეთე თავის თავში მოიაზრებს ყველასათვის თანაბრად სასარგებლო ცხოვრების პირობებს, რაც მიიღწევა და რეგულირდება კანონის საშუალებით. კანონები ადამიანებისგან მოითხოვენ გარკვეულ დათმობებზე წასვლას, შესაბამისად ადამიანები თმობენ თავიანთი თავისუფლების რაღაც ნაწილს, იმისათვის რომ შედეგი ყველასათვის მისაღები და კარგი აღმოჩნდეს, თუმცა თავად კანონის თვითმიზანი არა თავისუფლების შეზღუდვა, არამედ მისი დაცვაა. სინამდვილეში კანონი არ ეწინააღმდეგება ადამიანის თავისუფლებას, არამედ თავისუფლების არასწორად გამოყენება ეწინააღმდეგება კანონს, რასაც მასობრივ არეულობამდე მივყავართ.
ჰობსის „ბუნებით მდგომარეობაში“ ყოფნა, მაგალითია იმ რეალობისა, რომელშიც ადამიანები აღმოჩნდებიან კანონის არარსებობის და შეუზღუდავი თავისუფლების შემთხვევაში. პრობლემის საილუსტრაციოდ მოვიყვან ამერიკული ანიმაციურ სიტქომს “The family guy”, რომლის ერთ-ერთ ეპიზოდში ჩანს ქალაქი, რომელშიც ადამიანება დაამხეს არსებული სახელმწიფო წყობილება იმის გამო, რომ მოეპოვებინათ სრული თავისუფლება, თუმცა შედეგად მიიღეს არეულობა, ბუნტი, სრული ქაოსი და სხვა. რამდენად ირონიულიც არ უნდა იყოს სიტქომის ერთ-ერთი მთავარი გმირი, პიტერ გრიფინი, შუა ქაოსში გამოდის სიტყვით: “Now that we free ourselves from the terrible shackles of government, it’s time to replace them with something better. The first thing we need is a system of rules that everyone must live by”. მის სიტყვას ყველა მხარს უჭერს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები ჰარმონიულად ვერ თანაარსებობენ ერთმანეთის შეუზღუდავ თავისუფლებებთან და ამ დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად კვლავ კანონის აღდგენას ითხოვენ.
საბოლოოდ ვასკვნი, რომ კანონი აუცილებელია თავისუფლებისთვის, მაგრამ ამასთანავე აუცილებელია კანონი აკმაყოფილებდეს იმ მოთხოვნებს, რომლებსაც სამართლიანობა მისგან მოითხოვს. ის უნდა იყოს განჭვრეტადი, თანასწორი, საჯარო და რაციონალური. ამასთან თითოეული ადამიანის მოვალეობაა თვალყური ადევნოს ხელისუფლებას, რათა მან ბოროტად არ გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.