ENG GEO

Search form

Law of greedy

„კანონი გაუკუღმართდა! მასთან ერთად სახელმწიფო სამართლებრივი წესრიგი შეირყვნა. კანონმა არა მხოლოდ დაკარგა თავისი ჭეშმარიტი არსი, არამედ სრულიად საწინააღმდეგო მიზანს ემსახურება. იგი სიხარბის იარაღად გადაიქცა. დანაშაულის შებოჭვის ნაცვლად თავად გახდა იმ ბოროტების წყარო, რომელიც უნდა აღმოეფხვრა!“
                                                                           ბასტია, „კანონი“, 1949

ბასტიამ ჯერ კიდევ 1849 წელს დაწერა „კანონში“, რომ „კანონი არის პიროვნული უფლებების სამართლებრივი დაცვის კოლექტიური ორგანიზების ფორმა“. ნებისმიერი კანონი, ძალა, რომელიც მთავრობის ხელშია, უნდა იყოს გამოყენებული ადამიანის თვითმყოფადობის, თავისუფლებისა და საკუთრების უფლებების დაცვის მიზნით. ამას ემსახურება კანონი, რომელიც იქმნება სწორედ იმისათვის, რომ ზემოთ ნახსენები ადამიანის პიროვნული, დაბადებისთანავე მინიჭებული უფლებები არ შეილახოს. ის რაზეც ბასტია მე-19 საუკუნეში წუხდა დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც მაშინ. სახელმწიფოს მმართველი ძალის გავლენისა და ძალაუფლების ზრდის ერთ-ერთი უმთავრესი იარაღი დღეს კანონი გახდა, რომელიც სრულად კარგავს პირვანდელ სახეს, აღარ ემსახურება საკუთარ მიზანს და პირიქით, „დაწინაურებულ ჯგუფებს“ ხელს უწყობს პიროვნული სურვილების ასახდენად ფეხქვეშ გათელოს საზოგადოების უფლებები და თავისუფლება. კანონი, თავისი არსით, უნდა ემსახურებოდეს თვითმყოფადი, თავისუფალი და საკუთრების მქონე საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელიც მთავრობას და ზოგადად სახელმწიფოს ენდობა, როგორც უსაფრთხო გარემოს შემქმნელ სტრუქტურას. როგორც ნიცშე იტყოდა, ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიზანი ძალაუფლებაა. ამ, ერთი შეხედვით, ბუნებრივი მიზნისკენ სწრაფვა ინდივიდთა რაღაც ჯგუფისათვის დღეს კანონის გაუკუღმართების მეშვეობით ხდება შესაძლებელი, რაც თავად კანონის არსს ეწინააღმდეგება, ამ ინდივიდებს კი შესაძლებლობას აძლევს ჩამოაყალიბონ ისეთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციის ფორმა, რომელშიც თავად ამ ორგანიზაციის რაობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. რა საჭიროა სახელმწიფო, თუკი ის ადამიანის უფლებების, უსაფრთხოების დაცვის ნაცვლად არღვევს მათ?

ადამიანის თვითმყოფადობის, თავისუფლებისა და საკუთრების უფლების დაცვა, ინდივიდის ფიზიკური, ინტელექტუალური და მორალური განვითარება და ამ განვითარების პროცესში უსაფრთხოება გახდა კანონთა საჭიროების მიზეზი, მაგრამ ისტორიას ახსოვს ისეთი მოვლენები, რომლებიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება კანონის სამართლიანად გამოყენებას. ამის მაგალითად თავად ბასტია „კანონში“ ახსენებს მონობას აშშ-ში. “მონობა - ეს არის დაკანონებული ძალადობა თავისუფლებაზე” წერს ის. გარდა თავისუფლებისა მონობის დაკანონება ზღუდავდა თვითმყოფადობასაც, როგორც ინდივიდის დამოუკიდებელი განვითარების, საკუთარი ინდივიდუალურობის აღქმას, ვინაიდან მონა წარმოადგენდა გარკვეულ იარაღს, სამუშაო ძალას, ნივთს, რომელსაც არ გააჩნდა საკუთარი ხმა და არჩევანი.

მსოფლიოში რადიკალური ცვლილებები მასობრივი პანიკას იწვევს. ამ დროს ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ უსაფრთხოების შეგრძნება, რომელსაც წესით, იდეალურ შემთხვევაში, სახელმწიფო უნდა უზრუნველყოფდეს. თუმცა, დამახინჯებული სახელმწიფო და მის ხელში საზოგადოების კეთილდღეობის საწინააღმდეგოდ მოქმედი კანონები უსაფრთხოებისა და ადამიანების დაცვის ნიღაბქვეშ ქმნიან მონობის მსგავს პრეცედენტებს, როცა თავად სახელმწიფოს შემქმნელი საზოგადოება ხდება თავისუფლებაშელახული, კანონის მიმღებთა პირადი ინტერესების, მათი სიხარბის მსხვერპლი, ერთგვარი იარაღი ძალაუფლების მოხვეჭისათვის. ამის იდეალური მაგალითია პანდემია და ვირუსისაგან „თავის დაცვის“ მიზნით მიღებული რეგულაციები. გარდა იმისა, რომ რეგულაციათა უმეტესობა უაზრო, გაურკვეველი მექანიზმებით მოქმედებს, ვერ ხსნის თუ რა გზით იცავს ინდივიდს დაავადებისაგან, ისინი ზღუდავს ადამიანის თავისუფალი გადაადგილების, კერძო ბიზნესის თავისუფალი წარმოების, თავისუფალი შეკრების და სხვა უფლებებს. ეს უკანასკნელი, ალბათ, ყველაზე კრიტიკულია, ვინაიდან იზღუდება პროტესტის გამოთქმის შესაძლებლობა, რომელიც თავად ამ რეგულაციებს შეიძლება ეხებოდეს. ამასთან, „დაწინაურებული ჯგუფები“ თავს უფლებას აძლევენ დაარღვიონ რეგულაციები და ამაზე პასუხი არ აგონ, რადგან თავად არიან კანონის მიმღებნი ან ძალაუფლების მქონენი. „კანონი ბუნებრივი წესრიგის მანიფესტაცია უნდა იყოს: ის სამართლიანია, თუკი ყოველი ადამიანის სიცოცხლეს, თავისუფლებასა და საკუთრებას თანაბრად იცავს, ხოლო უსამართლოა, როდესაც ადამიანების ერთ ჯგუფს სხვების ხარჯზე პროტექციას უწევს“, წერს ბასტია. და თუ ეს ასე არ ხდება, და თუ კანონი ყველაზე თანაბრად არ მოქმედებს და არც ადამიანთა ბუნებით უფლებებს არ იცავს, მაშინ რას ემსახურება იგი...

და მაინც, რა საჭიროა სახელმწიფო, თუკი ის ადამიანის უფლებების, უსაფრთხოების დაცვის ნაცვლად არღვევს მათ?

 



 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.