საიდან გაჩნდა კანონი? რისთვის გვჭირდება ის ან როგორ მოვახერხეთ ადამიანებმა მსგავს აბსტრაქტულ ცნებაზე შეთანხმება და მეტიც, მასზე მთელი რიგი სისტემების დაფუძნება? ამ კითხვებზე უამრავ ადამიანს უფიქრია და მეტ-აკლებად მისი საინტერესოდ ახსნაც უცდია. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ახსნა არის, რომ კანონები ადამიანებმა ერთობლივი ცხოვრების მოსაწესრიგებლად და უსაფრთხოებისთვის შევქმენით. ბუნებითი მდგომარეობის ლოკისეული ახსნაც მსგავსია, რომ თითქოს ადამიანებმა თავისუფლების რაღაც ნაწილი დავთმეთ უსაფრთხოებისთვის და კანონი არსებობს თავისუფლების, სიცოცხლისა და საკუთრების დასაცავად. თუმცა, საინტერესოა, კანონის ძალით ცხოვრების მოწესრიგებამ ხომ არ მიიყვანა საზოგადოებები ფილანტროპულ ტირანიასთან, რეალურად შესაძლებელია კი კანონის ძალით თავისუფლების დაცვა, თუ მხოლოდ ფასადური ჩარევებით ვცდილობთ თავისუფლების ილუზიის შენარჩუნებას?
თავისუფლების განმარტების ან მისი არსებობის ფორმების მრავალი ვერსია არსებობს, როგორებიცაა „პასუხისმგებლიანი თავისუფლება“, „თავისუფლება მანამ სანამ სხვას ზიანს მიაყენებ“, „შეზღუდული თავისუფლება“ და ა.შ. თუმცა, ეს სიტყვა ყველაზე სადად და მარტივად გულისხმობს აკეთო ის რაც გინდა და თავად შეარჩიო ფორმები, ბუნებრივი და ლოგიკური წინააღმდეგობების გარდა, იარსებო შეზღუდვების გარეშე.
ასევე, კანონის არსზე მსჯელობისას, აურაცხელია მის აღწერისა და განმარტების მცდელობები. ყველაზე ტრივიალურად, ესაა წესები, რომლებიც უნდა არეგულირებდეს ადამიანთა ცხოვრებას. წესები ბუნებრივია აბსტრაქციაა, არასდროს უარსებია ხელშესახები ფორმით და ცხადია, რომ ის ადამიანთა წარმოდგენის ნაყოფია. ეს არის ერთგვარი დაშვება, რომელსაც თამაშის ყველა „მოთამაშე“ აღიარებს. მნიშვნელოვანია გავიგოთ, თუ რა არის ზოგადად კანონის ბუნება და არის თუ არა შესაძლებელი კანონმა მართლაც დაიცვას თავისუფლება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კანონის მთავარი დანიშნულებაა დარეგულიროს ადამიანთა თანაცხოვრება. შესაბამისად, კანონი აუცილებლად გულისხმობს რაღაცის აკრძალვას, არაა აუცილებელი რომ ეს აკრძალვა პოპულარული აღქმით ტირანული ხასიათის იყოს. რეალურად, კანონი თავის თავში მოიცავს რაიმეს აკრძალვას, რაზეც მრავალი კლასიკური ავტორის თანახმად, დავთანხმდით საკუთარივე უსაფრთხოების დასაცავად. თუმცა, ხომ არ არის წინააღმდეგობრივი კანონის ბუნება თავისუფლების არსთან. ამ დისკურსში უამრავი ადამიანის არგუმენტი იქნებოდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანები ვიცხოვრებდით მუდმივ შიშში, იქნებოდა „ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ“ ან ადამიანთა ცხოვრება იქნებოდა ხანმოკლე, სასტიკი და მარტოსული. ეს არგუმენტები კარგად წარმოაჩენს, რომ სინამდვილეში საკითხი ეხება არა თავისთავადად არსებულ ცნებას - თავისუფლებას, არამედ კონკრეტულ სიკეთეებს, რომლის სასარგებლოდაც ადამიანებმა არჩევანი გააკეთეს და ეს არჩევანი მოიხსენიება, როგორც თავისუფლების მხოლოდ ნაწილის დათმობა უსაფრთოხებისთვის.
კითხვაზე, თუ რას ვიცავთ რეალურად კანონებით, ბევრი ადამიანის პასუხი იქნებოდა რომ ვიცავთ ფუნდამენტურ ღირებულებებს, მათ შორის თავისუფლებას. თუმცა, რა არის კანონის მოქმედების ქვეშ მოქცეული თავისუფლება, ან რა რჩება მისგან. თავისუფლება, როგორც ასეთი, გულისხმობს თუ არა მის არასრულ ან ნაწილობრივ ფორმებს? არსებობს ე.წ „აბსოლუტური თავისუფლების“ მიღმა თავისუფლების სხვა ფორმა, თუ ყველა სხვა დანარჩენი ადამიანების ილუზიაა თავისუფლებაზე. ადამიანები აბსტრაქტული კონცეფციის - „სოციალური კონტრაქტის“ საფუძველზე ვექცევით დიდ ჯაჭვში, სადაც კოლექტიური უსაფრთხოების და საზოგადოების სიკეთეებისთვის ვთმობთ „თავისუფლების ნაწილს“ მაგრამ ფილოსოფიური აზრით რამდენად შესაძლებელია თავისუფლების ნაწილ-ნაწილ არსებობა და დანაწევრება. შესაძლოა, რომ კანონებით ვიცავთ რიგ სიკეთეებს, კეთილდღეობებს, ან რომელიმე ჯგუფის ინტერესებს, რომელთათვის შესაძლოა „ნაწილობრივი თავისუფლება“ იყოს საჭირო, თუმცა ეს თავისუფლება რეალურად ადამიანების კონკრეტული პრიორიტეტებისთვისაა ღირებული და არა როგორც თავისთავადი ფასეულობა. ფილანტროპული ტირანიის იდეაც, რომელსაც ფრედერიკ ბასტია აღწერს, ნაწილობრივ ამ აზრს ეხმიანება, რომ ადამიანები ყალბი ფილანტროპიის სახით ვქმნით საზოგადოებებს, სადაც, საბოლოო ჯამში, კოლექტიურ ინტერესებზე აპელირებით ტირანია მყარდება. ადამიანები გადასახადებით, ანუ კანონისმიერი ძარცვით, თითქოს კოლექტიურ სიკეთეებს ვუზრუნველყობთ, თუმცა ამავე დროს ნებითვე უარს ვამბობთ თავისუფლებაზე. შესაბამისად, კანონის მიერ თავისუფლების დაცვა ოქსიმორონიც კი შეიძლება იყოს.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.