ENG GEO

Search form

Safety is number one priority

ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტალური საჭიროება არის უსაფრთხო გარემო. ეს მას იმისთვის სჭირდება, რომ განვითარდეს და თავისი ენერგია დახარჯოს ახლის შექმნაში და არა იმაზე ზრუნვაზე, მივა თუ არა იმ დღეს სახლში ცოცხალი.  სოციუმის შექმნის უდიდესი მოტივატორი ზუსტად უსაფრთხო გარემოს შექმნა იყო, შემდეგ კი დიდწილად ეს ფუნქცია სახელმწიფო აპარატმა ითავა. ფაქტობრივად ყველა ქვეყნის უსაფრთხოების უდიდესი ნაწილზე პასუხისმგებელია სახელმწიფო. რა თქმა უნდა ამ უსაფრთოხებას ის განაგებს უსაფრთხოების ინსტიტუტებითა და რაც მთავარია, კანონებით.

            რაც უფრო მეტი დრო გადის, პირადად მე ვამჩნევ, რომ უსაფრთხოების ეგიდით სახელმწიფო სოციუმისთვის უფრო საზიანო ქმედებებს ახდენს, ვიდრე ამის გაძლიერების გარეშე და ზუსტად აქ ჩნდება კითხვა - არსებობს თუ არა ზღვარი, რომლის შემდეგაც დაცვის მიზნით მიღებული აქტები, კანონები და ქმედებები პირადი თავისუფლების შეწირვას იწყებს?

            პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ უსაფრთხოებაში მხოლოდ ფიზიკური დაცვა არ იგულისხმება, აქ შედის, როგორც „მორალური უსაფრთხოება“, რომელიც თავის თავში გულისხმობს სწორი და უსაფრთხო ინფორმაციის მიწოდებას ხალხისთვის და ზოგადად ინფორმაციის გაძლიერებულ გაფილტვრას,  ფინანსური და მრავალი სხვა.

            თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანოთ მაგალითი: წარმოვიდგინოთ 2 ბავშვი, მიახლოებით 10 წლამდე. ერთის მშობელი აძლევს მას უფლებას გარეთ თამაშის, მეგობრებთან დარჩენის, მდელოზე სირბილის და შედარებით მეტ თავისუფლებას არჩევაში, მეორე ბავშვის მშობელი კი მას მუდმივად აკონტროლებს, რომ ის არ გაიქცეს მდელოში, რადგან იქ შეიძლება ის წაიქცეს, ფეხი დაიზიანოს, ანდაც თუ მეგობრებთან ერთად თამაში შეიძლება დასრულდეს რაიმე ინციდენტით, რომელიც ასევე ძალიან ძალიან საშიშია, ამიტომაც გამოდის, რომ მეორე ბავშვი მუდმივად „უსაფრთხოდ“ არის, მშობლებთან ახლოს, არსად არ გადის და ხშირად არ თამაშობს. ასეთი ორი შემთხვევა ხშირად გვხვდება და შემდეგ, ბევრი წლის მერე, ესეთი მშობლების მიდგომა ორივე პიროვნებაზე მოქმედებს. პირველი უფრო დიდი ალბათობით გაიზრდება სოციალურ, გახსნილ და დამოუკიდებელ ადამიანად, ვიდრე მეორე, ვისაც ძალიან დიდი შანსი აქვს, რომ მეტად დამოკიდებულ და საკუთარ თავში ჩაკეტილ პიროვნებად ჩამოყალიბდეს.

            ეს ანალოგია შეგვიძლია ერთი ერთში მოვარგოთ სოციუმისა და სახელმწიფოს. თუ ჩვენ გვექნება ზედმეტად „მზრუნველი“ და ყველაფერში ჩამრევი მმართველი აპარატი, რომელიც ეცდება ყოველი ნაბიჯი გააკონტროლოს, რადგან ასე უფრო „უსაფრთხოა“, მივიღებთ მეორე ს.ს.რ.კ.-ს, რომელმაც მთლიანად გაანადგურა ადამიანის საკუთარი უფლებების განცდა ადამიანში, ის ხალხი კი, ვისაც არ სურდა ყოველი ნაბიჯი ლუპის ქვეშ ყოფილიყო, ან დატოვა ეს სახელმწიფო ან სახელმწიფომ შეწირა. ასევე საზოგადოება ძალიან დაშორდება მმართველ აპარატს და ზოგადად ლეგალურ გარემოს, რადგან უმეტეს შემთხვევაში უფრო მარტივი იქნება არა ლეგალური გზებით რაიმეს მოპოვება (იგივე მოსყიდვით, ქურდობით ან კონტრაბანდით), ვიდრე ლეგალურად და „უსაფრთხოდ“ რაიმეს მიღება.

            უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით მიღებული კანონების გამოყენება ძალიან ხელსაყრელია ავტოკრატიული მმართველობის ფორმებისთვის. დღევანდელი რუსეთის მაგალითზე ძალიან კარგად ვხედავთ, რომ გზების უსაფრთხოების მიზნით დაყენებული კამერები (მოსკოვი გამოირჩევა უსაფრთხოების კამერების რაოდენობით მთელ მსოფლიოში) გამოიყენება, როგორც არასასურველი ხალხის (პოლიტიკური შეხედულებები იგულისხმება აქ) პოვნით და დაჭერით. განათლების და სწავლების რეფორმით, რომელმაც უნდა დაიცვას მიწოდებული ინფორმაციის სისწორე და ჭეშმარიტება, იზღუდება ხალხი, ვინც მმართველი ჯგუფისთვის არასასურველ ინფორმაციას ავრცელებს, იქნება ეს ლიბერალური იდეები თუ კორუფციის შესახებ გამოძიებები. უცხოური ჯაშუშებისგან დაცვის მიზნით მიღებული კანონის მეშვეობით კი შეიძლება მთავარი ოპოზიციური პარტიის სრულიად განადგურება, რაც ზუსტად რამდენიმე კვირის წინ მოხდა ნავალნის პარტიის შემთხვევაში (რამდენიმე კვირა აითვლება 09/05/2021 დან).

უსაფრთხოება არის ძალიან ფართო ცნება, ის ეხება ადამიანის ცხოვრების ყველა

ასპექტს. ზუსტად მისი კომპლექსურებიდან გამომდინარე სრული უსაფრთხოება ვერასდროს ვერ მიიღწევა და ის გზა, რომელიც სახელმწიფომ აირჩია (ესაა რაიმეს აკრძალვა, დავალდებულება) არაფრით არ განსხვავდება ადამიანის უფლებების პირადი დარღვევისგან. მშობელი, რომელიც თავის ბავშვს „უსაფრთხოდ“ აცხოვრებს, რეალურად ძალიან ბევრ რამეს კრძალავს და არ აძლევს მას განვითარების შესაძლებლობას. სახელმწიფო კი მშობელზე უარესია, მას როგორც საკუთარი უფლებების განახევრება შეუძლია ადამიანისთვის, ასევე უსაფრთხოების სახელით ტირანული/ავტოკრატიული რეჟიმის ჩამოყალიბება. ამიტომაც როდესაც საკითხი მიდგება უსაფრთხოება თუ თავისუფლება, არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ უსაფრთხოებას ძალიან მარტივად შეუძლია თავისუფლების შთანთქმა, თავისუფლების დაბრუნება კი გაუსაძლისად გრძელი პროცესია. 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.