ბავშვობაში მუდამ ვინტერესდებოდი სხვადასხვა ზღაპრით, ლეგენდითა თუ მითით და იმის მიუხედავად, რომ დიდ სიამოვნებას მანიჭებდა მათი შინაარსის გაგება და ზოგჯერ დაზუთხვაც კი, უნდა ვაღიარო, რომ მხოლოდ ცოტა ხნის წინ მივხვდი, რომ მათში ჩაქსოვილ იდეებს სწორად ვერ აღვიქვამდი.
ცოტა ხნის წინ გავეცანი პლატონის გამოქვაბულის მითს, რომელშიც სოკრატე აღწერს სცენას, სადაც პატიმრები გამომწყვდეულნი არიან გამოქვაბულში, სრულ სიბნელეში, და წინ არსებულ კედლებზე მხოლოდ გარკვეული ჩრდილების დანახვა შეუძლიათ. ეს ერთადერთი რამ არის, რაც პატიმრებს უნახავთ, ამიტომ მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს არის ობიექტური რეალობა და ერთადერთი ჭეშმარიტება - მხოლოდ და მხოლოდ ბუნდოვანი სილუეტები. მეგობრებთან ამაზე დისკუსიის დროს, ყველანი შევთანხმდით, რომ გამოქვაბულის გარეთ ნეტარი თავისუფლება იმალებოდა. აქამდე მეგონა, რომ ყველაფრის გააზრების სწორი საშუალება ის იყო, რომ სიტუაციები ჩემს თავზე წარმომედგინა და გამეაზრებინა ის, თუ რას ვიფიქრებდი მაშინ, თუ მეც იმ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდი, ამიტომ შევეცადე, აქაც ეს მიდგომა გამომეყენებინა. მაგრამ ჩემდა გასაკვირად, დიდად არაფერი შეცვლილა.
და მაშინ დავფიქრდი, რომ იქნებ, წარმოდგენა არც კი იყო საჭირო. იქნებ, მეც სწორედ იმ გამოქვაბულში ვიყავი გამომწყვდეული, რომელშიც მხოლოდ იმას ვხედავდი, რისი დანახვის უფლებასაც მაძლევდნენ. თუმცა ჩემი სუბიექტური აზრები გვერდზე გადავწიე და შევეცადე, ეს ყველაფერი მთელ სოციუმზე განმეზოგადებინა. არც მათში დამინახავს რაიმე ცვლილება, ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც აქამდე ვხედავდი. უამრავი აზრი მომაწვა თავში და ვცდილობდი, როგორმე გამერკვია, თუ რისთვის/ვისთვის შეიძლებოდა მიმემსგავსებინა გამოქვაბულში არსებული ადამიანების ბორკილები და საბოლოოდ პასუხს მხოლოდ იმ ყავისფერყდიან ქაღალდთა შეკვრაში მივაგენი, რომელსაც კონსტიტუციას ვეძახით. და გაჩნდა კითხვა: მზღუდავს თუ მათავისუფლებს ეს კანონები? და თუ ვფიქრობ, რომ მათავისუფლებს, ეს ჩემი რეალური შეხედულებაა, თუ უბრალოდ იმ ზემდგომ ძალას, რომელიც მე ბორკილებს მადებს, უნდა, რომ ასე ვიფიქრო?
ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად სწორად უნდა გამეგო კანონისა და თავისუფლების მნიშვნელობა, მათი ზემოქმედება ადამიანზე და მათი ისტორიაც, თუმცა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, პასუხების გაცემას ჩემით არ ვცდილობდი. ფილოსოფოსების ნაშრომებს ვეცნობოდი და მეგონა, რომ სხვა ადამიანი დამიჭერდა ხელში ლამპარს, რომელიც მთელ რეალობას სინათლეს მოჰფენდა. დავიწყე ბუნებითი სამართლით და გავიგე, რომ თომა აქვინელისთვის კანონი რაციონალურობაზე დაფუძნებული გარკვეული ტიპის მოწესრიგება იყო, რომელიც მიმართული უნდა ყოფილიყო საერთო სიკეთისადმი. თურმე სოციალური ცხოველი ვყოფილვარ, რომლის მიზანიც დასაწყისშივე განსაზღვრული იყო და მხოლოდ ჩემი ფუნქციის შესრულებაღა მევალებოდა. ამ პასუხმა ვერ დამაკმაყოფილა და შევეცადე, ცოტათი განსხვავებული აზრები მეპოვა. დეონტოლოგიის შესახებ დაწერილ მასალებში კი წავიკითხე, რომ „მხოლოდ იმ წესის მიხედვით უნდა იმოქმედო, რომელსაც, რომ შეგეძლოს, საყოველთაო წესად აქცევდი.“ მაგრამ აქ კიდევ უფრო დავიბენი. კი, მორალური კანონების დაცვა ძალიან სასიამოვნოდ ჩამესმოდა ყურში, მაგრამ თითქოს აქაც ვხედავდი გარკვეულ ხარვეზს. ვერ ვხვდებოდი, რატომ უნდა მემოქმედა ისე, რომ სხვა ადამიანების ქმედებაც ამაზე დამეფუძნებინა და ყველაფერთან ერთად განმესაზღვრა, თუ რა იქნებოდა შემდგომში სწორი ნაბიჯი. ვერ ვწყვეტდი იმაზე ფიქრს, თუ რამხელა პასუხისმგებლობას აკისრებდნენ დეონტოლოგები ერთ უბრალო ადამიანს, რომელსაც თავის გონებაში მთელი მსოფლიოს მოსახელობისთვის უნდა გადაეწყვიტა, თუ როგორ მოქცეულიყო. მას ხომ შემდგომში ეს სერიოზული მისია თავის პაწუკა გულში მყარად და მტკიცედ უნდა შეენახა. თითქოს ისევ ვიგრძენი, თუ როგორ ეხვეოდა ამ ადამიანს მძიმე ბორკილები ყელზე, ხელებსა და ფეხებზე და სადღაც სიბნელეში, გაურკვევლობისა და დაბნეულობის პიკზე მარტოსულს ტოვებდა. შემდეგ გადავედი კონსეკვენციალიზმზე, რომელიც მოქმედების სისწორეს მისი თანმდევი შედეგით განსაზღვრავდა. მაგრამ მე ხომ უკვე ვიცოდი, რომ ცუდი მოქმედებით კარგი ეფექტის მიღწევა გამართლებულად მაინც ვერ მიიჩნეოდა, ამიტომაც აქაც ვერ მივხვდი, თუ როდის უნდა ყოფილიყო კანონები სწორი და სამართლიანი და რა უნდა მოეწოდებინა მას ადამიანებისთვის.
გადავწყვიტე, რომ პასუხები იქ უნდა მეპოვა, სადაც თავდაპირველად მას, ალბათ, არ მივაკითხავდი. ამიტომაც განვმარტოვდი, მშვიდად მოვეწყვე და დავიწყე ფიქრი ამ თემებზე. თავისუფლება ხომ იძულების არარსებობაა, ანუ გამოდის, რომ კანონების არსებობა თავისუფლებას მიზღუდავს? მაგრამ თუ თავისუფლება მეზღუდება და ჩემთვის არსებულ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ღირებულებას ნელ-ნელა ვკარგავ, მაშინ საერთოდ რისთვის მჭირდება კანონები? რაციონალურმა აზროვნებმა გადმომძახა, რომ ეს კანონები საზოგადოებრივი სიკეთეების მისაღწევად იყო საჭირო და სამყაროში მშვიდობისა და წესრიგის შენარჩუნებას მიემართებოდა. მაგრამ თუ ასეა, ე.ი. საზოგადოებრივი წესრიგი და ინდივიდუალური თავისუფლება ერთმანეთს ეწინააღმდეგება? სადღაც შეცდომას ვუშვებდი. მივხვდი, რომ ინდივიდუალურ თავისუფლებას ცალკე მდგომ ცნებად განვიხილავდი და მას არ ვუკავშირებდი სოციალურ ცხოვრებას. შემდეგ უფრო რაციონალურ აზროვნებას მოვუხმე და აღმოვაჩინე, რომ ვერც საზოგადოებრივ წესრიგს ვხედავდი უზენაეს და აღმატებულ ცნებად, რომ მისთვის ყველაფერი მსხვერპლად შემეწირა. რეალურად ადამიანის სურვილებისა და ინტერესების გათვალისწინება უნდა ხდებოდეს საზოგადოების კეთილდღეობის იდეასთან ერთად. თუ მე არ დავაშორებდი ერთმანეთს პიროვნების ინდივიდუალურ თავისუფლებასა და სოციუმის კეთილდღეობას, მაშინ დავინახავდი, რომ შესაძლოა, სწორედ ამ ორის უნიკალური სიმბიოზის დროს წარმოიქმნება ის დიადი ფუნდამენტი, რომელზეც ზემოდან კიდევ უფრო მეტი თავისუფლების დაშენებაა შესაძლებელი.
მგონი, ამაზე ფიქრით ზედმეტად გადავიღალე. ჩემს გონებაში არსებული საიდუმლო ოთახიდან ბორკილებიანი ხელებით მივწვდი იმ მბჟუტავ პაწუკა ლამპარს, რომელიც ჩემი ქვეცნობიერის საწერ მაგიდაზე უნდა დამედგა, რათა მას ჩემთვის ფიქრების წერის პროცესი კიდევ უფრო ლამაზი გაეხადა. შთაგონების მოლოდინში კი ისევ ძველი აღტაცებით დავიწყე რეალობის იმ სილუეტების ყურება, რომელთა უკანაც კიდევ უფრო მშვენიერი იდეები იმალებოდა, მაგრამ, დიდი ალბათობით, მე მათ ვერასდროს ვერ დავინახავდი.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.