Laws: Too much or not enough?!
თანამედროვე სამყაროს ნებისმიერ სახელმწიფოში არსებობს დაწერილი და დაუწერელი კანონების კრებულები, რომელიც წარმოადგენს საზოგადოების ქცევის ზოგად წესს; მისი მიზანია უზრუნველყოს და დაარეგულიროს საყოველთაო წესრიგი და შექმნას რაც შეიძლება მშვიდი გარემო, რომელშიც ადამიანები თავს დაცულად იგრძნობენ. აღნიშნული დეფინიცია კანონისა უნაკლოდ ჟღერს - წესით, აღწერილი მიზანი უნდა გვიქადდეს საყოველთაო სიმშვიდეს, სიხარულსა და ბედნიერებას. თუმცა, სინამდვილეში, კანონების რაოდენობამ და ფორმებმა მსოფლიოში უკონტროლო ხასიათი მიიღო. მის მიზანს ახლა მხოლოდ უსამართლობის პრაქტიკის შემცირება და სამართლიანი გარემოს უზრუნველყოფა აღარ წარმოადგენს, მისი საშუალებით კონტროლდება უზენაეს კანონებს დაქვემდებარებული ქვეყნების მოქალაქეების თითოეული ნაბიჯი, საქციელი, სიტყვა თუ ქმედება.
კანონი, საკუთარი უტოპიური ფესვებიდან დიდი ხანია ამოვიდა და ახლა არა განმათავისუფლებელი, არამედ შემბოჭავი ელფერი აქვს ამ სიტყვას. იქ, სადაც კანონი უზენაესია და შეუვალი, მკაცრად ფორმულირებული და შეუბღალავი, დრომოჭმული და აბსტრაქტული, იმდენად დრეკადი, რომ კორუფციული ძალაუფლების მიერ უმარტივესია მისი მართვა, შეიძლება ისაუბრო თავისუფლებაზე და მართლად გქონდეს ჯანსაღი ამბიცია, სამყაროში ცხოვრობდნენ თავისუფალი, შეუზღუდავი ადამიანები?
საზოგადოებაში არსებობს ტენდენცია, რომ როგორც კი გარკვეული პრაქტიკა არ მოეწონება ვინმეს, ან ჩათვლის რომ არამიზანმიმართულია საზოგადოებისთვის ან მისი რომელიმე ნაწილისთვის, უმალვე მისი აღმოფხვრივ ერთადერთ ჭეშმარიტ გზად მისი კანონისმიერი აკრძალვა მიიჩნევა ხოლმე. ბევრი კანონი და ნაკლები სამართლიანობა საკითხის მთავარ დილემას ბადებს: ზედმეტად ბევრი კანონი გვაქვს თუ არასაკმარისი რაოდენობის იმისთვის, რომ საყოველთაო მშვიდობა დამყარდეს,თანაც დაცული და ხელშეუვალი იყოს ადამიანის, ინდივიდის პირადი თავისუფლება. ხამურაბის „თვალი თვალის წილ“ კოდექსიდან დაწყებული თანამედროვე ლიბერალურ კონსტიტუციებამდე ყველა საზოგადოება ცდილობს კანონები იმგვარად შეაგინონ, რომ ადამიანების ერთგვარი „საერთო მოლოდინი“ გაამართლოს. მაშინ, რა იქნება, თუ კი კანონები აღარ იარსებებს სამყაროში? თავისუფალი და თვითმყოფადი, თვითკმარი საზოგადოება გვექნება, რომლებიც შინაგანი წესრიგის გრძნობით თანაარსებობას შეძლებენ კონტროვერსიალური ღირებულებების ადამიანებთან თუ პირველყოფილ ჯოგს დავემსგავსებით, რომლისგან გაქცევას და თავის მოზღუდვასაც ამდენი ხანია ცდილობს კაცობრიობა?
ამ კითხვებზე კონკრეტული პასუხი, ცხადია, არ არსებობს. მიმაჩნია, რომ როგორც ფრედერიკ ბასტია წერს, კანონი თავისი ჭეშმარიტი ფუნქციებით რომ შემოიფარგლებოდეს, მაშინ თითოეული ადამიანის ინტერესი კანონისადმი ერთნაირი იქნებოდა. რადგანაც ეს თანამედროვე საზოგადოებაში ღირებულებების პოლარული განსხვავებების გამო შეუძლებელია, მაშინ კანონის ფუნქცია მხოლოდ ძალმომრეობითია და საკუთარ პირველად მიზანთან წინააღმდეგობრივიც. ფაქტია, რომ სრული უკანონობა ქაოსს წარმოქმნის საზოგადოებაში, რადგან არ არსებობს სპონტანური წესრიგი, ბუნებითი სამართლის მიხედვით აღქმული შინაგანი მორალები, რომელიც თავად დაარეგულირებს ურთიერთობებს უსამართლობის გრძნობის გარეშე. ის ფაქტი, რომ კანონების რაოდენობის ზრდა სამართლიანობის ხარისხის გაზრდის პირდაპირპროპორციული არაა, საგანგაშოა. Ზედმეტი კანონები, უსასრულო რეგულაციები და აკრძალვები მიუთითებს არა სამართლიანობის ზრდაზე, არამედ სოციუმის ნაკლოვანებებზე. “Whenever in a society there are too many laws, it is a sure sign that that society will die soon”. უკანონოდ საზოგადოება ვერ იარსებებს, ხოლო კანონები თავისუფლების შემზღუდავია(მცირედით თუ მეტად), რასაც სამყაროს უდიდეს პარადოქსამდე მივყავართ.
“The more laws, the less justice”
-Cicero
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.